10 მაისის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“აქვეყნებს. მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას, თქმით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით 22 პირია ინფიცირებული. მისი განმარტებით, ყველა გადაყვანილია ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულთაგან 14 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან დაბრუნებული სტუდენტია, 7 მოქალაქე ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა და ერთი სამხედრო მოსამსახურეა. გაგლოევას ინფორმაციით, ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებსა და სასტუმრო „ალანში“ კარანტინში 276 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 43 მოქალაქეა.
ასევე ნახეთ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდაოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პირველად 6 მაისს გამოვლინდა.
ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსულებთან დამცავი საშუალებების გარეშე ურთიერთობდნენ ნათესავები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა...დავით სანაკოევი
ცხინვალელები შეშფოთებული არიან და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ ბიბილოვის ხელისუფლებას. გარდა ამისა, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ღიად ლაპარაკობენ ე.წ. საკარანტინო ღონისძიებების ფორმალობაზე, მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა კი სულ უფრო მეტად ამძაფრებს დაუცველობის განცდას. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელებამ იმის შესახებ, რომ ცხინვალის საავადმყოფოს ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფი გაფუჭებულია და მის შეკეთებას ორი კვირა დასჭირდება, ცხინვალელების დიდი ნაწილი აღაშფოთა. მათი აზრით, ხელისუფლება ინფექციის გავრცელებას მოუმზადებელი შეხვდა და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამით არის გამოწვეული. სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, დავით სანაკოევმა. მისი თქმით, დიდია სამედიცინო პერსონალის დაავადების საფრთხეც. მისი განმარტებით, ზნაურის საავადმყოფოში, სადაც რუსეთიდან ჩამოსული კურსანტები განათავსეს, ადგილობრივი ექიმები და ექთნები უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. ზნაურის საავადმყოფოში 11 ინფიცირებული პირი მკურნალობს. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში გამოიძახეს არაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი ტოჩიევი, და შექმნილ ვითარებაზე პასუხი მოსთხოვეს. დეპუტატებს აინტერესებდათ, რამდენად მზადაა ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან საბრძოლველად.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსულებთან დამცავი საშუალებების გარეშე ურთიერთობდნენ ნათესავები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ზნაურის საავადმყოფოდან მივიღეთ ინფორმაცია და დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ საკარანტინო ღონისძიებებია გამოცხადებული, მათი დაცვა აუცილებელია. დეპუტატები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ოპერატიულმა შტაბმა დაიწყოს მოსახლეობის უზრუნველყოფა დამცავი საშუალებებით. ადრე, როცა ჩვენ მსგავსი ინიციატივა გამოვთქვით, ჯერ არ იყო ვირუსი დაფიქსირებული, ახლა კი საკითხი უფრო აქტუალურია, რადგან აფთიაქებში შეუძლებელია პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების შეძენა“, - ამბობს დავით სანაკოევი.
სამხედრო აღლუმებს ატარებდნენ, არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ. უკვე ძალიან გვეშინია, რომ ამ ღონისძიებების გამო, რაც ბიბილოვმა 9 მაისს ჩაატარა, შიდა გადაცემაც დაიწყება...
ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან 70 კურსანტი დაბრუნდა. მათი ნაწილი COVID-19-ით ინფიცირებულია. დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე. წ. საზღვარი სრულად ჩაკეტა. 17 მაისამდე აკრძალულია როგორც მოქალაქეების, ისე სატვირთო მანქანების გადაადგილება, ამ ფონზე კი ცხინვალში პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასი სწრაფად იზრდება. გარდა ამისა, ცხინვალში უკვე ვარაუდობენ, რომ მალე შიდა გავრცელებაც დაიწყება, რადგან საკარანტინო წესებს თვითონ ხელისუფლება არღვევს და მოქალაქეებსაც მკაცრად არ ექცევა. 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ცხინვალში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდებოდა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მთავრობის წევრებიც და მოქალაქეებიც ამ ღონისძიებებზე პირბადეების გარეშე იმყოფებოდნენ.
„სამხედრო აღლუმებს ატარებდნენ, არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ. უკვე ძალიან გვეშინია, რომ ამ ღონისძიებების გამო, რაც ბიბილოვმა 9 მაისს ჩაატარა, შიდა გადაცემაც დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ დაავადებულთაგან ერთი სამხედრო მოსამსახურეა. არავინ გვეუბნება, მას რა კონტაქტები ჰქონდა და ამ აღლუმზე გამოსულმა სამხედრო პირებმა გამოიტანეს თუ არა დაავადება საზოგადოებაში. საზღვარს კი კეტავენ, მაგრამ პროდუქტის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აფთიაქში პარაცეტამოლიც კი აღარ იშოვება. მოკლედ, ძალიან დაუცველად ვგრძნობთ თავს“, - აცხადებს რადიო თავისუფლების წყარო, სამოქალაქო აქტივისტი.
ცხინვალში მაღაზიებსა და ბაზრებში გამყიდველები პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე ემსახურებიან მომხმარებლებს, მოქალაქეების დიდი ნაწილიც არ ატარებს ნიღაბს. მათი შოვნა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ ფონზე დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, საერთაშორისო დახმარებაზე უარს ამბობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ასევე ნახეთ COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები ოკუპირებულ ცხინვალშიოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შესთავაზა დახმარება ბიბილოვის მთავრობას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორსა და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში.
„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. ადგილზე, იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალი უარს ამბობს და მხოლოდ რუსეთის მთავრობის დახმარების იმედზეა დარჩენილი.