ევროპის ძიუდოს კავშირი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ მცველის სერხიო რამოსის მიერ „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰისთვის მიყენებულ ტრავმას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა.
რას ფიქრობთ ამაზე? - კითხულობს ევროპის ძიუდოს კავშირი და იქვე დასძენს: ძიუდოში იღლიის ქვეშ ხელის დაჭერით შესრულებული მტკივნეული ილეთი აკრძალულია, მით უმეტეს, ნე-ვაზაში გადასვლისას.
ძიუდოისტებმა ტრავმის მომენტის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნეს და ზედ წააწერეს, რომ ილეთი, რომელიც ძიუდოში აკრძალულია, საკმაოდ კარგია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართა. „რეალმა“ „ლივერპულს“ 3:1 მოუგო და ზედიზედ მესამედ გახდა ლიგის ჩემპიონი. გარდამტეხი კი სწორედ ის ეპიზოდი აღმოჩნდა, როდესაც ბრიტანელთა მთავარმა მეგოლემ რამოსთან ორთაბრძოლის შემდეგ ტრავმა მიიღო და მინდორი ვადაზე ადრე დატოვა.