ძუძუს კიბოსთან ერთად: მე ვარ. მე ვიქნები

რატომ დაგვთანხმდით ამ ფოტოების გადაღებაზე? უამრავ ქალს ჯერ კიდევ უჭირს ძუძუს კიბოზე, როგორც საკუთარ დიაგნოზზე ხმამაღლა ლაპარაკიც კი - ვკითხეთ მათ, როცა ფოტოსესია დასრულდა.

სხვა ქალებისთვის, გვიპასუხეს მათ - მათთვის, ვინც ახლა მკურნალობს ან წინ ელის ძუძუს კიბოსთან გამკლავება, ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ კიბო არ არის განაჩენი, ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ხვალაც ვიქნებით.

მათი ამბები ერთმანეთისას კიდეც ჰგავს და კიდეც განსხვავდება. ეს ნინოს, ხათუნას, ანას, მანანას, ასმათის ამბებია. ისინი გვიყვებიან იმაზე, თუ როგორია ცხოვრება ძუძუს კიბოსთან ერთად და მის გარეშე.

ამბავი პირველი

გავიფიქრე, ეს ის არ არის, რასაც ვფიქრობ-მეთქი, მაგრამ ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ეს ზუსტად ის იყო. არ მინდოდა ამის დაჯერება, ვფიქრობდი, რომ მე ეს არ შემეხებოდა.

არა უშავს, ეგ ყველას ემართება და მალე გაქრებაო, ერთმა მეგობარმა მითხრა.

2019 წლის აპრილი იყო. მერე მეორე მეგობარსაც ვუთხარი და წამო, სკრინინგ ცენტრში წავიდეთ მაინცო. სიცილ-სიცილით მივედით იქამდე.

თითქმის არაფერი ვიცოდი ამაზე. მხოლოდ ის, რომ ვიღაცას სიმსივნე დაუდგინეს, ვიღაც კიბოთი გარდაიცვალა. როცა შენ არ გეხება, არ ინტერესდები. 39 წლის ვიყავი.

მამოლოგმა თქვა, სახიფათო არაფერი ჩანსო. მაგრამ ექოსკოპიაზე რომ მივედით, იქ უკვე რაღაც უცნაური ლაქები გამოჩნდა. ექიმს თვალებში ვუყურებდი, შეშფოთების პირველი ნიშნებიც მას შევატყვე,. მერე თამარას გავხედე, ჩემს მეგობარს და ახლა მის თვალებში ვცდილობდი პასუხები ამომეკითხა. რაღაც სიტყვები ახსენეს, არ მახსოვს რომლები, მაგრამ ეგ იმის ნიშანი იყო, რომ სხვაგან გადამაგზავნიდნენ.

ანალიზები. ლოდინი. სამწუხაროდ, კიბო გაქვსო.

და ეგ წამები მახსოვს დახშულად. მერე რას ლაპარაკობდა, ეგ გამქრალია ჩემი მეხსიერებიდან. არაფერი მესმოდა. ოთახიდან რომ გამოვედი, მწარედ ავტირდი. ყველაფერი გამოვიტირე და მერე უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, ყველასთვის მეთქვა - მე კიბო მაქვს, ახლა რა ვქნა? დიაგნოზი იყო პირველი სტადია, კარცინომა.

ჯერ ნაწილობრივ ამომკვეთეს. ერთ თვეში კი ძუძუ მთლიანად მომაჭრეს.

მე მხატვარი ვარ და თვეები დამჭირდა, რომ ფუნჯი ისევ ხელში ამეღო.რამდენიმე თვეში კი პირველად დავხატე ჩემი თავი - ძუძუ გარეშე. ამ შეგუებას დიდი დრო დასჭირდა. და დღემდე არ მსიამოვნებს რომელიმე ჩემი თანამშრონელი თუ შემომხედავს ხოლმე. თითქოს მრცხვენია. ვცდილობ, სარკეშიც არ ჩავიხედო ხოლმე. ჯერ ისევ მიჭირს, მაგრამ ვიცი, გაივლის.

ერთი ამბავი ხომ პირველი ელდაა, რომ კიბო გაქვს. და მეორეა - რა უნდა ქნა. საიდან უნდა მოიტანო უცებ, ვთქვათ, 5000 ლარი. მაგ დროს უფულობა უფრო გკლავს, ვიდრე კიბო, რადგან ხვდები, რომ ეს ფული უბრალოდ არსაიდან თავისით არ მოვა... ფეისბუკზე დავწერეთ. და მაშინ მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი ამ დაავადების წინაშე.

ეს ფოტოებიც იმიტომ გადავიღე, რომ სხვა ქალებს, ვინც ახლა მკურნალობენ ან წინ ელით ამ გზის გავლა, ვუთხრა, რომ იბრძოლონ. რომ კიბო მართლა არ არის განაჩენი. და არ არსებობს დიაგნოზი, რომელსაც ვერ დაამარცხებ.

