რადიკალები და წაქეზებული ბავშვები ბენზინიანი ბოთლებით - „9 აპრილი“ პროპაგანდის თვალით

1989 წლის 9 აპრილი და ეროვნული მოძრაობის ლიდერები.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია საქართველოს ეროვნული გმირები არიან. ზურაბ ჭავჭავაძისა და გია ჭანტურიას სახელები მიენიჭათ თბილისის ქუჩებს. ეროვნული მოძრაობის ცოცხალი ლიდერები სიამაყით იხსენებენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილ თავიანთ წვლილს, რასაც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ისტორიკოსები და პოლიტიკის მკვლევრები, თუმცა იყო დრო, როცა ამ ადამიანებს ექსტრემისტებს, დეგრადირებულებსა და დესტაბილიზაციას მოწყურებულ კრიმინალებს უწოდებდნენ.

1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილასაც სწორედ ისინი დააპატიმრეს და არა დარბევის ორგანიზატორ-შემსრულებლები.

„ბოლო დღეების განმავლობაში ექსტრემისტთა ჯგუფის ანტისაბჭოთა პროვოკაციული მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამწვავდა ვითარება რესპუბლიკაში, ექსტრემისტული ელემენტები ამძაფრებდნენ ნაციონალისტურ განწყობილებას, მოუწოდებდნენ გაფიცვებისკენ, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ, არღვევდნენ წესრიგს, ეწეოდნენ პარტიული და საბჭოთა ორგანოების დისკრედიტაციას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ცკ-ის ბიურო ადგენს: მიღებულ იქნას ზომები მრავალათასიანი არასანქცირებული მიტინგის მონაწილეებისაგან მთავრობის სახლის წინ მოედნის გასათავისუფლებლად მილიციის, შსს ჯარების, საბჭოთა არმიის ქვედანაყოფების დახმარებით. ამ ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალოს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვს“, - ვკითხულობთ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებაში, რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას.

თუ გადაავლებთ თვალს შს სამინისტროს არქივში დაცულ მასალებს, მათ შორის საქართველოს სსრ ცკ-ის პლენუმის სხდომათა სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, უშიშროების კომიტეტიდან (სუკ) მოსკოვში გაგზავნილ რაპორტებს, შიფრ-დეპეშებსა და „9 აპრილთან“ დაკავშირებულ სხვა სახის საარქივო დოკუმენტაციას, მათ შორის პრესაში გამოქვეყნებულ ცნობებს, აღმოაჩენთ, რომ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლების ლექსიკა არსად ქრება. ეს ენა დღესაც ცოცხალია და მას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

საქართველოს ეროვნული მოძრაობისა და 1989 წლის აპრილის აქციების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩხეიძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლება, დღევანდელის მსგავსად, ოპონენტების დისკრედიტაციისათვის სისტემატურად იყენებდნენ ტერმინებს - რადიკალები, ექსტრემისტები, დესტრუქციული ელემენტები...

„გვაბრალებდნენ, რომ ახალგაზრდები შეგვყავდა შეცდომაში, რომ ტვინს ვურევდით მათ“, - უთხრა თამარ ჩხეიძემ რადიო თავისუფლებას.

„ექსტრემისტები და ანტისაზოგადოებრივი ელემენტები“

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის დაპატიმრებულ ლიდერებს (გამსახურდია, კოსტავა, ჭანტურია, ჩხეიძე, სარიშვილი, წერეთელი, ხუხუნაიშვილი) ეძახდა „ექსტრემისტებს და ანტისაზოგადოებრივ ელემენტებს“, თუმცა ნეგატიური ეპითეტების გარეშე ე.წ. არაფორმალებს არც 9 აპრილამდე ახსენებდნენ როგორც პრესაში, ასევე ოფიციალურ დოკუმენტებში.

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, 1989 წელი

საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მოსკოვში 1989 წლის 7 აპრილს გაგზავნილ დეპეშაში (№217) წერდა:

„ბოლო დროს რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავდა მდგომარეობა. ის, პრაქტიკულად, გამოდის კონტროლიდან. საბაბად იქცა აფხაზეთის ასსრ სოფ. ლიხნში ა.წ. 18 მარტს გამართული შეკრება, სადაც დაისვა საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოს სსრ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. მაგრამ მოვლენები გასცდა აღნიშნულ ჩარჩოებს. ექსტრემისტული ელემენტები ამძაფრებენ ნაციონალისტურ განწყობებს, მოუწოდებენ გაფიცვებისკენ, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ, იწვევენ არეულობებს, ახდენენ პარტიული და საბჭოთა ორგანოების დისკრედიტაციას. აუცილებლად მიგვაჩნია: დაუყოვნებლივ მიეცნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ის ექსტრემისტები, რომლებიც გამოდიან ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური, ანტიპარტიული ლოზუნგებითა და მოწოდებებით (ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს)“.

ჯუმბერ პატიაშვილი

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის ბიუროს სხდომის ოქმის (N121 1989 წ. 7 აპრილი) მიხედვითაც, თბილისში მოქმედებენ „ექსტრემისტულად განწყობილი პირები“, რომლებიც მართავენ მრავალათასიან არასანქცირებულ მიტინგს და უბიძგებენ ახალგაზრდებს ანტისაბჭოთა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ. ოქმის თანახმად, ექსტრემისტები „ცდილობენ ცალკეული საწარმოების ხელში ჩაგდებას, გაფიცვებისა და აჯანყებების ორგანიზებას, მოუწოდებენ რესპუბლიკის მთავრობის დამხობისკენ, საფრთხეს უქმნიან ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

9 აპრილის შემდეგ, როცა დანაშაული მოხდა და სისხლი დაიღვარა, საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ყველაფერში დამნაშავენი იყვნენ „უკიდურესი აზრის მქონე არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერები“, რომლებიც „აღიზიანებდნენ და ამხედრებდნენ ხალხს მიუღებელი მოთხოვნით სსრკ-ს შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. ისინი ცდილობდნენ, უკანონო აქციებში ჩაებათ შრომითი კოლექტივები, რესპუბლიკის მცხოვრებნი“.

9 აპრილის ღამესაც ვითარება გამწვავდა არა მომწამვლელი აირებით, ლითონის ხელკეტებითა და მესანგრეთა ბარებით შეიარაღებული ჯარისკაცების გამოჩენით, არამედ ექსტრემისტების მოქმედებით: „ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური და ანტირუსული გამოხდომების გარდა, აქ ისმოდა მოწოდებები კომუნისტების, რესპუბლიკის ხელმძღვანელების და მათი ოჯახის წევრთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ“.

სქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს სხდომის ოქმი N122, 1989 წლის 9 აპრილი

საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს დილის 4 საათზე მომიტინგეთა მიერ დაკავებული მოედნის გასაწმენდად და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „კომპეტენტური ორგანოები“ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოქმედებდნენ („მკაცრად სრულდებოდა ინსტრუქცია ქალებისა და მოზარდებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების შესახებ“), მაგრამ „ექსტრემისტების, რომლებიც იყენებდნენ რკინის წკეპლებს, ჯოხებს და ქვებს, გაშმაგებული და დაუნდობელი წინააღმდეგობის გამო, ბრბო მოულოდნელად უმართავი გახდა და ტროტუარზე მწოლიარე მოშიმშილე ჭაბუკებსა და ქალიშვილებისკენ დაიძრა. უფრო მეტიც, ბრბოში მრავალი პროვოკატორი აღმოჩნდა, რომლებმაც ცივი იარაღი გამოიყენეს. წარმოქმნილი ჭყლეტის დროს დაიღუპა 16 ადამიანი, დაახლოებით 200-მა, მათ შორის 91-მა სამხედრო მოსამსახურემ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო. დაშავებულებს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ (სქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს სხდომის ოქმი N122).

საბჭოთა პროპაგანდა, ცხადია, მხოლოდ ლიდერებს არ ერჩოდა. 1989 წლის 11 აპრილს პრესაში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, პარტიულ კომიტეტებს, პირველად პარტიულ ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებს დაევალათ ბრძოლის გააქტიურება ექსტრემისტულად განწყობილ პირებთან, მოპიკეტეებთან, მოხულიგნო ელემენტებთან, რომლებიც თავიანთი უკანონო ქმედებებით ცდილობენ ხელი შეუშალონ საწარმოთა და ორგანიზაციათა, ტრანსპორტისა და სავაჭრო დაწესებულებების ნორმალურ მუშაობას, ზოგჯერ აშინებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს. ასეთი პირების საქმიანობა უნდა აღიკვეთოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ისინი უნდა მიეცნენ მკაცრ პასუხისგებაში. სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მშრომელებს და მოსახლეობას საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა ჭეშმარიტი სახის შესახებ, რომლებიც ესწრაფვიან გაამწვავონ ვითარება ქალაქში, ხელი შეუშალონ მდგომარეობის სტაბილიზაციას“.

„ბავშვები ბენზინიანი ბოთლებით“

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა იგორ როდიონოვმა, რომელიც მიტინგის დარბევის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, 14 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე (ოქმი N14) განაცხადა, რომ აპრილის საპროტესტო აქციები „ეს იყო შაბაში, ნამდვილი შაბაში... იქ ხალხი კი არა, ბრბო იყო“.

როდიონოვმა ახსენა გამსახურდია, წერეთელი, კოსტავა... რომლებიც, მისი სიტყვებით, „ეყრდნობოდნენ სტუდენტობას, მაგრამ მათ ისიც სურდათ, რომ ამ მასობრივ მღელვარებას მრავალრიცხოვანი ხასიათი მიეღო, თუმცა მუშათა კლასი არ გაყვა მათ, მშრომელები არ გაყვნენ. და ვინ წაიყვანეს მიტინგზე? სკოლის მოსწავლეები!

როდიონოვი იმასაც ამტკიცებდა, რომ ლოზუნგებსა და ექსტრემისტულ გამოსვლებს აყოლილი მრავალათასიანი ბრბო უმართავი იყო და არსებობდა იმის საფრთხე, რომ იგი მთავრობის სახლში შევარდებოდა, ჯარს კი შეეძლო იარაღის გამოყენებაო.

„ჯარისკაცებს აქვთ ავტომატები და ნიჩბები, როგორც ორმოს სათხრელი იარაღი. ავტომატის გამოყენება კატეგორიულად აკრძალული იყო, თუმცა ჯარისკაცს აქვს უფლება, თუ მის ან მისი ამხანაგების, ან ირგვლივ მყოფი მოქალაქე პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიყენოს იარაღი. რა უნდა ექნა მას, გამოეყენებინა ავტომატი? და როდესაც მას თავს ესხმიან? კიდევ ერთხელ მოგმართავთ: ხედავდით, როგორ იქცეოდნენ ისინი, ვინც აყოლილი იყო ამ ვნებებს? ხედავდით, ვინ არ მისცა გამოსვლის, ლაპარაკის საშუალება ილია II-ს, გამოგლიჯა მას მიკროფონი და განაცხადა: ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ სიკვდილამდე? -წერია 1989 წლის 14 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის ოქმში, რომლის მიხედვითაც, გენერალი როდიონოვი ამბობს:

მარჯვნიდან: თინა ჭიჭინაძე, იგორ როდიონოვი, ნინა როდიონოვა

„იქ იყო არანაკლებ 8 ათასი კაცი და თან, სულ მიდიოდნენ და მიდიოდნენ. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ მზადდებოდა წინააღმდეგობა. ნუთუ გაუგებარია, ამხანაგო ცკ-ის წევრებო? მზადდებოდა წინააღმდეგობა. და ეს წინააღმდეგობა პროვოცირებული იყო იმათ მიერ, ვინც დასაგმობია გამსახურდიას, კოსტავას, წერეთლის და სხვათა მიერ, ჩვენ კი არ ვგმობთ. ...შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები? შინაგან ჯარს გაუწიეს წინააღმდეგობა. პირველი დაეცა რიგითი პრიახინი. ის ჰოსპიტალში წევს თავგატეხილი. ის პირველი დაეცა, თავში მოხვედრილი რაღაც საგნის გამო, ჯაჭვი იყო თუ რაღაც სხვა. ... ნიჩბები, შესაძლოა, იყო გამოყენებული, მაგრამ თუ გამოიყენეს, მხოლოდ დაცვის მიზნით. იმიტომ, რომ ჯარისკაცს, ავტომატის გარდა, არაფერი აქვს. რატომ არავინ წუხს ჯარისკაცების გამო. ჩვენც ხომ 37 ადამიანი გვყავს ჰოსპიტალიზებული“.

1989 წლის 14 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სიტყვით ასევე გამოვიდა საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი 1938-1952 წლებში, კანდიდ ჩარკვიანი, რომელმაც გააკრიტიკა სამხედროები, სარდლობა და ოფიცრები, სერიოზულ შეცდომად მიიჩნია არასანქცირებული მიტინგის დასაშლელად ჯარის გამოყენება. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლებაც, მაგრამ გააკრიტიკა „ექსტრემისტებთან“ ლოიალური მოპყრობის გამო.

„უნდა ვუსაყვედუროთ ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ დიდხანს უთმენდა ამ ექსტრემისტებს, მათ დაყოლიებასაც კი ცდილობდა. პირადად მე არ მესმის, მათთან მოსალაპარაკებლად რატომ იყო გაგზავნილი რაღაც დეპუტაცია რესპუბლიკის საქმეებზე მოლაპარაკების წინადადებით. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მათ, ჩვეული ამბიციურობით, უარი თქვეს დიალოგზე და ამით სილა გააწნეს ხელმძღვანელობას. ამხანაგებო! პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, ბევრი რამ გავუშვით ხელიდან ახალგაზრდებთან მუშაობის დროს. განსაკუთრებით ცუდად მუშაობს კომკავშირი, რომელიც თანდათან თმობს თავის იდეურ პოზიციებს. ამასთან, უთმობს არაფორმალურ ორგანიზაციებს, რომელთა სათავეშიც აღმოჩნდნენ ნამდვილი ექსტრემისტები“.

კანდიდ ჩარკვიანი

სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ზურაბ ჩხაიძემ ილაპარაკა არა სამხედროების დანაშაულზე, არამედ სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე, მეტიც, მან ხაზი გაუსვა მთავრობის სახლში შეჭრის გეგმის არსებობასაც:

„შესაძლოა ამხ. როდიონოვმა ვერ შეძლო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ წარმოიდგინეთ იმათი ზეწოლა, ვინც პირველი დაესხა თავს ჯარისკაცებს. თავს ნუ იტყუებთ, რომ ეს ასე არ იყო. სწორედ ასე იყო. სამწუხაროდ, შემოქმედებითი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი იმყოფებოდა მომიტინგეთა შორის, არის ამ მოვლენების ვიდეოჩანაწერი და თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ: არ იყო გამორიცხული, რომ ისინი მთავრობის სახლში შეიჭრებოდნენ. მაშინ მართლაც მოხდებოდა ტრაგედია: საქმეში ნიჩბები კი არა, ავტომატები ჩაერთვებოდა“.

ზურაბ ჩხაიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და ილაპარაკა ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანასა და სისხლის გამიზნულ დაღვრაზე:

„განა ჩვენ იმ ახალგაზრდების მტრები ვართ, რომლებიც იქ გამოდიოდნენ? არ ვიცი, როგორ შეძლეს მათი მიყვანა ასეთ ფანატიკურ მდგომარეობამდე, და არა მხოლოდ იმ ექვსასი მებრძოლისა, მცველი-კარატისტისა, გასაოცარი ფიზიკური ძალის ადამიანებისა ლიდერთა უახლოესი გარემოცვიდან. თქვენ ხომ იცით, რასაც გაიძახოდნენ ისინი: 8 აპრილს სისხლი უნდა დაიღვაროს, 8 აპრილს ვაჩვენებთ კომუნისტებს, რისი უნარიც გვაქვს. 14 აპრილს ძალაუფლება ჩვენს ხელში იქნება! აღლუმს ან ჩვენ ჩავიბარებთ, ან არავითარი აღლუმი არ იქნება! ეს რა, ხუმრობა იყო?“

9 აპრილს დაღუპულთა დაკრძალვა. 1989 წლის 16 აპრილი. თბილისი

ედუარდ შევარდნაძემაც, რომელიც მაშინ საკავშირო ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, „ანგარიშსწორების არამშვიდობიან მოწოდებებზე“ ილაპარაკა.

