ცოცხლად დაგლეჯილი ევროპა

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ და”აღმოსავლეთი ევროპა გავლენის სფეროებად გაიყვეს“.

1939 წლის 20 აგვისტოს საბჭოთა კავშირის დედაქალაქის აეროპორტი სვასტიკებით იყო მორთული. ადოლფ ჰიტლერმა იოსებ სტალინს მოსკოვში გაუგზავნა პერსონალური წერილი, რომელშიც გერმანიის კანცლერი საბჭოთა ლიდერს სთხოვდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი მიეღო არაუგვიანეს 23 აგვისტოსი. საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ სწრაფად გამონახეს საერთო ენა და 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმეს, რიბენტროპმა და მოლოტოვმა ასევე შეათანხმეს საიდუმლო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთი ევროპა გადანაწილდა საბჭოთა და გერმანულ გავლენის სფეროებად.

ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, განაწილება იყო უაღრესად ცინიკური, სასტიკი და სისხლიანი: გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ცოცხალი დათვივით გაიყვეს ევროპა - გადახაზეს რუკა და დაისაკუთრეს ის ქვეყნები, რომლებიც იმ მომენტში არსებობდნენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ხვადაგიანი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე

მართლაც, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმებიდან ერთ კვირაში, 1939 წლის 1 სექტემბერს, ვერმახტი თავს დაესხა პოლონეთს, 17 სექტემბერს კი პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა არმია. როგორც ცნობილი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი წერს, ვერმახტი და წითელი არმია ქვეყნის შუაგულში შეხვდნენ ერთმანეთს და ერთობლივი გამარჯვების აღლუმიც ჩაატარეს. 28 სექტემბერს ბერლინმა და მოსკოვმა ახალი შეთანხმება დადეს საზღვრებისა და მეგობრობის თაობაზე.

საბჭოთა და გერმანელი ