17 აპრილს ცხინვალში მომხდარმა მკვლელობამ მთელი რეგიონი შეძრა. დანით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან ვალიევი, რომელსაც ცხინვალელები „ცუგრის“ მეტსახელით იცნობდნენ. „საყვარელი და უწყინარი ადამიანი განვითარების განსაკუთრებული ნიშნებით“, - ასე ახასიათებენ ცხინვალელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცს, რომელიც, როგორც მალევე გაირკვა, უკრაინის ფრონტიდან ახლახან დაბრუნებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლმა და ადრე მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა, 34 წლის გიორგი სიუკაევმა მოკლა. ცხინვალში შეშფოთებით ელოდებიან ომიდან სხვა თანამემამულეების დაბრუნებასაც, რასაც, მათი აზრით, უთუოდ მოჰყვება ძალადობის ტალღასც. "რას ვიზამთ, როცა ისინი დაბრუნდებიან?" - კითხულობენ ცხინვალელები.
„სოსლან ვალიევი, იგივე „ცუგრი“ იყო ცხინვალის ერთგვარი თილისმა, ისეთივე როგორც „მარადონა“ სოხუმისთვის. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მარადონა „ბომჟობდა“ (მაწანწალობდა) და სვამდა, ცუგრი კი - უბრალოდ „ქალაქელი გიჟი“ იყო - მხიარული და უწყინარი, ბავშვური პუტკუნა სახით, თუმცა ხანდახან იყო გესლიანიც (ბოლოს და ბოლოს, სტატუსი ავალდებულებდა)“, - დაწერა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა, მურატ გუკემუხოვმა, რომლის თქმითაც, სოსლან ვალიევს ჰქონდა ამოჩემებული ადგილი - ცხინვალის ცენტრი, თეატრის მოედანი, სადაც ლამის მთელი ცხოვრება გაატარა და, რომლის მახლობლადაც მოკლეს:
„სოსლან ვალიევი აქ იყო თითქმის ყოველდღე და ნებისმიერ ამინდში. ელაპარაკებოდა ხალხთან, გადადიოდა ერთი კამპანიიდან მეორეში, მანქანიდან მანქანაში, ყოველთვის ჰქონდა რაღაც სათქმელი ქალაქელებისთვის და ქალაქელებსაც ყოველთვის ჰქონდათ ფული ცუგრისთვის. ცხინვალში ბევრი აატირა უბედური ცუგრის სასტიკი მკვლელობის ამბავმა“.
სოსლან ვალიევის (ცუგრის) მკვლელობას გამოეხმაურა ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი (2011-2011 წწ) ედუარდ კოკოითი, რომელმაც თავის ტელეგრამ არხზე მოკლულის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ცუგრი კეთილი ბიჭი იყო, რომელიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ისე უყვარდა, როგორც ახლო ნათესავი. ის იყო ცხინვალის ერთგვარი სიმბოლო, ყოველთვის მეგობრული, კეთილი და აქტიური ადამიანი, უწყინარი და სამართლიანი. ცუგრი პასუხისმგებლობით სავსე ბიჭი იყო, შეეძლო დილით ადრე დახვედრა და ნებისმიერ ამინდში გვიან საღამომდე დალოდება. ამიტომ შეარქვეს ბიჭებმა "დაცვის უფროსი". სოსლანს (ცუგრის) ძალიან უყვარდა ოსეთი და ძალიან განიცდიდა დონეცკში მებრძოლი ჩვენი ბიჭების გამო. ხანდახან ოსეთში ცნობილ ადამიანებს მკაცრადაც აკრიტიკებდა, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მის მიმართ წყენა არავის ჩაუდია გულში, რადგან გულწრფელი ადამიანი იყო“.
დანაშაული 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან, მთავრობის სახლიდან რამდენიმე მეტრში. როგორც მოგვიანებით გაირკვა გიორგი სიუკაევმა რამდენჯერმე დაარტყა დანა თავის მსხვერპლს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
მკვლელობიდან ერთ საათში საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ვებ-საიტზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დაავალა შს მინისტრს ალან გუჩმაზოვს, რაც შეიძლება მალე მოეძებნა დამნაშავე, რომლის ვინაობა იმავე ღამეს დადგინდა: პოლიციამ ძებნა გამოაცხადა 1989 წელს დაბადებულ გიორგი სიუკაევზე.
„მოხდა უბედურება. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, აუცილებელია მისი თუნდაც მიწიდან ამოყვანა. ყველა, ვინც შესაძლოა ხელს აფარებდეს მას, ვინც დამალა მისი ავტომანქანა, ყველა დააკავეთ. თუ ხალხი არ გყოფნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და „ომონიც“ დაიხმარეთ“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
18 აპრილს ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული იყო და ჩვენებას იძლეოდა.
- ვინ არის ეს გიორგი სიუკაევი?
ცხინვალის მკვიდრი, 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი 2014 წელს მოხალისედ გაემგზავრა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად, მაგრამ მალევე სიუკაევმა მოკლა თავისი სამხედრო მეთაური, რის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდა ცხინვალის რეგიონში, თუმცა ბოლოს მაინც ჩაბარდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც გაასამართლა და ციხეში ჩასვა ჩადენილი მკვლელობისთვის.
გიორგი სიუკაევი 2022 წელს შეუერთდა „ვაგნერს“, რომლის რიგებში პირდაპირ საპატიმრო ადგილიდან გაიწვიეს ფრონტზე, საიდანაც დაბრუნდა მშობლიურ ცხინვალში ექვსთვიანი სამსახურისა და „დანაშაულის გამოსყიდვის“ შემდეგ.
სწორედ „ვაგნერის“ ხელმძღვანელობამ სცადა მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიუკაევის დაცვა. კერძო სამხედრო კომპანიიის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესამსახურმა 19 აპრილს გაავრცელა „ცნობა“, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მოკლული ვალიევი, "რომელიც ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ავიწროებდა და შეურაცხყოფას აყენებდა გამვლელებს, მიმართავდა მათ უხეშად და აგინებდა".
„ვალიევი მიუახლოვდა ლენინის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას და დაიწყო ამ მანქანის მგზავრების შეურაცხყოფა და მუქარა. შედეგად, ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა დახმარებისათვის მიმართეს გამვლელ მოქალაქეს, გეორგი სიუკაევს, რომელიც გამოექომაგა მათ. კონფლიქტის შედეგად სიუკაევმა ვალიევს რამდენჯერმე დაარტყა დანა, რის შედეგადაც ვალიევი მოგვიანებით გარდაიცვალა“, - წერია კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ადრე პრიგოჟინმა ისიც თქვა, რომ „ვაგნერში“ შესულ ყოფილ პატიმართა მიერ განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა მაჩვენებელი „0,28-დან 0,32% -მდე მერყეობს, მაშინ როცა, მისივე თქმით, ზოგადად ეს მაჩვენებელი 3,5-7%-მდეა.
ასევე ნახეთ gulagu.net: "ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ჰყვებასოსლან ვალიევის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა არტურ ხაძარაგოვმა პროექტისთვის „მეომრის გზა. გამარჯვების სახეები“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი სიუკაევთან და მას „მიბაძვის ღირსი მაგალითი“ უწოდა. ამ ინტერვიუში მკვლელობაში ეჭვმიტანილი „ვაგნერელი“ ამბობს:
„ჩვენ შერჩევით ვმოქმედებდით, თორემ ომი უკვე დასრულებული იქნებოდა. ვცდილობთ საქმეს მივუდგეთ ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს. ისინი კი მშვიდობიან მოსახლეობას ეფარებიან“.
სოსლან ვალიევის მკვლელობის ამბის გავრცელების შემდეგ ინტერვიუს ქვეშ ახალი კომენტარები გაჩნდა.
მომხმარებელი Fætæg:„რა უცნაურად გამოიყურებიან ოსები, რომლებიც საუბრობენ უკრაინაზე, მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახლა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა - ცხოველმა სიუკაევმა მოკლა ოსი, რომელიც თავისი განვითარების დონით ფაქტობრივად ბავშვი იყო“, - დაწერა მომხმარებელმა -მა.
