სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ მოკლული ჯაბიევის ოჯახის წევრებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გამოძიება ყოფილ ძალოვნებს ხელს აფარებს. ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმე, ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საქმეა ცხინვალში. ის გასული წლის აგვისტოში, დე ფაქტო კრიმინალური მილიციის შენობაში წამების და მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. ასე წერია სამედიცინო ექსპერტიზის პირველ დასკვნაში, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ დაკავებულები. მაშინ დასახიჩრებული და ნაწამები ჯაბიევის ფოტოები სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ამ ფაქტს ცხინვალში მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბიბილოვმა მთავრობა გადააყენა და დაიწყო პოლიტიკური კრიზისი. ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ კი ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია წამოიწყო, მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების და მაშინდელი დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების მოთხოვნით.
მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ახლა კი სამართლიან გამოძიებას ის დაკავებულები ითხოვენ, რომლებსაც მკვლელობაში ედებათ ბრალი. მათი ნათესავები კი ამ თხოვნით უწყებიდან უწყებაში დადიან. დაკავებულები: აცამაზ ნანიევი, სერგეი კოზონოვი, ალან ბაგაევი, ანდრეი ჯიოევი, ირბეგ სლანოვი და მარატ ხუგაევი პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებენ, რომ პატიმრობაში უკანონოდ, უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე იმყოფებიან. ამ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ცხინვალელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ზარინა ძაგოევამ ყალბი ცნობა გასცა ჯაბიევის სიკვდილის მიზეზის შესახებ, რაც შემდგომში რუსეთში ჩატარებული 2 ექსპერტიზის პასუხით ბათილდება. მოშიმშილე პატიმრების ნათესავებმა პროკურატურის გარდა დე ფაქტო პარლამენტსაც მიმართეს და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
ასევე ნახეთ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბევის ოჯახის ადვოკატს ემუქრებიან. სასამართლოში პროცესის დაწყება ჭიანურდებაინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამი დასკვნა დევს. პირველი დასკვნა ცხინვალელმა ექსპერტმა ზარინა ძაგოევამ გასცა, რომელმაც პირველმა დაათვალიერა ჯაბიევის გვამი, გადაიღო ფოტოები და დაასკვნა, რომ სიკვდილი გულის შეტევის შედეგად დადგა, რაც მიყენებული ტრავმების შედეგად იყო გამოწვეული. ამის შემდეგ რუსეთში დამატებით კიდევ ორი ექსპერტიზა ჩატარდა. რუსმა ექსპერტებმა კი ტრამვებსა და ჯაბიევის სიკვდილს შორის კავშირი ვერ დაადგინეს. მათი დასკვნით ჯაბიევი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რაც ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებით იყო გამოწვეული და სხეულზე მიყენებული ტრავმები სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა. დაკავებულები ამ ბოლო ორი ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობიან. ზარინა ძაგოევა კი საგამოძიებო უწყებამ რამდენჯერმე დაკითხა. მისი დაკითხვის ვიდეომასალები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მასალაში ჩანს, რომ ექსპერტს დაკავებულების ადვოკატები და გამომძიებელი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ზარინა ძაგოევამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
„რატომ არ გამოაქვეყნეს ვიდეოს სხვა ფრაგმენტები, სადაც აწეული ხმით და ტონით მკითხავდნენ მე. რამდენჯერმე ვცადე, რომ იქიდან წამოვსულიყავი. ყველა, ვინც დაკითხვის ოთახში იყო, ჩემ მიმართ მტრულად იყო განწყობილი. არ მგონია, ასეთ ვითარებაში ერთ კითხვას მაინც ვინმემ ნორმალურად უპასუხოს. და კიდევ, ეს დაკითხვა იყო დეკემბერში და რატომ არ გამოაქვეყნეს აქამდე, ვიდრე მესამე ექსპერტიზის პასუხები არ მოვიდოდა. მე ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს სასამართლოში გავცემ.“
მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლი მიიჩნევს, რომ პირველი ექსპერტიზის პასუხების უგულებელყოფით და დანარჩენ ორზე დაყრდნობით, საგამოძიებო უწყება დაკავებულ მილიციის თანამშრომლებს ხელს აფარებს და მათი ციხიდან გამოყვანა სურს. ოქსანა სოტიევა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას დაკავებულებთან შემხვედრი კითხვები აქვს.
„რატომ არ დაწერეს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, რომ სიკვდილის დროს ან მის შემდეგ ინალს რამდენიმე სახის სისხლჩაქცევა უფიქსირდება. დარტყმა აქვს მიყენებული შუბლზე. გატეხილი აქვს ცხვირი, გახეთქილი აქვს ტუჩი. და თუ ბრალდებულები ამბობენ, რომ ინალი მათთან მხოლოდ ორი საათი იმყოფებოდა, რატომ გახდა ცუდად და ცუდად რომ იყო, რატომ არ დაეხმარნენ, მის სიკვდილს ელოდნენ? რატომ იყო საჭირო უკვე გარდაცვლილი ადამიანის ცემა? ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ ისინი მკვდარს სცემდნენ, წარმოიდგინეთ ცოცხალს რას უზამდნენ. ისინი ტყუილ ჩვენებებს იძლევიან, რომ თითქოს კაბინეტში კითხავდნენ, ბოლოს კი ინალი სარდაფში, სპორტდარბაზში აღმოჩნდა. რას აკეთებდა მაშინ ინალი სარდაფში? და თუ ასე ცუდად იყო, სარდაფში რატომ ჩაიყვანეს?“
რაც შეეხება ცხინვალელი ექსპერტის ზარინა ძაგოევას მიმართ პროკურატურის მიერ დაწყებულ მოკვლევას, მოკლულის ცოლი მიიჩნევს, რომ ძაგოევას მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა და პროკურატურა უკვე იქცა დაკავებულთა დამცველად. ოქსანა სოტიევა ფიქრობს, რომ თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია დაინტერესებული, რომ საქმეს ასეთი მსვლელობა მიეცეს.
ასევე ნახეთ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ე. წ. ოპოზიცია კი ბიბილოვის მომხრე დეპუტატებს უჩივისდე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით სანაკოევი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ცხინვალელი ექსპერტის და ჯაბიევის ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას.
„მე ამას ზეწოლად მივიჩნევ, რადგან გაუგებარია, როგორ მოხდა ამ (დაკითხვის) კადრები ინტერნეტში. პროკურატურას ჩემს კითხვაზე პასუხი არ მოუცია. ეს კადრები ხომ პროკურატურის თანამშრომლებთან ინახებოდა, უნდა ახსნან საჯაროდ როგორ გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველაფერი ნათელი ხდება. ანუ, დაკავებულები ელოდებოდნენ მესამე ექსპერტიზის შედეგებს, ამის შემდეგ დაიწყეს ძაგოევას დისკრედიტაცია, რამდენადაც მესმის, ეს ჩანაწერი ახლა არ გაკეთებულა, მაგრამ რატომღაც შეინახეს. ახლა მათ გააკეთეს ასეთი ლოგიკური ჯაჭვი და სურთ აჩვენონ, რომ ჯაბიევი თავად არის ერთადერთი დამნაშავე საკუთარ სიკვდილში. მათ ალბათ უნდათ, რომ ეს აქამდე მიიყვანონ”, -ამბობს დავით სანაკოევი.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამოძიების საქმეს თავიდანვე აკვირდება. მისი აზრით, დაკავებულების ნათესავებმა მხარდაჭერა იგრძნეს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩაში არ გამოვიდოდნენ.
„როგორც იტყვიან ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. აქამდე დაკავებულები და მათი ნათესავები, რომლებიც იმალებოდნენ და ხმას ვერ იღებდნენ, ახლა გააქტიურდნენ. აშკარაა რომ ხელისუფლებიდან მათ ზურგი იგრძნეს. გარდა ამისა მათი გარემოცვიდან უკვე გვესმის, რომ თუ სამართლიანი გამოძიება არ იქნება და დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ისინი ალაპარაკდებიან. დიახ, ასეთ ხმებს ავრცელებენ და აშკარად მათზე უფრო მაღლა მდგომებს აშანტაჟებენ ამით. უნდა ალაპარაკდნენ და შანტაჟის ენით არ უნდა ლაპარაკობდნენ. ცხინვალში ისედაც ყველამ იცის, რომ ეს დაკავებულები შემსრულებლები იყვნენ და ამ დრომდე ბრძანების გამცემს არ ასახელებენ. ახლა კი მათმა ნათესავებმა ზურგი იგრძნეს ხელისუფლებიდან და გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, მათი ალაპარაკება ბევრს არ აწყობს და ცდილობენ მინიმალური სასჯელით გამოაძვრინონ, მაგრამ ეს ხომ ახალ ვნებათაღელვას გამოიწვევს, რატომ არ ესმის ეს პრეზიდენტს და ძალოვნებს? ყველა თავის ტყავის გადარჩენაზეა გადასული და ეს კარგად არ დასრულდება.“
ასევე ნახეთ თვალთვალისა და ზეწოლის მიუხედავად, ცხინვალში საპროტესტო აქცია გრძელდებადაპატიმრებული მილიციელები შიმშილობას აგრძელებენ და მის შეწყვეტას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყველა ფრაქციის წარმომადგენლები არ მოისმენენ მათ მოთხოვნებს სამართლიანობისა და მათი უფლებების აღდგენის თაობაზე. დაკავებულების ნათესავებმა პროკურატურას მიმართეს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მათი აზრით, მესამე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს ჯაბიევის მკვლელობასთან კავშირი არა აქვთ.
30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. გასული წლის 4 დეკემბერს ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით. აქცია უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა.