საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები აგრძელებენ ბრძოლას ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის, გადასაყენებლად. სპორტსმენები 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მივიდნენ ქევხიშვილისთვის მწვავე შეკითხვების დასასმელად, მაგრამ დიალოგი არ შედგა და სხდომა ხუთიოდ წუთში დატოვეს.
ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტებს მოლაპარაკების მაგიდასთან უხმობს ერთპიროვნულ მმართველობასთან, ნეპოტიზმსა და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასაუბროდ. კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ინიციატივით კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ფედერაციიდან სადავო საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა და დასკვნას რამდენიმე დღეში გააკეთებს.