ამბავი მეორე

იცოდა, რომ არსებობს კიბო, რომელიც შორს არის. არსებობს ერთი კიბო, რომელიც ადამიანებს კლავს და მორჩა.

მაგრამ იმ დღეს, როცა მკერდში რაღაც სიმაგრე იგრძნო, გაიფიქრა, რომ იქ რაღაც გაჩნდა.

მშვიდად, დაგეგმილად წავიდა ექიმთან. მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, არასრულწლოვანი შვილებისთვის ეს ამბავი არ გაუმხელია. მეგობარს უთხრა.

ექოსკოპიის შემდეგ უკვე იცოდა პასუხი. თან დამძიმდა, მაგრამ მოეშვა კიდეც - ფიქრობდა, რომ ამით ყველაფერი დასრულდებოდა, სტრესებსაც კიბო გაიყოლებდა. ამ დიაგნოზმა მიახვედრა, რომ თითქოს სიცოცხლეზე ჰქონდა უარი ნათქვამი:

„მგონი, ამ კიბომ მომაბრუნა უკან“.

ექიმისგან რომ გამოვიდა, სანამ მანქანამდე მივიდოდა, ტელეფონში კარცენომა დაგუგლა. და ასე გახდა „კიბოლოგი“, როგორც თავად ამბობს - სადაც შეეძლო და რა ენაზეც შეეძლო, ყველგან და ყველაფერს კითხულობდა.

სიმსივნე ჯერ ერთ ძუძუში გაჩნდა - მოკვეთეს, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია. ერთი წლის შემდეგ - მეორე ძუძუც მოსაკვეთი გახდა და ხელახალი ქიმია დაუნიშნეს.

ალბათ, სამყაროს აღარ ვჭირდებიო. ეს იყო პირველი, რაც მაშინ გაიფიქრა, თითქოს სამყარო შერჩევითი პრინციპით თავისგან აგდებდა. მერე და მერე ამ განცდამ გაიარა.

ყველა შემართული ედგა გვერდით, ყველა ამხნევებდა. როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი კარგად იქნება ფრაზებით. ეს - თავს უქნევდა, მაგრამ თან, რანაირად? ილუზიაში ხომ არ ვარ? ფიქრობდა. ეს ხომ კიბოა, რომელიც არსად მიდის?

დღესაც რომ ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო, ეუბნება, რომ გულწრფელი რეაქცია ყველაფერს სჯობს.

„იმ დღეებში ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ჩემს დიაგნოზს რაღაც პერიოდი არ ვუმხელდი და მაგ სატელეფონო საუბრისას ვუთხარი. ატირდა და გამითიშა. და მივხვდი, რომ ეს გულწრფელი რეაქცია იყო. ეს მერჩივნა“.

ახლა ის ხმამაღლა ყვება თავის კიბოზე - სხვებისთვის.

იცის, რომ ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორც მანამდე, ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალიან ძლიერდები. უბრალოდ, ყველამ თავისი გზა უნდა მოძებნოს.

ამბავი მესამე

1999 წლიდან სულ ამოწმებდა, ხომ არ მოიმატა კვანძების რაოდენობამ. სულ მატულობდა და სულ ბოლოს ორივე მხარეს 12 კვანძი დათვალეს.

ძუძუს კიბო არ იყო მისთვის შორეული და უცხო დაავადება - მის ბავშვობის მეგობარს აღმოუჩინეს და უკვე ყველაფერი იცოდა.

ერთ-ერთი შემოწმებისას ექვსმილიმეტრიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. 42 წლის იყო. მისი შვილი იმ წელს ამთავრებდა სკოლას და დღე-დღეზე ბანკეტი უნდა ჰქონოდა. მეორე სულ 11 წლისა იყო.

ბანკეტმა ჩაიარა და მერე გაამხილა, რომ წინ სიმსივნესთან ბრძოლის დღეები ელოდა. მაშინ წვრილმანებზე დახარჯული ყველა წამი დაენანა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ უნდა ეცოცხლა.

ის პირველი შოკიც 10-15 წუთს გაგრძელდა - დიაგნოზის გაგებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. პირველს მეუღლეს უთხრა - გადაწყვიტეს ყველაფერი ერთად გაევლოთ.

იქნებ ეს კვანძები თავის დროზე უნდა მომეშორებინა, იქნებ ჯობდა! თავის თავზე ბრაზობდა და უცებ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო - თავდაცვის მიზნით, ორივე ძუძუს მოკვეთა გადაწყვიტა.

„ეს არის ძალიან მძიმე მომენტი,ძალიან. დღესაც როცა გადავავლებ ხოლმე თვალს 2011 წლის ზაფხულის ფოტოებს, გული მწყდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასე ჯობდა. მე ჩემ თავს დავუმტკიცე, რომ მაგარი ვარ“.