„არ გამოვდივარ ბრალმდებლის როლში, მაგრამ ვერ ვიცილებ გრძნობას, თითქოს რომელიღაც ლიდერს ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციებიდან სრულიად შეგნებულად მიჰყავდა სამსხვერპლოზე მისდამი მინდობილი ადამიანები. ძალზე არ მომწონს ის ჯგუფები, რომლებიც თავიანთი ანგარებიანი, კარიერული მიზნებისთვის თავიანთ რიგებში ითრევენ სკოლის მოსწავლეებს და აყენებენ მათ დემონსტრანტების წინა რიგებში. დაე, თითოეულმა ზრდასრულმა შეაჩეროს ბავშვი და უთხრას, რომ მისთვის ადრეა სხვის მიერ თავსმოხვეული ლოზუნგების ტარება ან შიმშილობის გამოცხადება. როდესაც მოვა დრო, ის თვითონ გადაწყვეტს, ვისთან და სად დადგეს“.

ედუარდ შევარდნაძე

საკავშირო პროკურორის მრუდე სარკე

საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები უკიდურესად ნეგატიურად იყვნენ წარმოჩენილი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის ნიკოლაი ტრუბინის დასკვნაში, რომლის მიხედვითაც, გამსახურდიას, კოსტავას, წერეთლის, ჭანტურიას და სხვების მიერ შექმნილი პარტიების საქმიანობა „ატარებდა მკვეთრად გამოხატულ ანტიკონსტიტუციურ, ანტისაბჭოთა, ნაციონალ-შოვინისტურ ხასიათს და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ხელისუფლების ძალადობრივ მიტაცებას საქართველოს სსრ-ში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შეცვლით, ხელისუფლებისა და მართვის ყველა სტრუქტურის ნგრევას, ეროვნული სახელმწიფოს მოწყობასა და საქართველოში მცხოვრები უმცირესობების უფლებათა დარღვევას, მათ შორის, აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ლიკვიდაციას, ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი წყობილების, საქართველოს მეზობელი მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას“.

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი

ტრიბუნის თქმით, „ყველა ამ ანტიკონსტიტუციური, ექსტრემისტული მოწოდების შესასრულებლად გამსახურდიამ, კოსტავამ, წერეთელმა და ჭანტურიამ ყოფილ მეომარ „ავღანელთაგან”, სპორტსმენებისა და ფიზიკურად ძლიერი მამაკაცებისგან შეიქმნეს რაზმები, რომლებიც წინასწარ შეიარაღდნენ რკინის ჯოხებით, ჯაჭვებით, ქვებით, ფიცრებით, თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობებით, აალებადი ნივთიერებების შემცველი ბოთლებით, მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებითა და სხვა საგნებით. ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად გროვდებოდა ფული“.

საკავშირო პროკურატურამ ასევე დაასკვნა:

  • ცეკვებს, მოსალოდნელი საფრთხის წუთებში, მოჩვენებითი და არაბუნებრივი მხიარულების სახე ჰქონდა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა მოედანზე ყოფნა ფოტო და ვიდეოაპარატურით, მოწმობდა, რომ არაფორმალურ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები წინასწარ შემუშავებული სცენარით მოქმედებდნენ, ცდილობდნენ მიტინგისთვის მიეცათ უწყინარი, მშვიდობიანი მანიფესტაციის სახე.
  • იარაღის ქონას მოწმობს ის, რომ აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დააზიანეს 251 ფარი, 39 ჯავშანჟილეტი, 5 ჩაფხუტი. ქვებით, ჯოხებით, მინის ნამსხვრევებით და სხვა საგნებით სხეულის დაზიანება მიიღო 189 სამხედრო მოსამსახურემ.
  • ჯგუფური უკანონო ქმედებების ორგანიზებისა და მათ განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისთვის გამსახურდია, კოსტავა, წერეთელი და ჭანტურია დააკავეს და საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 206 (3)-ე მუხლის შესაბამისად მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
  • თანამდებობის პირებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება მიტინგის აღკვეთის შესახებ და ოპერაციის ხელმძღვანელებმა ვერ განჭვრიტეს და ობიექტურად არც შეეძლოთ განეჭვრიტათ, რომ სამხედრო მოსამსახურეები შეხვდებოდნენ ასეთ ორგანიზებულ, მედგარ წინააღმდეგობას და დადგებოდა მძიმე შედეგები. ზემოხსენებულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თანამდებობის პირებისა და სსრკ შსს შინაგანი ჯარისა და საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეწყვეტილია მათ ქმედებებში დანაშაულის არარსებობის გამო.
  • 1989 წლის 9 აპრილის თბილისის მოვლენების ყველა შედეგი, მათ შორის უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლი, სრულად და მთლიანად უკანონო პოლიტიკური აქციის ორგანიზატორების სინდისზეა, მათი ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც მასობრივი არეულობის ორგანიზაცია და ეროვნებათაშორისი მტრობისა და ხოცვა-ჟლეტის გაჩაღება.