მომხმარებელი ზელამხ ბენო :„დაბრუნდებიან და ყველას, ვინც ტაშს უკრავდა და, სამწუხაროდ, ვინც ამ სიგიჟის წინააღმდეგი იყო, ყველას გამოღადრავენ ყელს“.
ცნობილი ცხინვალელი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის, თემურ ცხურბათის თქმით, ეს კომენტარები არ არის მხოლოდ სოციალური ქსელის ცალკეული მომხმარებლების მოსაზრებები. საზოგადოებაში იზრდება შეშფოთება იმ ემოციური მდგომარეობის გამო, რომელშიც ომიდან დაბრუნებულები იქნებიან.
„ყველას უცურდება სახურავი. როცა ამდენ ადამიანს აგზავნი ომში, მზად უნდა იყო, რომ შენი საზოგადოება დაავადდება. არადა, ჯერ ჩვენი კონფლიქტიდან ვერ გამოვსულვართ. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ათი წელი დამჭირდა, ასე ვთქვათ, მშვიდობიან რელსებზე გადასასვლელად. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ბიჭებსაც აქვთ იგივე სინდრომი. აუცილებელია მთელი საზოგადოების მკურნალობა - ეს ჩემი აზრია, ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ახლა ჩვენს საკუთარ პოსტკონფლიქტურ სინდრომს ემატება დონბასში განვითარებული მოვლენები, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი ბიჭი იბრძვის. რას ვიზამთ, როცა ისინი დაბრუნდებიან? როგორ ვაპირებთ ცხოვრებას? რაც მოხდა, ეს ხომ სამაგალითოა. როგორ უნდა აღმართო ხელი სულიერად დაავადებულ ადამიანზე? ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მოხალისეთა ძალიან დიდმა რაოდენობამ რეაბილიტაცია უნდა გაიაროს! წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება“, - უთხრა თემურ ცხურბათმა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს.
თავის მხრივ მურატ გუკემუხოვი კი დარწმუნებულია, რომ არანაირი რეაბილიტაცია არ იქნება, რადგან ცხინვალს ამის არც სურვილი აქვს და არც - შესაძლებლობა.
„სამაგიეროდ ფრონტიდან დაბრუნებულ ბიჭებს აუცილებლად ჩაითრევენ შიდა პოლიტიკურ ამბებში, არჩევნებში, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ამის ნიშნები უკვე ჩანს იქიდან, თუ როგორ ითხოვს ანატოლი ბიბილოვი და მისი პარტია „ერთიანი ოსეთი“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისათვის სპეციალურ სტატუსს, მათთვის ნასამართლობის მოხსნას არჩევნების მონაწილეობის მიზნით. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ უკონტროლო ძალადობის აფეთქებას იმათ მხრიდან, ვისაც პოლიტიკაში ექაჩებიან“, - ამბობს მურატ გუკემუხოვი.
ცხინვალის რეგიონიდან, რომლის მოსახლეობა 25 ათას ადამიანს არ აღემატება, რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში 400-მდე ადამიანი იბრძვის. არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი კი სამ ათეულს აღწევს,
„ნაწილი რუსული ბაზის შემადგენლობიდან გაიწვიეს, ნაწილი კი მოხალისეები არიან, რომლებთანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტები გააფორმა. ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ბიბილოვიც იქ იმყოფება თავის გარემოცვასთან ერთად, მაგრამ ისინი უფრო სამეურნეო ამბებში არიან ჩართული, ვიდრე ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ ზურაბ ბენდიანაშვილმა, რომლის თქმითაც, ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ადგილობრივი საზოგადოება არ იწონებს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ომში ჩართვას:
„უფრო ვალდებულების ამბავია. შიდა დისკუსიებში ასე დგას საკითხი: რუსეთმა დაგვიცვა და ჩვენც ვალდებული ვართ გვერდში დავუდგეთ. სხვა მხრივ არავინ მიესალმება. ცხინვალი პატარა ქალაქია, ყველა დაღუპულის შესახებ ინფორმაცია სწრაფად და საკმაოდ მტკივნეულად ვრცელდება ხოლმე“.