ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. სამხედრო-საველე ჰოსპიტალი 150-საწოლიანია. ცხინვალში ჰოსპიტალთან ერთად სამხედრო ექიმებიც ჩავიდნენ, რომლებიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან.
ამასობაში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს დილით დაადასტურეს კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა და კიდევ 1 პაციენტის გარდაცვალება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ, სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი. მანამდე დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული ჰქონდა 2 ლეტალური შედეგი.
ასევე ნახეთ ინფიცირებული ექიმები ცხინვალში, მედპერსონალი შესაძლებლობების ზღვარზეკოჩიევას ინფორმაციით, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან, ინფიცირებულია 533 მოქალაქე. ოკუპირებულ რეგიონში მაისის შემდეგ სულ აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 623 შემთხვევა.
გარდა ამისა, ცხინვალის აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია. ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ შოულობს პარაცეტამოლს, ანტიბიოტიკებს და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ამიტომ ავადმყოფებს და ინფიცირებულებს წამლებს ვლადიკავკაზიდან უგზავნიან. მედიკამენტების დიდი პარტიის შეტანა კი არაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთის საბაჟოზე ტვირთების გაფორმებისას წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირდება. ცხინვალელი იურისტი თემურ კოკოითი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს:
„ტვირთების გაფორმება გამკაცრებულია, შესაბამისი საბუთების გარეშე საბაჟოზე არ ატარებენ. ტვირთი საიდანღაც მოდის, სადღაც მიდის, შესაბამისად, უნდა ფიქსირდებოდეს გამომგზავნიც და მიმღებიც. ამისთვის დოკუმენტების მთელი პაკეტია საჭირო - ლიცენზიები, ნებართვები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ბროკერთან იყრის თავს და ის დადგენილი წესით დეკლარაციას ადგენს. იმპორტირებულ მედიკამენტებზე კი ვითარება ასეთია: წარმოების უფლების მქონე პირისგან უნდა იყოს ნებართვა მესამე ქვეყნებში იმპორტის შესახებ, ჩვენს შემთხვევაში - სამხრეთ ოსეთში. ახლა არ ვიცი, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მხარესთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ვითარება ისე ვერ გვარდება, როგორც ეს აქაურ მეწარმეებს უნდათ. ეს პრეტენზიაც აღარაა, ეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ჩვენს სპეციფიკასაც - ნაწილობრივ აღიარებას - აღარაფრად მიიჩნევენ“, - აცხადებს თემურ კოკოითი.
თემურ კოკოითი იმასაც ამბობს, რომ საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემები შეიქმნა. ცხინვალის სამედიცინო კლინიკები ჟანგბადის ბალონებს ვლადიკავკაზიდან იღებენ და შეფერხება ისევ ტვირთების გაფორმების პრობლემებთანაა დაკავშირებული. კოვიდკლინიკებში კი ჟანგბადზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ სქემას, რომლის მიხედვითაც მედიკამენტები თბილისიდან ცხინვალის აფთიაქში ხვდებოდა.
„ეს ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის და ჯემალ ჯიკაევის ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისას ხდებოდა. ქართველი ექიმები, რომლებიც წეროვანში ცხოვრობენ, სამუშაოდ ახალგორში ჩამოდიოდნენ და წამლებიც ჩამოჰქონდათ. მათ ყუთებით მოჰქონდათ ევროპული წარმოების მედიკამენტები. ეს წამლები ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. ყველაფერი აწყობილი იყო. თბილისიდან ცხინვალში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, წამლის შეტანა გაცილებით იაფი ჯდებოდა, ვიდრე ეს რუსეთიდანაა შასაძლებელი“, - თქვა თამარ მეარაყიშვილმა.
ბიბილოვის მმართველობის პერიოდში კი თბილისიდან შეტანილი მედიკამენტები კონტრაბანდად მიიჩნიეს და მათი აფთიაქებიდან ამოღება დაიწყეს. ასეთ რეიდებს ადგილობრივ აფთიაქებში ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინაც ატარებდნენ. ხალხი წამალს, დე ფაქტო ხელისუფლება კი „კონტრაბანდას“ ეძებდა.
ასევე ნახეთ ცხინვალში COVID-19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტისამშაბათ საღამოს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ცხინვალის რეგიონში მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალა ჩოჩიევას თქმით, დაიღუპა 81 წლის ქალი, რომელიც დაბა კვაისაში ცხოვრობდა. მან სამედიცინო დახმარება გვიან ითხოვა. ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გარდაცვლილი ქალი სახლის პირობებში თვითმკურნალობით იყო დაკავებული და სიკვდილის მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთში ხუთამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. გარდაცვლილები არიან 83, 88, 47, 65 და 81 წლის მოქალაქეები.