ფირფიტის გადაბრუნება

თამარ ჩხეიძის თქმით, საბჭოთა ხელისუფლება, მისი სამართალდამცავი სისტემა და პროპაგანდა რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა 4 აპრილს დაწყებული აბსოლუტურად მშვიდობიანი გამოსვლების დისკრედიტირებას.

„როცა რადიკალებს და ექსტრემისტებს გვიწოდებდნენ, პარალელურად ცდილობდნენ თავიანთი ბრალდებების შესაბამისი ქმედებებით განმტკიცებასაც. მაგალითად, დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მცდელობა, მთავრობის სახლთან აშენებულიყო ბარიკადები. შემოაგდეს ეს იდეა, მაგრამ ჩვენ ჩავშალეთ მერაბ კოსტავას დახმარებით. როგორც კი იდეამ გაიჟღერა, მალევე გაჩნდნენ დიდი ტრაილერები ბეტონის უზარმაზარი ფილებით. ეროვნულ მოძრაობას ამის საშუალება ნამდვილად არ ჰქონდა, ამაში აშკარად ერია ხელისუფლების ხელი. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ნებისმიერი დაპირისპირებისა. ბარიკადებს აუცილებლად გამოიყენებდა ხელისუფლება, ცილს დაგვწამებდა და მოახდენდა ჩვენი სრულიად მშვიდობიანი მიტინგის დისკრედიტაციას. მერაბ კოსტავამ გვითხრა, რომ გამოვიდოდა მიტინგზე და იტყოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მართლაც, ასე მოიქცა და ხელისუფლებას პროპაგანდის ეს მასალა გამოეცალა ხელიდან. გადატრიალების ან მთავრობის სახლის ძალით აღების ჩანაფიქრიც არ გვქონია, ასეთი რამ აზრადაც კი არავის მოსვლია. ეს უნდოდა თვითონ ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“, - უთხრა თამარ ჩხეიძემ რადიო თავისუფლებას.

თამარ ჩხეიძე

ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები მალევე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ოფიციალურად ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 1990 წლის 5 თებერვალს შეწყდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების შესაბამისად, ვითარების შეცვლის, ხოლო კოსტავას მიმართ - მისი გარდაცვალების გამო. როგორც თამარ ჩხეიძე იხსენებს, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ იყო გმირი, ვინ მსხვერპლი და ვინ - დამნაშავე:

„შევარდნაძის ჩამოსვლით უკვე მივხვდით, რომ აპირებდნენ ფირფიტის გადაბრუნებას. თუ მანამდე საუბარი იყო ექსტრემიზმსა და რადიკალიზმზე, ნელ-ნელა ეს სიტყვები ამოიღეს ხმარებიდან, სრულიად სხვა ინტონაციაზე ალაპარაკდა სახელისუფლებო პროპაგანდა. დამოუკიდებლობის თემა გახდა სრულიად ლეგალური. გამოცხადდა გლოვა და დაღუპულებზე თქვეს, რომ ისინი იყვნენ გმირები, რომ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ერთი სიტყვით, სრულიად სხვა განწყობა შეიქმნა... კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სიტყვიერად მაინც სხვა რელსებზე გადასულიყო“.

1989 წლის 9 აპრილიდან 1,5 წელიწადში, 1990 წლის 28 ოქტომბერს, არაფორმალებად და ექსტრემისტებად მონათლულმა ორგანიზაციებმა პირწმინდად მოუგეს კომუნისტურ პარტიას მის მიერვე ჩატარებული არჩევნები და დაასრულეს 69-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია.