ცხოვრება სანქცირებული ხელისუფლების პირობებში? - როგორი იქნება ის ჩვენთვის

აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა სანქციები მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“ - ფოტოილუსტრაცია

24 მაისს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოაცხადა შეზღუდვები მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.

თუკი სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს, სახაზინო სანქციებს ითვალისწინებს ის კანონპროექტები (აქტები), რაც კონგრესის ორივე პალატაში უნდა განიხილონ. ესენია MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატაში და „ქართველი ხალხის აქტი“ სენატში.

თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა სანქციებს გამოიყენებს, მისი აღსრულება საქართველოს კომერციულ ბანკებს მოუწევთ. მათგან ორი უმსხვილესი ბანკი “აგენტების კანონის” პირველი მოსმენით მიღებამ უკვე დააზარალა, როცა ლონდონის ბირჟაზე მათი აქციების ფასი დაეცა.

ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?

თიბისის და საქართველოს ბანკის მსგავსად, სხვა ქართული ბანკებიც უცხოურ კაპიტალზე არიან დამოკიდებულნი და აი, როგორ:

დღეს საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათგან 15-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალია. ეს ნიშნავს, რომ ამ ბანკების ინვესტორები უცხოელები არიან. მარტის ბოლოს მათი მთლიანი აქტივები 81 მლრდ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში შედის როგორც ბანკების მიერ გაცემული სესხები [რაც ბანკისთვის აქტივია], ასევე უძრავი ქონებაც.

“აგენტების კანონის” მიღებიდან მეორე დღეს, 15 მაისს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების: TBC Bank Group-ის, Georgia Capital-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი დაეცა.

დღის განმავლობაში ფასის ვარდნა 15%-საც აღემატებოდა. სპეციალისტების ნაწილმა ვარდნა იმით ახსნა, რომ ინვესტორებს საქართველოს საგარეო კურსის გაუარესების მოლოდინი გაუჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისის შემდეგ საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასმა იმატა, კანონის მიღებამდე არსებულ ნიშნულს ჯერ ვერცერთი ვერ დაუბრუნდა.

გასულ კვირას [24 მაისი] ამ კომპანიებმა ბირჟაზე ვაჭრობა ასე დაასრულეს:

  • Bank of Georgia Group - 40.15 გირვანქა სტერლინგი [-3% წინა კვირასთან შედარებით]
  • TBC Bank Group - 26.60 გირვანქა სტერლინგი [იგივე წინა კვირასთან შედარებით]
  • Georgia Capital - 10 გირვანქა სტერლინგი [-1.38% წინა კვირასთან შედარებით]
ასევე ნახეთ ვის დაარტყამს ქართული ბანკების აქციების გაუფასურება? - ყველას, და აი რატომ

საფინანსო სექტორით საქართველოში ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია შემოდის. შარშან სექტორმა 630 მლნ დოლარი ინვესტიცია მოიზიდა. ეს მთლიანი ინვესტიციების 39%-ზე მეტი იყო.

ამავე დროს, ბანკები საქართველოს ეკონომიკის მთავარი დამფინანსებლები არიან. მათგან იღებს სესხს როგორც მოსახლეობა, ასევე ბიზნესი - წვრილიც და მსხვილიც, რადგან ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარებული ჯერ კიდევ არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში კომერციულ ბანკებს 54 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ გასესხებული.

“აქ მხოლოდ ბანკების საკითხი კი არ დგას, არამედ ბიზნესის და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის. თითქმის მთლიანად ბიზნესი და მოსახლეობის უმრავლესობა ბანკებთან არის დაკავშირებული - ან ანაბარი აქვს, ან სესხი. ცხადია იყენებენ გადარიცხვებსაც. წარმოუდგენელია, რომ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როცა ამ ყველაფერს პრობლემა შეექმნება. ეს მთლიანად ჩამოშლის საქართველოს ეკონომიკას”, - ამბობს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

ის გამორიცხავს, რომ კომერციულმა ბანკებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დაწესებული სანქციები არ შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ე.წ მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ, რასაც, როგორც კეპულაძე ამბობს, ვერცერთი ბანკი ვერ გადაიტანს.

გიორგი კეპულაძე - საზოგადოება და ბანკები

“მარტივად ავხსნი, რატომ. როდესაც დოლარში ან ევროში გადარიცხვებს ვაკეთებთ, ვიყენებთ შუამავალ [საკორესპოდენტო] ბანკებს, რომელთა მეშვეობითაც დოლარში ან ევროში გადარიცხვები ხდება. როგორც კი სანქცირებული პირის გადარიცხვა იქნება უცხოურ ვალუტაში, საკორესპოდენტო ბანკი ამას გააჩერებს. ასევე შესაძლებელია საქართველო აღიქვან როგორც საეჭვო ფინანსური იურისდიქციის მქონე ქვეყანა. ჩვენ არასდროს გვიცხოვრია სანქცირებული ხელისუფლების პირობებში და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ყველა ბანკი შეასრულებს, რადგან ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციის დარღვევას არავინ აპატიებს”, - ამბობს კეპულაძე.

“სანქცირებული ხელისუფლების პირობებში არასდროს გვიცხოვრია. ბუნებრივია, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციაზე. ლონდონში, საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობაა მათ ქვეყანაში. კაპიტალის მოზიდვა კი არა, მისი გადინების დიდი საფრთხე იქნება. ანუ ის [საფრთხე], რომ ვიღაცეებმა აიღონ თავიანთი ფული, რომელიც აქ თუნდაც დეპოზიტებზე უდევთ და წაიღონ. კაპიტალის გადინების შესაჩერებლად სებ-ს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც გააძვირებს ლარის სესხებს”, - გვეუბნება "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში არარეზიდენტები ქართულ ბანკებში 9.6 მილიარდ ლარს ინახავდნენ.

სხვაგვარად ფიქრობენ ქვეყნის ცენტრალურ ბანკში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სპეკულაციას უწოდებს იმაზე საუბარს, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს.

“სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას - ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია - საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის.

თეორიულად, რომც მოხდეს გაურკვევული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“, - ამბობს ის.

ნათია თურნავა

თუმცა გუშინ, 27 მაისს, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დღეს, 28 მაისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 48.7 მლნ დოლარი გაყიდა. სავალუტო ინტერვენციამდე Bloomberg-ზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარსაც გადააჭარბა. ეს სებ-ის უკვე მეორე ინტერვენციაა ბოლო დღეებში - ცენტრალურმა ბანკმა 60 მლნ დოლარი 16 მაისს "აგენტების კანონის" მიღების მეორე დღეს გაყიდა.

ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა 48,7 მლნ დოლარი გაყიდა