წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძარში, 31 ივლისს, სარესტავრაციო სამუშაოებისას, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მეთოთხმეტე საუკუნეში შესრულებული წმინდა ნინოს ფრესკა. წმინდანი მეათე საუკუნეში აშენებული ტაძრის სიღრმეში, კედლის ზედა ნაწილზეა გამოსახული. რესტავრაციის პროცესში ჩართული სასულიერო აკადემიის ხატწერა-რესტავრაციის კათედრის გამგის მერაბ ბუჩუკურის თქმით, ნამუშევარს უნიკალურიც შეიძლება ეწოდოს, რადგან შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში თითქმის არ გვხვდება წმინდანის გამოსახულება, მით უმეტეს, სახარებით ხელში.
Your browser doesn’t support HTML5
შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის ბრძანებით 1384-1396 წლებში მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. მერაბ ბუჩუკურის თქმით, კედელზე აღმოჩენილი მხატვრობაც მას ეკუთვნის:
„მნიშვნელოვანია ის, რომ მეთოთხმეტე საუკუნისაა. თანაც, კიდევ უფრო ღირებულია, როცა ვიცით ამ მოხატულობის ავტორი. წლებიც ვიცით, ვიცით მთელი ისტორია- ვინ ჩამოაყვანინა, ვინ წავიდა კონსტანტინოპოლში და ვინ ჩამოიყვანა გამორჩეული მხატვარი. ღირებული იმიტომაც არის, რომ ბიზანტიელი მხატვარი გამოხატავს ქართული ეკლესიის ტაძარზე. არსად წმინდა დედები არ გამოიხატებიან წიგნით ხელში. ამ შემთხვევაში წმინდა ნინო არის წიგნით ხელში. მას აქვს წარწერა „წმინდა ნინო“, რაც ადასტურებს ამას და არ არის ვარაუდი. ეს არის დიდი სიხარული“.
Your browser doesn’t support HTML5
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში გერმანელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, თუმცა ფრესკა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს.
ტაძრის მოძღვრის, მამა თომა კალანდიას თქმით, რესტავრაციის პროცესში, როცა სოკოვან დაავადებებთან ერთად მტვერი გადაიწმინდა, ფრესკა წარწერასთან ერთად გამოჩნდა.
„უშუალოდ სახარებით ხელშია. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ არის მოციქულთა სწორი, მახარობელი ქრისტიანობის და, ამავდროულად, ჩვენს ტაძარზე ბიზანტიელების მიერ ამ ფერწერის გამოხატვა არის აღიარება, რომ წმინდა ნინო ქართველებისთვის განსაკუთრებული წმინდანია, ისევე როგორც წმინდა გიორგი“, - განმარტა მამა თომამ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მერაბ ბუჩუკური სრულფასოვან დასკვნას დადებს, უფრო გაუადვილდებათ იმის თქმა, მოხდება აღმოჩენილი ფრესკის კონსერვაცია თუ აღდგენა.
„კონსერვაციას რომ ექვემდებარება, ფაქტია. ჩვენი კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პოლიტიკაში მთავარი ატრიბუტია - მხოლოდ კონსერვაცია უნდა ჩატარდეს. წარმოჩენილი იქნება, რომ ეს მხატვრობა არსებობდა ამ ტაძარში. აღდგენა არ ხდება ძირითადად. ხდება დაფიქსირება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენამდე მოვიდა“, - განმარტა ნიკოლოზ ანთიძემ.
წალენჯიხის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ატარებს. მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი. ჯამში კი, რეკონსტრუქციისთვის, სავარაუდოდ, 400-450 ათასი ლარი დაიხარჯება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებში სასულიერო აკადემიის სტუდენტები არიან ჩართული.