ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე სასამართლოში მივიდა

არჩილ მეფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

მოსამართლე: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?

არჩილ მეფარიძე: არა!

თითქმის ოთხი თვე დასჭირდა ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მომღერალს, არჩილ მეფარიძეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო და მოსამართლისთვის ეთქვა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ სხდომებს მომღერალი ხან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრო, ხან ადვოკატმა ურჩია, სასამართლოში არ გამოცხადებულიყო.

მომღერალ არჩილ მეფარიძეს პროკურატურა 2022 წლის 7 აპრილს, ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.

ბრალდების თანახმად, მომღერალს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) ბრალი 28 აპრილს წარედგინა. 29 დეკემბერს კი ბრალს კიდევ ერთი, 151-ე მუხლი დაემატა, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ 2 მაისს, დაცვის მხარე პროცესის გადადებას ითხოვდა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

არჩილ მეფარიძე ადვოკატებთან ერთად

თუკი არჩილ მეფარიძეს აქამდე მხოლოდ ერთი ადვოკატი იცავდა, ახლა მას უკვე ორი ადვოკატი დაიცავს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მოსამართლეს სხდომის გადადებას სწორედ იმ მოტივით სთხოვდნენ, რომ საქმეში ახლად ჩართულ ადვოკატს საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა მისცემოდა. მოსამართლემ განმარტა, რომ სხდომას ესწრებოდა ადვოკატი, რომელიც სრულყოფილად იცნობდა საქმის მასალებს, ის სათანადოდ მოახერხებდა ბრალდებულის ინტერესების დაცვას და შესაბამისად, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია. თუმცა, რამდენიმე წუთში მოსამართლეს მაინც მოუწია სხდომის შეწყვეტა.

„ცხრა საათზე ხაში ვიცი მე“ - დიალოგი სხდომათა დარბაზში

2 მაისს გამართულ სხდომაზე დაგეგმილი იყო როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვების მოსმენა, ისე, ბრალდების მხარე აპირებდა მოწმის, დაზარალებული ლელა ჯუღელის ოჯახის წევრის გამოკითხვასაც. თუმცა, სხდომა დაწყებიდან 40 წუთში შეწყდა. მას შემდეგ, რაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა იცავს ბრალდებული მომღერლის ინტერესებს, განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში ახალი ფაქტობრივი გარემოებები აღმოაჩინა და მას დრო სჭირდებოდა შესავალი სიტყვის მოსამზადებლად:

„ბატონო მოსამართლე, დაცვის მხარეს ესაჭიროება დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად, ვინაიდან დღეს ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა პროკურორმა, აუცილებლად უნდა გავეცნო მის შესავალ სიტყვას, რის შემდეგაც დაცვის მხარე მოგახსენებთ შესავალ სიტყვას“.

ადვოკატის ეს განცხადება გაუგებარი აღმოჩნდა როგორც მოსამართლე ლელა შკუბულიანისთვის, ისე პროკურორისთვის:

მოსამართლე: რას ჰქვია ახალი ფაქტობრივი გარემოებები?

ადვოკატი: ისეთ ფაქტებზე ისაუბრა პროკურორმა, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არის, შესაბამისად, მას უნდა გავცე კონკრეტული პასუხი ჩვენს შესავალ სიტყვაში. აქედან გამომდინარე, ამისთვის გვჭირდება დრო.

მოსამართლე: თქვენ მზად ხართ შესავალი სიტყვისთვის.

ადვოკატი: მე რისთვის ვარ მზად, ეს მე უფრო კარგად ვიცი, ვიდრე თქვენ.

მოსამართლე: ფაქტობრივი გარემოებები აბსოლუტურად იგივეა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ახლა შეფასებას არ ვაკეთებთ შესავალი სიტყვით და ძალიან გთხოვთ, ეს არ არის დასკვნითი სიტყვა, რომ აქ კამათი გაიმართოს. მოგცემთ ახლა 5 წუთს, შეისვენეთ და ჩამოყალიბდით.

ადვოკატი: წერილობით გვსურს შესავალი სიტყვის წარმოდგენა. მგონი, ამით არ ვარღვევთ არაფერს და არც არაფერი ფუჭდება, რომ მოგვცეთ გონივრული დრო.

მოსამართლე: თუ გსურთ ისარგებლოთ შესავალი სიტყვით, ისარგებლეთ. ე.ი. თქვენ არ სარგებლობთ შესავალი სიტყვით.

ადვოკატი: მსურს ვისარგებლო შესავალი სიტყვით, თუმცა, ვთხოვ სასამართლოს, ამ უფლებას ნუ დაგვირღვევთ...

მოსამართლისა და ადვოკატის დაახლოებით ხუთწუთიანი კამათის შემდეგ, დიალოგი ასე გაგრძელდა:

მოსამართლე: შესვენებას გამოვაცხადებ, რა დრო გჭირდებათ სიტყვის მოსამზადებლად?

ადვოკატი: მინიმუმ ერთი დღე.

მოსამართლე: ხვალ ათ საათზე გავაგრძელებთ.

ადვოკატი: 11-ზე სააპელაციოში მაქვს სხდომა...

მოსამართლე: მაშინ, ცხრაზე.

ადვოკატი: სამუშაო დღე იწყება ათზე, ცხრა საათზე ხაში ვიცი მე...

ადვოკატი ლევან ზაქრაძე

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძის ადვოკატების შესავალი სიტყვა მოსამართლემ 3 მაისს, დილის ათის ნახევარზე უნდა მოისმინოს.

საქმის პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი დარწმუნებულია, რომ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. მისი მტკიცებით, თითოეული სიტყვა, რომელიც 2 მაისს ბრალდების შესავალ სიტყვაში ითქვა, ცნობილია დაცვის მხარისთვის და მასში არცერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება არ იკვეთება:

თამარ ყულჯანიშვილი

„დაცვის მხარემ დღეს არაერთი აბსოლუტურად უსაფუძვლო მიზეზი დაასახელა, რომ გადაედო სხდომა. აბსურდია ლაპარაკი ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე. არანაირ ახალ გარემოებებზე ბრალდების მხარეს არ უსაუბრია. ბრალდების მხარემ ისაუბრა საქმის გარემოებაზე, რომელიც დიდი ხანია ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში და ეს ფაქტობრივი გარემოებები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად არის ცნობილი დაცვის მხარისთვის. უბრალოდ, დაცვის მხარე ცდილობს, რომ გააჭიანუროს პროცესი და მაქსიმალურად გადადოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა. თუმცა, გვჯერა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, ეს იქნება დღეს თუ ხვალ, განაჩენი აუცილებლად დადგება საქმეზე და ეს განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს არჩილ მეფარიძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტს“.

რადიო თავისუფლება შეეცადა არჩილ მეფარიძის ადვოკატთან, ლევან ზაქრაძესთან დაეზუსტებინა, თუ რა იგულისხმა მან საქმის „ახალ ფაქტობრივ გარემოებებში“, რომელიც მათი განცხადებით, 2 მაისს გამართულ სხდომაზე პირველად მოისმინეს და ამის საფუძველზე სხდომის გადადება მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალმა ადვოკატმა გვითხრა: „ხვალ ვიტყვით ამას“.

პროკურორის განცხადებით, ერთტომიან საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს არჩილ მეფარიძის მიმართ წარდგენილ ბრალს, მათ შორის, საუბარია ვიდეო-ჩანაწერებზე, სადაც ნათლადაა ასახული ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, საქმეს ერთვის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ცალსახადაა აღწერილი, რომ ლელა ჯუღელს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები და ეს დაზიანებები არის შესაბამისობაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.

სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავად დაზარალებულმა, ლელა ჯუღელმა ზუსტად ოთხი თვის წინ უამბო:

ლელა ჯუღელი

„შვილის სახლთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის დაპარკინგებას ვცდილობდი, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გარშემო უამრავი მანქანა იდგა, გაურკვევლობა იყო და შევფერხდი. უცებ დავინახე, მოწინააღმდეგე მხრიდან მოდის უზარმაზარი ჯიპი და მესმის როგორც მლანძღავს მძღოლი. კარგი ამინდი იყო, ფანჯარა ჩაწეული მქონდა და ვუპასუხე, შენ ვინ გეკითხება- მეთქი. საბოლოოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანა ვერ გავაჩერე და დაახლოებით 5-7 წუთში, იქვე, 50 მეტრის რადიუსში მოვახერხე მანქანის გაჩერება. ის ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და თან ფიზიკურად იძალადა“.

ლელა ჯუღელის მონათხრობი 2 მაისს, შესავალ სიტყვაში დაადასტურა პროკურორმაც:

„ლელა ჯუღელი შუადღის საათებში გადაადგილდებოდა საკუთარი მანქანით, ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც არჩილ მეფარიძემ გამოხატა აგრესია ლელა ჯუღელის მიმართ. თავდაპირველად, ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, არჩილ მეფარიძე, გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა ლელა ჯუღელთან, რომელიც იჯდა საკუთარ მანქანაში და მის მიმართ გამოხატა აგრესია, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: არჩილ მეფარიძემ მუშტი ჩაარტყა სახის მარცხენა არეში ლელა ჯუღელს და დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა გარდა, ფიზიკური ძალადობისა, ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. არჩილ მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ის მას ჩააკლავდა, იყო აგრესიული და მისი აგრესიული ქმედებებიდან და გამომეტყველებიდან გამომდინარე, დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და მას გაუჩნდა შიში“.

ასევე ნახეთ მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლოზე ძალადობაში ბრალდებულის სტატუსით წარდგება

რატომ მოითხოვა გამოძიების დაწყება ლელა ჯუღელის ინტერვიუების საფუძველზე არჩილ მეფარიძემ?

2 მაისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის 16 იანვარს, არჩილ მეფარიძემ გენერალურ პროკურორს მიმართა გამოძიების დაწყების განცხადებით. განცხადებას კი საფუძვლად დაედო ლელა ჯუღელის ინტერვიუები, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენების შეცვლის მიზნით არჩილ მეფარიძე მასზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა.

არჩილ მეფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ მოითხოვეს გამოძიებას გადაემოწმებინა ლელა ჯუღელის განცხადებების სისწორე და გამოეძიებინა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ცრუ დასმენას, თუმცა, გამოძიების დაწყებაზე მათ უარი მიიღეს:

ლევან ზაქრაძე

„აღნიშნული განცხადება გადაეცა პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეექვსე განყოფილებას, სადაც მოხდა ადმინისტრაციული წარმოება,რის შემდეგაც მივიღეთ წერილი, რომ გამოძიება არ იქნა დაწყებული. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მეექვსე სამმართველოს უფროსის მოადგილე გურამ მიქაცაძე და გამომძიებელი გიორგი მარკოზაშვილი შეყვანილ იქნას დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში“.

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა, რაც დაცვის მხარეს აძლევს საშუალებას, მომდევნო სხდომებზე გამოკითხოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები.

არჩილ მეფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მომღერალ აჩიკო მეფარიძეს დამნაშავედ ცნობს, მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.