ცხინვალისკენ გაშვებული ფრანები და სტენსილი გორში კასეტური ბომბის ნაკვალევზე

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები ერგნეთიდან დაიწყო. ცხინვალთან ახლოს აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცხინვალისკენ ფრანები გაუშვეს და რუსული აგრესიის ფაქტი საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლინა დოლიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საპროტესტო აქციისთვის სიმბოლურად იქნა შერჩეული ადგილი, საიდანაც ყველაზე ახლოს და კარგად ჩანს ცხინვალი:

რაც შეეხება თარიღს, ჩვენ ავარჩიეთ 7 აგვისტო, იმისთვის რომ გავაქარწყლოთ რუსული დეზინფორმაცია, თითქოსდა, 8 აგვისტოს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. სინამდვილეში, ეს იყო 7 აგვისტოს და რუსეთი გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა მოახდინოს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების და, ზოგადად, ქვეყნის, სახელმწიფოს დისკრედიტაცია. ჩვენ ვიმყოფებით რუსეთთან ჰიბრიდული ომის რეჟიმში და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციით ბრძოლა, დაუმახინჯებელი ფაქტების გადაცემა მომავალი თაობებისთვის“.

ლინა დოლიძე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ გახდეს რუსული პროპაგანდის ნაწილი, არ დაამახინჯოს ფაქტები და აგვისტოს ომის დაწყება 7 აგვისტოს აღნიშნოს.

აქცია ერგნეთში

ერგნეთში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეც. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელ პარტნიორებთან, მთელ მსოფლიოსთან ერთად მყარად იდგეს იმ პოზიციაზე, რომ რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში, არის უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და მას მოუწევს უკან დახევა ისევე, როგორც მოუწია ყველა სხვა აგრესორს.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა გზაზე დატოვეს წარწერა - "რუსეთი მტერია".

გორში ჭავჭავაძის #47-ში, კედელზე, რომელსაც ქალაქში კასეტური ბომბების კვალი ეტყობა, გაიხსნა სტენსილი, რომლის ავტორიც გაგოშა-გიორგი გაგოშიძეა.

ალბათ, ინტერპრეტირებადი ყველაფერია. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვანაირად დაინახო, თუმცა ამ კონკრეტულ მურალზე ნათელია ყველაფერი. ეს ისეთი საკითხია, რომელზე ალეგორიებიც, მე მგონი, ნაკლებადაა საინტერესო. ანუ რასაც ხედავთ, ეგ არის, - უთხრა გაგოშამ რადიო თავისუფლებას.

მის მიერ შესრულებულ სტენსილზე ასახულია საოკუპაციო ხაზი. მავთულხლართებთან, ვაშლის ხესთან, დგანან კაცი და გოგო. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ჰორიზონტს გაჰყურებენ. ხიდან ნაყოფი მავთულხლართის მიღმა ცვივა. მავთულხლართთან მდგარ გოგოს ხელში მაკრატელი უჭირავს.

ეკა გიგაური

სტენსილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ აგვისტოს ომი და მისი შედეგები ყოველთვის უნდა ახსოვდეს საზოგადოებას:

აგვისტოს ომთან დაკავშირებული და ამ თემატიკის სტენსილი კამპანიის ფარგლებში პირველი არ არის. წინა წელს, ზუსტად ამ დროს, იმავე თემატიკის სტენსილი გავაკეთეთ თბილისში. მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყველა ფორმით ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ აგვისტოს ომი და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ დაგვავიწყდეს ეს ძალიან დიდი ტრაგედია“, -განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსახიობი დუტა სხირტლაძე ამბობს, რომ ამ კედლის შესახებ აქამდე არაფერი სმენია და კედელზე დარჩენილი კვალი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა სასტიკ იარაღს იყენებდა რუსეთის არმია საქართველოს წინააღმდეგ.

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც თვითონ სოფელ კარალეთიდანაა და გამოცდილი აქვს 2008 წლის ოკუპაცია, ამბობს, რომ მეტი განათლებითა და ანალიზის მეშვეობით უნდა მოხერხდეს მომავალი საფრთხეების პრევენცია.

პირველი სტრიტ-არტი, წარწერა დამოუკიდებლობის ფასი“ კასეტური ბომბებით დაზიანებულ აღნიშნულ კედელზე 2015 წელს გაკეთდა.

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვას საქართველოს ხელისუფლება 8 აგვისტოს აპირებს.