მერე გაჩნდა პაციენტების ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“, სადაც ათობით ერთი პრობლემის მქონე ადამიანმა მოიყარა თავი და ერთად დაიწყეს ბრძოლა მკურნალობის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. უბრალოდ, გადარჩენაზე. იმედის პოვნაზე. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეძლოს იმკურნალოს.

„მე მინდა, რომ ონკოპაციენტის სიცოცხლე ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახდეს. მინდა, როგორმე დავემსგავსოთ ევროპას. მინდა, აქ შეგვეძლოს ყველას მკურნალობა და არა აქედან გაქცევა.

მე მინდა, რომ ახალგაზრდები თუნდაც ექვს თვეში ერთხელ შემოწმდნენ ძუძუს კიბოზე, იმიტომ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტიაა.

ხშირად ვამბობ, რომ მე კიბო აქვს. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის რეალურად არსად მიდის.

ამიტომ. არასოდეს უნდა დავნებდეთ. არასოდეს“.

ამბავი მეოთხე

იცით, მანამდე როგორი ვიყავი? კედელს გადავდგამდი. ხალისიანი, ენერგიული. კიბო გცვლის. არავინ თქვას, რომ ეს ასე არაა.

არადა, თავიდან უბრალoდ რაღაც ქინძისთავისოდენა ნამცეცი შევამჩნიე. მეორე დღესვე ექიმთან წავედი, გავესინჯე და მითხრეს, რომ არაფერი იყო. 51 წლის ვიყავი. არც კი წარმომედგინა, რომ ჩემამდეც მოვიდოდა.

რაღაც დროის მერე შვილთან წავედი, ბუდაპეშტში და იქ, თამაშისას, შვილიშვილმა შემთხვევით ფეხი მომარტყა. მეტკინა. შევნიშნე, რომ რაღაც გასიებულიც იყო. შინაგანად უკვე რაღაც არ მომწონდა ჩემში. თბილისში დავბრუნდი ისე, რომ უკან წასასვლელი ბილეთი აღებული მქონდა, მაგრამ ექიმთან მაინც წავედი, ვიფიქრე, გავესინჯები-მეთქი.

სიმსივნეა არა? ვკითხე ექიმს, როცა სახე შეეეცვალა.

კი, სიმსივნეა, მიპასუხა.

და შემდეგი ერთი თვე არ მახსოვს. ისეთი შოკი და დეპრესია მქონდა, არავისთვის არაფრის თქმა არ მინდოდა. მარტო დავდიოდი და ვფიქრობდი: ან ყველასთვის უნდა დამემალა ჩემი დიაგნოზი, ან ყველასთვის საჯაროდ მეთქვა. სახლში 84 წლის დედა მელოდა, შვილები. გადავწყვიტე, რომ დამალვის უფლება არ მქონდა.

მაგრამ ბრძოლის გაგრძელების არანაირი სურვილი არ მქონდა. აბსოლუტურად ძალაგამოცლილი ვიყავი, მთელი ის ხანი დედა მოვიწვინე გვერდით და მასთან ხელჩაჭიდებულს მეძინა. თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. არც მკურნალობის დაწყებაზე მიფიქრია. და ერთ საღამოს დედა ცუდად გახდა.

თითქოს ნიშანი იყო - დანებების უფლება არ მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მართლა ცოცხლებსა და მკვდრებს შორის ვიყავი, სადღაც შუა სამყაროში, მაინც წამოვდექი და გავაგრძელე.

სანამ თმა გამცვივდებოდა, ჩემით გადავიპარსე. ლამაზი ჩალმებით დავდიოდი. ქიმიოთერაპიიდან საჯარო ფოტოებს და პოსტებს ვდებდი, ყველაფერი გავხსენი და ამ ემოციით ვიცხოვრე.

ერთი ძუძუ მომკვეთეს, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უმნიშვნელოა სიცოცხლესთან შედარებით. და თან, შენ ხომ ამ ერთი ძუძუს გამო არ უყვარხარ ვინმეს.

ზუსტად დღეს ფეისბუკზე დავდე პოსტი, რომ ყველა კვლევა გავიკეთე და კიბო ჩემთან აღარ არის. დღეს უკვე ვიცი, როგორ არ მქონდა უფლება ხელები ჩამომეყარა. ჯოჯოხეთური გზა გამოვიარე, მაგრამ ადამიანებმა ხელჩაკიდებული მომიყვანეს აქამდე.

არც თქვენ დანებდეთ. ამით არაფერი მთავრდება. ნახეთ, მე ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.

