ძვირად ღირებული ნაგავმზიდები და დაბინძურებული სოფლები კახეთში

ნაგავსაყრელი კახეთში

როგორ მუშაობენ კახეთში 2016 წელს სესხით ნაყიდი ნაგავმზიდი თვითმცლელები? რეგიონის ზოგ სოფელში საავტომობილო გზები და ხევები კვლავ ნარჩენებით არის სავსე. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ სოფლებში მხოლოდ ცენტრალურ უბნებში დგას ნაგვის შემგროვებელი კონტეინერები, ამიტომ მოსახლეობა ნარჩენებს ქუჩაში ყრის. კონტეინერების ნაკლებობას ადასტურებენ თელავის მერიაშიც, თუმცა მოსახლეობის დაბალ ცნობიერებაზეც მიუთითებენ. ნარჩენების ქუჩაში დაყრა კანონით იკრძალება. რატომ არ აჯარიმებენ კანონდამრღვევ მოქალაქეებს?

Your browser doesn’t support HTML5

ძვირად ღირებული ნაგავმზიდები და დაბინძურებული სოფლები კახეთში

ნარჩენების მართვის პრობლემები კახეთში

  • ორი წლის წინ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანი სესხი აიღო და ორ-ორი, ზოგან კი სამი ნაგავმზიდი თვითმცლელი ავტომობილი იყიდა.
  • კახეთში ბევრ ადგილზე სპეციალური ბანერია განთავსებული, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს, სთხოვს ან მოუწოდებს, რომ კონკრეტულ ადგილზე ნარჩენები არ დაყარონ.
  • თვითმმართველობებს შეუძლიათ კანონდამრღვევები დააჯარიმონ, თუმცა მოქალაქეები კანონს ღამის საათებში არღვევენ და ასეთი ფაქტების გამოვლენა ჭირს.
  • ნარჩენების ქუჩასა და ხევებში დაყრა კანონით აკრძალულია.

ორი წლის წინ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანი სესხი აიღო და 2-2, ზოგან კი 3 ნაგავმზიდი თვითმცლელი ავტომობილი იყიდა. თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან“ ნასესხები ფული 150 ათას ევროზე ნაკლები არ არის. ამ თანხითვე შეიძინეს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები. ახალ ნაგავმზიდებსა და კონტეინერებს, რომლებიც ქალაქებთან ერთად სოფლებშიც განთავსდა, ნარჩენების გატანის პრობლემა უნდა მოეგვარებინა, თუმცა ირკვევა, რომ, მაგალითად, თელავიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფლებში - შალაურსა და კისისხევში - ნარჩენები კვლავ ცენტრალური გზის ნაპირებსადა ხევებში ყრია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სოფლებიდან ნარჩენები კვირაში ორჯერ გააქვთ, რაც არასაკმარისია:

„ნაგვის ურნები კი არის, მაგრამ მანქანა კვირაში ორი დღე დადის და ეს არ არის საკმარისი. მოსახლეობა ნარჩენებს ქუჩაში მაინც ყრის. ცუდ დღეში ვართ“.

„ნაგავი რომ ქუჩაში ყრია, შეიძლება პრობლემები წარმოშვას. არის ანტისანიტარია და სანაგვეზე საქონელსაც ხშირად ვხედავთ“.

„ხევის პირთან რომ მიხვალ, ძალიან შემაწუხებელი სუნია. რაც მოხვდებათ, ყველანაირი ნაგავი იყრება. ეს არ უნდა ხდებოდეს. სოფელსაც ხომ უნდა სისუფთავე და წესრიგი?!“

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ირწმუნება, რომ თვითმცლელი ნაგავმზიდები, რომლებიც 2 წლის წინ იყიდეს, თავის ფუნქციას ასრულებს, თუმცა, მოთხოვნის შესაბამისად, სოფლებშიც და ქალაქშიც ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს დაამატებენ. ნარეკლიშვილი გვეუბნება, რომ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული თვითნებურად მოწყობილი სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება-გაწმენდისთვის. თელავის მერი მოსახლეობის დაბალ ცნობიერებაზეც ლაპარაკობს:

„ჩვენ წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 50 ათასი ლარი, რომელიც სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავებას მოხმარდება. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავასუფთაოთ ტერიტორია, მაგრამ მოსახლეობამ არ უნდა გაითავისოს, რომ აღარ დაყაროს ქუჩაში? ზოგ სოფელში ისეთი ვიწრო ქუჩებია, იქ მანქანა ვერ შედის.

თუკი მოსახლეობა მოგვმართავს, ნაგვის ურნებს ყველგან დავამატებთ!“

მოსახლეობის დაბალი ცნობიერების შესახებ ლაპარაკობს „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის“ კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილიც, თუმცა ის სხვა პრობლემაზეც მიუთითებს.მისი თქმით, ბევრ სოფელში ამ დრომდე არ არის ნაგვის შესაგროვებელი კონტეინერები და თუ განთავსდება, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება. კახაბერ სუხიტაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ ქუჩასა და ხევებში ნაგვის დამყრელ ადამიანებს დააჯარიმებენ, მდგომარეობა კიდევ უფრო მალე გაუმჯობესდება:

„ურნები სოფლებში ძირითადად დგას ცენტრალურ მაგისტრალებზე და არ დგას შიდა საუბნო გზებზე. ურნების ნაკლებობაა მიზეზი, რომ მიდის ადამიანი და ნარჩენებს ყრს ხევში ან ქუჩაში. ერთი რომ დაყრის, მერე სხვაც დაყრის და, შესაბამისად, ჩნდება არალეგალური ნაგავსაყრელები. თუ საჯარიმო სანქციები იქნება და პრეცედენტი, რომ ვინმე დაჯარიმდა, ვფიქრობ, ადამიანები უფრო მეტად გაუფრთხილდებიან საკუთარ გარემოს“.

ნარჩენების ქუჩასა და ხევებში დაყრა კანონით აკრძალულია. კახეთში ბევრ ადგილზე სპეციალური ბანერია განთავსებული, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს, სთხოვს ან მოუწოდებს, რომ კონკრეტულ ადგილზე ნარჩენები არ დაყარონ, მაგრამ კანონდამრღვევი მოქალაქეები ბანერზე დაწერილს, სავარაუდოდ,ყურადღებას არ აქცევენ. თვითმმართველობებს შეუძლიათ კანონდამრღვევი მოქალაქეები დააჯარიმონ, თუმცა თელავის მერმა გვითხრა, რომ მოქალაქეები კანონს ღამის საათებში არღვევენ და ასეთი ფაქტების გამოვლენა უჭირთ.