საქართველოს პარლამენტში იწყება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიზანია შინაური ცხოველების დაცვა და პოპულაციის მართვა.
კანონპროექტი, რომლის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა, ჩვენც წავიკითხეთ ცხოველების მოყვარულ და დამცველ ადამიანებთან ერთად, რომლებიც, წლებია, კანონის მიღებას მოითხოვენ.
ერთ-ერთი მათგანი თინათინ ჭავჭანიძეა - ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე. თინათინი ამბობს, რომ „ამ კანონით, სახელმწიფო, პოპულაციის მართვას ვერ მოახერხებს და ის მათ მასობრივად ხოცვას და, ამავე დროს, პარალელურად, მათ გამრავლებას მოემსახურება“.
რადიო თავისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ მომზადებულ სტატიაში თინათინ ჭავჭანიძემ თქვა, რომ კანონის გარეშე, ვერანაირი მორალი თუ რელიგია ვერ მოაგვარებდა იმას, რომ ხან ადამიანი იყოს ცხოველის მსხვერპლი, ხან კი პირიქით.
ასევე ნახეთ კეთილდღეობა თუ უფლება? თუ ორივე ერთად? - ცხოველი ადამიანის ხელშიცხოველების სხვა გულშემატკივრებთან ერთად, ისიც ინტერესით ელოდა საქართველოს პარლამენტის კანონს.
დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, თინათინ ჭავჭანიძეს მისი შეფასება ვთხოვეთ და ვკითხეთ, არის თუ არა ეს ის კანონი, რომელმაც საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას შინაურ ცხოველთა პრობლემა?
აი, რამდენიმე ხარვეზი, რომელიც "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარემ დაინახა:
დასახელება - სხვა შინაურმა ცხოველებმა რა დააშავეს?
კანონპროექტის მიხედვით, შინაურ ბინადარ ცხოველებში მხოლოდ ძაღლი და კატა იგულისხმება და ეს მაშინ, როცა ეს ჯგუფი გაცილებით დიდია.
„შინაური ბინადარი ანუ კომპანიონი ცხოველის არსში იგულისხმება დიდი ჯგუფი ცხოველებისა, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური და სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მათ შორის არიან თევზები, ზაზუნები, ფრინველები). შესაბამისად, ის, რომ ეს კანონი არეგულირებს მხოლოდ ძაღლების და კატების პოპულაციას, თავიდანვე უნდა იყოს აღნიშნული“.
თავშესაფარი და საშენი ერთად?
თინათინ ჭავჭანიძეს მიაჩნია, რომ საშენის ავტორიზაცია და მონიტორინგი არ შეიძლება დაეკისროს თვითმმართველობაში შექმნილ ყველა ორგანოს, რადგან მათ არა აქვთ შესაბამისი ცოდნა. ახალი კანონით, კერძო თავშესაფარს უფლება ეძლევა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი.
„ეს დაუშვებელია! რადგან ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანს და პოპულაციის მართვის მაგიერ ხდება პოპულაციის ზრდა, თავშესაფარი ვერ იქნება საშენი. თავშესაფრის ფუნქცია ცხოველების გასხვისებაა და არა გამრავლების შემდეგ მათი გაყიდვა... თავშესაფარი ის ადგილია, სად მოხვედრილ ძაღლებსაც სტერილიზაცია უნდა ჩაუტარდეთ. მაგრამ, ამავე დროს, მას შეუძლია თავისივე ტერიტორიაზე საშენი მოაწყოს. ანუ მეტისებს კი გაასტერილებს, მაგრამ თუ აღმოაჩენენ სუფთა ჯიშის ცხოველს, შეუძლიათ, გაამრავლონ და გაყიდონ კიდეც - ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფუნქცია".
თინათინ ჭავჭანიძის აზრით, 20 ლარად საშენის გასაკეთებლად საჭირო ავტორიზაციის დოკუმენტის აღებაც, შესაძლოა, პირდაპირი კორუფციის წყარო გახდეს.
მეზობლების თანხმობა
თინათინ ჭავჭანიძეს სწორად არც ის მიაჩნია, რომ მეზობელს უნდა დაეკითხო, გყავდეს თუ არა შენთვის სოციალური როლის მატარებელი ცხოველი:
"ცხადია, მეზობლები არ უნდა შეწუხდნენ ამით, არ უნდა იყოს დაბინძურებული და ა.შ. თუმცა ყოველთვის გამოჩნდება ისეთი მეზობელი, რომელსაც უბრალოდ არ ესიამოვნება, შენ თუ რამდენიმე ძაღლსა და კატასთან ერთად შეგხვდება. თუ მოუნდება, ის გიჩივლებს ყოველთვის, სამ ცხოველთან ერთად შეხვდები მას ლიფტში თუ მეტთან. და ამას რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ, სამი შინაური ცხოველი მყავს, როგორც კანონი ამას მიწესებს და მეზობელი მაინც შეწუხდა და მიჩივლა. რა უნდა ვქნა?“
ვინღა მიიკედლებს?
ამ კანონით, დაუშვებელია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიკედლება ბაღის და სკოლის, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურების და სასაფლაოს ტერიტორიაზე. აქაც ბევრი კითხვაა:
„ცხოველს იკედლებს ტერიტორიაზე მცხოვრები პირი. სასაფლაოზე ან მეტროპოლიტენში ვინ იკედლებს? სკოლებშიც ჰყავთ მიკედლებული ცხოველები და თუკი არც აგრესიულები არიან და ბავშვებმა იციან მათთან ურთიერთობა, ეს მხოლოდ კარგია მათთვის. სამედიცინო კლინიკების შესასვლელშიც არის მიკედლებული ძაღლები და გაუგებარია, თუკი ეს ძაღლი არ არის აგრესიული, რატომ არ შეიძლება? თითოეულ აკრძალვას უნდა მოჰყვეს დასაბუთება“.
კანონპროექტის მიხედვით, რადგან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, გამოდის, რომ თუ ადამიანს სამი შინაური ცხოველი ჰყავს და მეოთხის მიკედლება სურს (მაგალითად, მიუსაფარი ძაღლის ან კატის და მისი ასე გადარჩენა), ეს მას შეიძლება აღარ გამოუვიდეს.
„ანუ, ისევ და ისევ, ქუჩის ცხოველების პრობლემის ჰუმანურად გადაჭრის გზები ქრება. თუ ამას მიწესებს სახელმწიფო, მაშინ ისიც უნდა ამიხსნას, რა არის ამის მიზეზი. სავარაუდოდ, ეს შემგროვებლების წინააღმდეგ მიმართული ზომაა, თუმცა მსგავსი ფორმით ამის გაკეთებაც არასწორია“.
შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონპროექტის თაობაზე თინათინ ჭავჭანიძის დასკვნაა, რომ ამით მიუსაფარ ცხოველებს წირავენ და მინიმუმამდე დაჰყავთ მათი მიკედლების რიცხვი. სრულ აკრძალვამდე, რაც პირდაპირ არღვევს ევროპულ რეკომენდაციებს:
„მეპატრონეეებს უწესდებათ ისეთი შეზღუდვები და ჯარიმები, რომ ისინი კანონის ამოქმედებამდე სასწრაფოდ გაყრიან ცხოველებს. ეს გაზრდის ევთანაზიების რაოდენობას და ამ ფონზე, თვითმმართველობებში და თავშესაფრებში დაშვებული იაფიანი მომშენებლის გადასახადით აყვავდება გამრავლების ბიზნესი“.
საერთო ჯამში, თინათინ ჭავჭანიძის აზრით, ამ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს ცხოველთა კეთილდღეობასთან - ეს უფრო ბიუჯეტის შევსების მცდელობას ჰგავს.
„უფრო მეტი ადამიანი გააგდებს გარეთ თავის ცხოველს - ეს კანონი ამას წაახალისებს“
ასე ფიქრობს ცხოველთა მოყვარული, ორგანიზაცია „ენიმალ რესქიუ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის შემქმნელი თიკო კვალიაშვილი. ის ასევე ვარაუდობს, რომ თუ კანონი ასეთი სახით მიიღო პარლამენტმა, ის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას მოემსახურება და არა ცხოველების დაცვას.
თიკო, რომელიც თავადაც წლებია კანონის მიღებას მოითხოვს და თითქმის 15 წელია საქართველოში მიუსაფარ ცხოველებს იცავს, 15 თებერვალს, პარლამენტში დაგეგმილ კანონპროექტის პრეზენტაციაზე არ მიუწვევიათ. მასაც სურდა იმ ხარვეზებზე საუბარი, რაც კანონპროექტში აღმოაჩინა. ამ დოკუმენტით მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პოპულაციების მართვა ქუჩის, მიუსაფარი ცხოველების ხარჯზე უნდა მოხდეს.
და გაუჩნდა კითხვაც - რადგან პატრონიანი ცხოველები იქცევიან ხოლმე ძალიან ხშირად ქუჩის ცხოველებად, მათ, ანუ პატრონიანი ცხოველების გამრავლებაზე შეზღუდვა რატომ არ დაწესდა?
- როდესაც საქართველოში უმართავი გამრავლება ისედაც პრობლემაა, რატომ შეუძლია ნებისმიერს 20 ლარად დაარეგისტრიროს საშენი? ანუ რა გამოდის - გადაწყვიტეს, რომ მაინც ვერ ვმართავთ უმართავი გამრავლების პრობლემას კერძო პირებში და მოდი, ბარემ ფულიც დაგრჩესო?
- როდესაც თავშესაფარს აძლევ საშენის და გამრავლების უფლებას, ჰიპერპოპულაციის მართვის რომელ სტანდარტში ჯდება ეს? თავშესაფარი, რომელიც ვალდებული უნდა იყოს ცხოველების პოპულაციის მართვაზე, პარალელურად შესაძლებელია გახდეს ცხოველების „ცეხი“ - ეს რა ლოგიკაა?
- ინფექციურ დაავადებებზე შეტყობინების გაგზავნას რომ ავალდებულებ ვეტერინარულ კლინიკას, ეს, ჩემი აზრით, არის ვეტსაქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა.
მისი აზრით, ევთანაზიის შესახებ კანონის ჩანაწერიც არაერთ უპასუხო კითხვას აჩენს.
„ეს მიუსაფარი ძაღლების გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“ - რას წერენ სოცქსელებში?
ზოგი წერს, რომ კანონპროექტი, რომლის განხილვა ბოლოს და ბოლოს იწყება, საერთო ჯამში, კარგია და მცირე ცვლილებების შეტანის შემდეგ სრულყოფილი იქნება.
ზოგი კი, ვინც დოკუმენტი წაიკითხა, წერს, რომ „ეს კანონპროექტი არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ ქუჩის ცხოველებისთვის.
აი, რამდენიმე ამონარიდი ფეისბუკზე გამართული საჯარო დისკუსიიდან:
"რას უპირებთ ამდენ მიუსაფარ ძაღლს და კატას? სკოლებთან, ბაღებთან, საბავშვო მოედნებთან არაო, აბა, მარსზე უნდა გადაასახლოთ? კანონი მიაღებინეთ ნორმალური. პატრონი ვალდებული იყოს მიხედოს მის ძაღლს და ნუ ყრიან ლეკვებს უმისამართოდ. გადაგდებაზე იყოს სოლიდური ფულადი ჯარიმა. ეს კანონი კი ცხოველების საწინააღმდეგოა და არა დამცავი".
"ეს კანონპროექტი არის პირდაპირ მიუსაფრების წინააღმდეგ მიმართული".
"ქუჩაში მყოფ ძაღლებს რა ბედი ელით? თუ მიკედლება არ შეიძლება, სკვერებში და მასეთ ადგილებში დაუშვებელია, სად მიდიან?"
"ძალიან მძიმე ჟამი გვიდგას. ეხლა ხდება ლუსტრაცია, ვინ გაუწევს მასობრივ ევთანაზიას წინააღმდეგობას. ვინ დაიწყებს მტკიცებას, რომ კარგია კანონპროექტიო".
კიდევ რა წერია კანონპროექტში?
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა თავიანთი ცხოველები 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა დაარეგისტრირონ. აი, რამდენიმე წესი, რასაც ეს კანონპროექტი ადგენს:
ასევე ნახეთ კატისა და ძაღლის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება - რა უნდა იცოდეთ?მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
თუ ცხოველის მეპატრონეს ეს თანხმობა არ ექნება, ის 300 ლარით დაჯარიმდება.
იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც 2025 წლის პირველ ივლისამდე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება.
18 წლამდე ადამიანს ეკრძალება ჰყავდეს "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლი. პატრონმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დამატებითი ცნობები შესაბამისი სასწავლო კურსის გავლაზე, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობა.
კანონპროექტის ავტორებმა დოკუმენტში გამოყვეს ძაღლის 30 ჯიში, რომელიც მიიჩნიეს მომეტებული საფრთხის შემცველად. ამ ჩამონათვალში მოხვდა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, კანე კორსო, დობერმანი.
ასევე ნახეთ როგორ გადაჭრიდა სავალდებულო რეგისტრაცია მიუსაფარი ცხოველების პრობლემასაკრძალულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წელს მიუღწეველი პირისთვის, ასევე, საბრძოლო მიზნებისთვის წვრთნა, გარდა საჯარო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ფუნქციური დანიშნულების ძაღლებისა".
კლინიკას ეკრძალება ისეთი ოპერაციების ჩატარება, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დანიშნულება. მაგალითად, ყურებისა და კუდის დაჭრა, სმენის დაქვეითება, ხმის იოგების გადაჭრა და ა.შ.
ვისი პასუხისმგებლობაა "უპატრონო ცხოველების" გამრავლების მართვა?
კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მუნიციპალიტეტებს - ისინი ვალდებული არიან დაიჭირონ უპატრონო/მიკედლებული ცხოველები, ჩაუტარონ კასტრაცია/სტერილიზაცია, აცრან, დაარეგისტრირონ ბაზებში.
სად შეიძლება ცხოველის გასეირნება?
ძაღლის გასეირნება ღია სივრცეში - ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შეიძლება მხოლოდ ალიკაპით ან საბელით. გარდა ამისა, კანონი ყოველგვარი დათქმების გარეშე კრძალავს ცხოველის შეყვანას:
- საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში;
- სასურსათო მაღაზიებში;
- აფთიაქებში;
- საავადმყოფოებში;
- საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.
მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძაღლის გადაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეკეთება ალიკაპი და საბელი, კატა უნდა იყოს სპეციალურ გადამყვანში.
ასევე ნახეთ სტერილიზაცია საქმეს ვერ შველის - თბილისი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ ჭრისკანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვა ახლა იწყება, წინ სამი მოსმენაა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას და შენიშვნების გათვალისწინებას.
განხილვა ჯერ პარლამენტის კომიტეტებში უნდა მოეწყოს (26 თებერვლიდან) შემდეგ კი მას პარლამენტის სესიაზე გაიტანენ.