ამბავი მეხუთე

არა. არ შეშინებია, იმიტომ, რომ მშიშარა არასოდეს ყოფილა: ბავშვობაში ბებია „ქვახვრეტიას“ ეძახდა. მაგრამ ეს უსიამოვნო შეგრძნება, რაც ბანაობისას, მისი აზრით გადიდებული ჯირკვლის აღმოჩენისას გაუჩნდა, რატომღაც არ გაქრა. შეიძლება გაციებაა, იცის ჯირკვალმა, მსგავსი აზრები უტრიალებდა.

სამ-ოთხ დღეში სკრინინგ ცენტში წავიდა. თან ნათესავი გოგო გაიყოლა.

ერთმა შეშფოთებულსახიანმა ექიმმა მეორესთან გაგზავნა, მეორემ - მესამესთან. მათგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოსმენილი ფრაზებისგან წინადადება ააწყო და ყველაფერს მიხვდა. ხედავ? უი, ეს რა არის? შეხედე?

ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ნათესავს უთხრა, კიბოაო.

ძუძუს კიბოზე ბევრი არაფერი იცოდა. მხოლოდ მერე ჩაუღრმავდა - მთელი ინტერნეტი ამოატრიალა: თავის დიაგნოზთან დაკავშირებული ყველა შესაძლო სიტყვა თუ სიმპტომი მოძებნა. არ მოსწონდა ეს პროცესი, ერთმანეთზე უარესი უსიამოვნო ცოდნით რომ „მდიდრდებოდა“.

უკვე დასმული დიაგნოზი - კარცინომა, მეორე სტადია, პირველად ქმარს გაანდო.

და მერე მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდიც დაიწყო. ოთხი ჯირკვალი ამოაჭრეს. ძუძუ არ მოუკვეთიათ. ქიმიოთერაპია დასჭირდა. უთმო, უწარმო, უფრჩხილო დადიოდა. ეს მისთვის ყველაზე მძიმე დღეებიც იყო და ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპიც.

„სამსახურშიც ასე დავდიოდი - თავგადაპარსული. ფრთხილებზე „ლეიკოები“ მქონდა დაკრული, რომ ტანსაცმელზე არ გამომდებოდა, სულ მტყდებოდა. ძალიან ცხელოდა იმ ზაფხულს და ვერც პარიკს ვხმარობდი და ვერც თავზე ვიხურავდი რამეს“.

ქიმიოთერაპიის ექვსი სეანსის მერე კიბომ უკან დაიხია. მერე კი საერთოდ გაქრა. ახლა კონტროლი ექვს თვეში ერთხელ უწევს, მაგრამ სიფრთხილის გამო, სამ თვეში ერთხელ მოწმდება.

იმ დღეებში, ყველაზე დიდი იმედგაცრება ის იყო, რომ 3500 ლარიანი ოპერაცია სახელმწიფომ მხოლოდ 295 ლარით დაუფინანსა. სწორედ ამ ამბის მერე გადაწყვიტა, ყველაფერი საჯაროდ დაეწერა. თავის კიბოზეც, სირთულეებზეც, სახელმწიფოს როლზეც. მოკლედ, ყველაფერზე. ფეისბუკპოსტმა გაჭრა - მეორე დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან შეუთვალეს, წერილი დაწერეო და ფულიც მალე ჩაურიცხეს. ამ საჯაროობამ სხვა ადამიანების სოლიდარობაც მოიტანა. სრულიად უცნობი ხალხი ეხმარებოდა.

და მაშინ მიხვდა, რომ არც დანებების უფლება ჰქონდა და არც წესები უნდა დაერღვია. ექიმს უთხრა, თუ საჭირო გახდებოდა, ორივე ძუძუ მოეკვეთათ, მაგრამ ეს საჭირო არ გამხდარა.

„ის ექვსი-შვიდი თვე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარი სხეულიდან გამოსული ვიყავი, ამ ასმათს ვაკვირდებოდი და არც ერთი შეცდომის დაშვების უფლებას არ ვაძლევდი“.

სხვებს რას ეტყოდა? ერთი გამოწერილი ფრაზა ყველასთვის არ გამოდგება, რადგან ქალები, ვინც ძუძუს კიბოს წინაშე დგანან, ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ამბობს ასმათი. მაგრამ არის ერთი რჩევა, რომელიც სულ თავში უტრიალებს - საკუთარი თავი შეიყვარონ და ასე შეყვარებულებმა აკეთონ ყველაფერი.

„რადგან თუ შენი თავი არ გეყვარება, ვერც სხვას დააფასებ. მე ვმკურნალობ ჩემ თავს იმიტომ, რომ მე არა ვარ ეგოისტი.

იმიტომ, რომ ჩემი ავადმყოფობით არავინ შევაწუხო.

იმიტომ მინდა კარგად ვიყო, რომ სხვა არ შეწუხდეს“.

ყველა ამბავი

Your browser doesn’t support HTML5

5 ამბავი ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებზე