ცხინვალი ევროკავშირის დამკვირვებლებთან დაკავშირებულ ინციდენტს უარყოფს, EUMM-ი კი აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

საილუსტრაციო ფოტო: EUMM-ის მისიის წარმომადგენელი

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთოდ უარყო. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა.

იგორ კოჩიევი

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ეს საკითხი განიხილებოდა, გარწმუნებთ. მათ ამაზე არ უსაუბრიათ და არც კითხვები დაუსვამთ. საზღვარზე მართლა რომ ყოფილიყო სროლა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნებოდა ინციდენტი და ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებდით ამ საკითხს. იარაღის გამოყენება ყველა შემთხვევაში ინციდენტია, ჰაერში გასროლა იყო თუ არა, ეს სხვა საქმეა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კოჩიევმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 17 იანვარს გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ევროკავშირის დამკვირვებლებსა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დაადასტურა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტი. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგად მათ წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.

ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე სოსო დვალიშვილია

მანამდე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. და იქიდან გასვლა მოსთხოვეს“. ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 110-ე შეხვედრაზე, მეჯვრისხევთან მოხდარი ინციდენტის განხილვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემაც დაადასტურა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაქტს პრინციპული შეფასება მოჰყვა. ჰაერში სროლის ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.

ირაკლი ანთიძე

„ახლა მიდის დეტალებზე მსჯელობა, დეტალების დაზუსტება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, მათ შორის პარტნიორების, რომ საკითხის ბოლომდე ამოწურვამდე თავი შევიკავოთ მსჯელობისაგან. ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, აღნიშნული ინციდენტი დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული და მას მიეცა პრინციპული შეფასება. აღნიშნული ინფორმაცია ცხელი ხაზით გაზიარებული არ ყოფილა, მაგრამ ის დღეს იყო განხილვის საგანი“, - განაცხადა ანთაძემ და დაამატა: - „ალბათ გემახსოვრებათ, რომ, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით, მაგრამ მისია აგრძელებს თავის საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მსგავსი ინციდენტი ხდება. 2019 წელს სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ევროკავშირის დამკვირვებლები 5 საათით დააკავეს, ჩამოართვეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ფოტოაპარატები, დურბინდები და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლება იუწყებოდა, რომ დამკვირვებლები ოკუპირებულ სოფელ წნელისის ტერიტორიაზე შევიდნენ, რასაც დაკავება მოჰყვა.

ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას კი ისევ ითხოვს დე ფაქტო ხელისუფლება და ამის შესახებ კოჩიევმა ცხინვალელ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გარდა ამისა, მან ქართული მხარე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასა და ე.წ. საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ისევ აპროტესტებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. როგორც ერგნეთში გახდა ცნობილი, შარშან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ნაგებობების მონტაჟის 69 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. ბოლო მათგანი, იოსებ დვალიშვილი, ოკუპირებული არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დვალიშვილის მიმართ ცხინვალში მოკვლევა მიმდინარეობს.

ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გზის გახსნის საკითხზე ისევ იმსჯელეს მხარეების წარმომადგენლებმა. ქართული მხარის მოთხოვნაა, რომ რაზდახანის, იმავე მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი სრულად გაიხსნას, თუმცა, როგორცშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, ოსური მხარე ისევ ძველ ფორმატს შეინარჩუნებს, როცა თვეში ერთხელ ათი დღით იხსნება გზა დაბაში დარჩენილი მოსახლეობისთვის.

გამყოფ ხაზთან მოხდარი ინციდენტების განხილვას მხარეები ორი თვის შემდეგ დაუბრუნდებიან. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო 111-ე შეხვედრა მარტში გაიმართება.