ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც 22 თებერვალს ოსური მედიით გახდა ცნობილი, ინალ ჯაბიევის დედა ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაია ჯაბიევა მას შემდეგ შეიქნა ცუდად, რაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ემოციური საუბარი ჰქონდა. ჯაბიევამ მას კიდევ ერთხელ მოსთხოვა ე. წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება და მისი შვილის მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიება. ბიბილოვი და ჯაბიევა ერთმანეთს ცხინვალის თეატრალურ მოედანზე შეხვდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტი ამ დროს თეატრში კონცერტზე დასასწრებად მიდიოდა, ჯაბიევა კი ოჯახის წევრებთან ერთად ცენტრალურ მოედანზე დეკემბრის შემდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავს. ოსური მედიის ცნობით, ამჟამად მაია ჯაბიევას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, გარდაცვლილის დედამ ბიბილოვთან ხმამაღალი საუბრის დროს წონასწორობა დაკარგა და ღობეზე დაეცა, ამის შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„მაია ჯაბიევა პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ადამიანობისგან არის დაცლილი და მისი შვილის გამოძიება სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს. ამ დროს მას პრეზიდენტის დაცვა იშორებდა, ბიბილოვს კი თეატრში ეჩქარებოდა ანსამბლ სიმდის კონცერტზე დასასწრებად, არც კი მოუსმინა ნორმალურად. ქალი ძალიან განერვიულდა და დაეცა. ამ დროს დაცვამ გამოიძახა სასწრაფო. ვიდრე ტელეფონით დარეკავდა ხალხი, მათ რაციით გადასცეს და მალე მოვიდა ბრიგადა. როგორც დადგინდა, წნევამ აუწია და ახლა შედარებით უკეთაა, თუმცა, ამ ამბის მიუხედავად, ჯაბიევის ცოლი და ნათესავები თეატრალურ მოედანზე რჩებიან და აქციას აგრძელებენ“.
ასევე ნახეთ დე ფაქტო დეპუტატები დე ფაქტო დეპუტატების წინააღმდეგამასობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციურმა დეპუტატებმა ე. წ. უზენაეს სასამართლოს მიმართეს სარჩელით, უკანონოდ ცნოს 16 თებერვალს ჩატარებული პარლამენტის სხდომა და იქ მიღებული გადაწყვეტილება. ოპოზიციური დეპუტატების სასარჩელო განცხადება ეყრდნობა კვორუმის გარეშე გამართული სხდომის უკანონობას. ისინი დეპუტატების მეორე ნაწილს ე. წ. სახელისუფლებო უფლებამოსილებების მიტაცებაში ადანაშაულებენ. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ნაწილი, რომელიც გასული წლის სექტემბრის შემდეგ საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებს, მოითხოვს დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადადგომას და ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას. გაფიცული ე. წ. დეპუტატები ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და აუხსნეს თავიანთი დამოკიდებულება 16 თებერვალს სესიის უკვორუმოდ ჩატარების მიმართ. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ბრძოლა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გაგრძელდეს. პარტია „ნიხასის“ წარმომადგენელმა ზიტა ბესაევამ განაცხადა, რომ მათთვის მთავარია სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლების შენარჩუნება.
„მე ვშიშობ, რომ ეს პრეცედენტი გახდება მათთვის (ბიბილოვის მომხრეები) წესი და ისინი დაიწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას იმდენი ადამიანით, რამდენიც დღეს ჰყავთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელი შევუშალოთ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის განადგურებას, რადგან არც ერთ მათგანს არ აქვს ამის უფლება. ყველაფერი, რაც აქამდე აშენდა, ერთი ადამიანი (პრეზიდენტი) და 18 დეპუტატი მას ხაზს ვერ გადაუსვამს. ეს მათი უფლება არ არის! ჩვენს უკან უფრო მეტი ხალხი დგას, რომელსაც ასევე ექნება რეაქცია იმაზე, რომ მათი მოსაზრებები, მათი ინტერესები ხელისუფლებას არ ესმის ... მე მჯერა, რომ ჩვენ, როგორც დეპუტატების უფრო შეგნებულმა ნაწილმა, უნდა ვეცადოთ ვაიძულოთ ეს მთავრობა, რომ დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და იმუშაოს კანონების შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თვითონ საკუთარი ხელით ვანადგურებთ ჩვენს სახელმწიფოს ”.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სახალხო პარტიის ლიდერი ალექსანდრ პლიევი, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში სამართლიანობის მიღწევას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ერთი ადამიანის ახირება, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფოს პირველი პირი, არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის საპირწონე.
„მე მაქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს კონსტიტუცია უკვე დაარღვია არა ერთმა, არამედ უკვე ორმა ადამიანმა - დაარღვია პროკურორმა, მან ფეხი შეიწმინდა მასზე და, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პრეზიდენტი, არ იღებს ზომებს, მაშინ დგება საკითხი, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებისა და, გარკვეული დანაშაულების გამო, მისი პასუხისგებაში მიცემისთვის. და მეორე - კიდევ ერთხელ მივმართავ პრეზიდენტს, რათა მან ყველაფერი დააბრუნოს იურიდიულ კალაპოტში. ეს არის მოვლენების ეპიცენტრი და შემდგომი მოვლენები არის სახელმწიფოს არსებობის ყველა ფუნდამენტური ნორმის დარღვევა, ეს არ ჯდება რაიმე ჩარჩოებში. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, რომ ამ მუხლებით და თავად პროკურორის საქმიანობის შეფასებით მივმართოთ სასამართლოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის დანაშაული სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ. ვინც არღვევს სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას, იგი დანაშაულს სჩადის რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ”.
„ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო დავაბრუნოთ სამართლებრივ კალაპოტში. ჩვენ ვიჩივლეთ პროცედურის დარღვევაზე. ეს არის ის, რომ 18 დეპუტატს არ ჰქონდა სამართლებრივი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება კვორუმის გარეშე. დარწმუნებული არ ვართ, რომ სასამართლო ამას განიხილავს ზეწოლის გარეშე და ობიექტურად, მაგრამ ჩვენ კვლავ იმედი გვაქვს, რომ მოსამართლეები, რომლებიც განიხილავენ ამ სარჩელს, იხელმძღვანელებენ მხოლოდ კანონის ნორმებით და სხვა არაფრით ”, - ამბობს კიდევ ერთი ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატი, დავით სანაკოევი.
ასევე ნახეთ ბიბილოვის პროპაგანდა და ხალხში გასული ოპოზიციაცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.
ორი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.