ძალადობა: "რუსეთთან ჩახუტების" საფრთხე?

„ქართული ოცნება“ თავისი წევრებისა და მხარდამჭერების აგრესიული ჯგუფებით უპირისპირდება პროპორციული არჩევნების მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო ტალღას - ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ასეთ შეფასებას ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილიც იზიარებს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციისკენ იშვერს თითს და მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარად განიხილავს.

რა ფაქტები და ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ ძალადობრივი პროცესების უკან „ქართული ოცნება“ დგას? ვის აძლევს ხელს ძალადობა და კრიზისი საქართველოში? როგორ მიდის გზა „რუსეთთან ჩახუტებისკენ“?

ეჭვები და ფაქტები

ორგანიზებული შეტევა, გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება - ბოლო დღეებში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული საზოგადოების ნაწილი აგრესიული ჯგუფების სამიზნე გახდა.

3 დეკემბერს ჩამონათვალს ზუგდიდის ინციდენტი დაემატა. მანამდე განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ინციდენტები მცხეთაში, ადგილობრივი მერიის შენობასთან და თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.

  • ამ ინციდენტების შედეგად, საავადმყოფოებში გადაყვანა და ექიმების ჩარევა დასჭირდა 10-მდე პირს;
  • მოძრაობა „გაბედეს“ ორმა წევრმა ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო;
  • თბილისში, აგრესიულ ჯგუფებში წარმოდგენილი იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პარტიის მხარდამჭერები (ისინი ამას თავად ამბობდნენ);
  • მცხეთის ინციდენტის დროს, თვითმხილველების თქმით, აგრესიით გამოირჩეოდნენ მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლები და მათ შორის - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ორუჯაშვილი;
  • მცხეთის ინციდენტის ფარგლებში დააკავეს 7 პირი: მოძრაობა „გაბედეს“ 4 აქტივისტი და „ქართული ოცნების“ 3 მხარდამჭერი. დაკავებულები იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს;
  • თბილისის ინციდენტის დროს სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

თბილისში 2 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძალადობის უკან „ქართული ოცნება“ დგას:

  • „დასხდნენ, იფიქრეს, რა მოვუხერხოთ საზოგადოებრივ პროტესტსო და გადაწყვიტეს - დაეხატათ ისე, თითქოს საზოგადოება ორად არის გაყოფილი და ერთმანეთს უპირისპირდება... არა, საზოგადოება ერთიანია, პროპორციული არჩევნები უნდა ყველას. მას ებრძვის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვეყანა უნდა საკუთარ უკანა ეზოდ“ - შოთა დიღმელაშვილი, აქცია „სირცხვილია“;
  • „თუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ ამ გზით შეძლებს პროტესტის ჩახშობას, ძალიან ცდება. გაიხსენოს უკრაინა, სადაც სწორედ „ტიტუშკების“ გამოყვანას მოჰყვა ხელისუფლების დამხობა“ - ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ 3 დეკემბერს განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, რომ 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ნამდვილად იმყოფებოდნენ ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. თუმცა, მისი თქმით, პარტიის არცერთ წევრს ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა - მხარდამჭერების ქმედებებზე კი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

3 დეკემბერს, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრაქტიკულად დაადასტურა ძალადობრივ პროცესებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეობა იმით, რომ დაავალა ორგანიზაციას - სამომავლოდ გაემიჯნოს ძალადობას.

  • „მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელობას და უფრო მეტიც, მიიღონ მათ დავალებად, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს“...
  • „გარდა იმისა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის არის ძალიან ცუდი და ამიტომ ვაძლევთ ამ დავალებას... გარდა ამისა, არ მივცეთ „ნაცმოძრაობასა“ და მათ სატელიტებს საშუალება, რომ მათ სცენარში ამოქმედონ ის ახალგაზრდები, რომლებიც ასევე, გასაგებია, რომ ძალიან გულწრფელები იყვნენ თავიანთ დამოკიდებულებაში“.

Your browser doesn’t support HTML5

ვახტანგ გომელაური მოძალადეთა დაკავებაზე

ოპოზიცია და საზოგადოებრივ მოძრაობათა წარმომადგენლები სამართალდამცველებს აგრესიული ჯგუფების მიმართ ლოიალობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პოლიცია არასათანადოდ რეაგირებს აგრესიული თავდასხმების აღსაკვეთად და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელს უწყობს მათ, როცა თავს იკავებს მათი დაკავებისგან. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შეუძლებელია ყველას დაჭერა და პოლიცია ყველაფერს აკეთებს ძალადობის აღსაკვეთად.

„ოცნება“ ოპოზიციას ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა განცხადებებში, ერთი მხრივ, დაგმობილია ძალადობა; თუმცა, მეორე მხრივ, იგრძნობა მათი პოზიცია - რომ ძალადობის გამოვლენას თავისი მიზეზები აქვს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები არიან დამნაშავე - დაძაბულობაც მათი ორგანიზებულია და შედეგებიც სწორედ მათ აძლევთ ხელს.

სწორედ ამ აქცენტით გაკეთდა არაერთი განცხადება:

  • „სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები... ყველას, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა, მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“ - გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი;
  • „ეს აწყობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიების ლიდერებს და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ შექმნან რაღაც დაპირისპირების ფონი ან დაპირისპირების მაღალი ხარისხის აღქმა“ - მამუკა მდინარაძე, უმრავლსობის ლიდერი;
  • „ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ“ - არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე;
  • „აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია“ - კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.
ასევე ნახეთ კახა კალაძე: სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ

როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ოთო რაჭველიშვილმა თქვა 2 დეკემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისთან გამოვლენილი აგრესიის ფონზე, მასში და მის მეგობრებში აგრესია გამოიწვია შეურაცხმყოფელმა შეძახილებმა აქციის მონაწილეების მხრიდან.

თუმცა თვითმხილველებისთვის უტყუარია ფაქტი, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები, გინება და ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა პირველ რიგში სწორედ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა გამოავლინეს.

ქუჩის საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც არ შესრულდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება - 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

საით მიდის ძალადობრივი პროცესები?

ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ანალიტიკოსებს უახლესი ისტორიის არაერთ სხვა ფაქტს ახსენებს. ამ ჩამონათვალში შედის, მაგალითად:

  • 2003 წელს აჭარის ასლან აბაშიძის მიერ კონტრაქციის ორგანიზება შევარდნაძის რეჟიმის დასაცავად;
  • 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობა, რომელშიც სპორტსმენები მონაწილეობდნენ;
  • ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრების დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტები;
  • ე.წ. კონტრაქციების სასარგებლოდ, ამა თუ იმ ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების ყვითელი ავტობუსებით გაყვანის ფაქტები.

გია ნოდია

„პრაქტიკულად ყოველთვის, როდესაც ხდება ოპოზიციის გამოსვლები, ამას უპირისპირდებიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც ფორმალურად არ არიან „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ, ასე ვთქვათ, ოპოზიციის ოპოზიციის როლს თამაშობენ და ისინი ყოველთვის არიან ძალადობრივები...

როდესაც ისინი ძალადობენ, პოლიცია სრულიად ინერტულია და ეს აშკარა კონტრასტს ქმნის იმ ვითარებასთან... პოლიცია ხდება ძალიან აქტიური და აპატიმრებს ხალხს (ხან ცოტა ხნით, ხან - დიდი ხნით), როცა საქმე ოპოზიციის ქმედებებს შეეხება...

აქ ყველა ნიშანია იმისა, რომ ძალადობრივი შეტევები ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია.

ასევე ნახეთ გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

გია ნოდია ასევე ამბობს:

  • „ეს ყველაფერი ხელისუფლებას აქცევს იზოლაციაში დასავლეთის მხრიდან - დასავლეთიდან ნეგატიური შეფასებები ისმის „ქართული ოცნების“ ქცევის მიმართ“;
  • „არის საფრთხე იმისა, რომ, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ძალიან გაუფუჭდება დასავლეთთან ურთიერთობა, ამის ალტერნატივაა - რუსეთთან ექსკლუზიური ჩახუტება... არ ვიცი, ეს წინასწარი გეგმაა თუ არა, მაგრამ ამას მივყავართ რუსეთთან ჩახუტებისკენ“.​

თეონა აქუბარდია

„ღიად ჩანს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მართული პროცესი... ვერავინ დამარწმუნებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი შემთხვევით იყო ჩართული „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებში... ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია.

ის პროცესებს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსაც უკავშირებს და ასევე ამბობს:

  • „პროცესი ქუჩაში თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებით“;
  • „სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ უგულებელყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს - აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, კრიზისის დასაძლევად“;
  • „ეს კარგად არ დამთავრდება არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ - ქვეყნისთვის... ეს ძალიან უკან დაგვხევს“;
  • „განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს... რუსეთს აქვს საყრდენი შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც და ნებისმიერი არეულობა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“;
  • „გამოსავალი შეიძლება იყოს ძირეული, გარდამტეხი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ან ხალხის მასობრივად გამოსვლა ქუჩაში“.
ასევე ნახეთ ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები: "სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას"

თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ძალადობრივი პროცესების გამწვავება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობად აღიქმება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა, პროპორციული არჩევნების საკითხის ჩავარდნის შემდეგ, არაერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოში პოლარიზაციისა და დაძაბულობის გამძაფრების საფრთხეებს. ერთადერთ გამოსავლად დიალოგი და კონსენსუსი სახელდება.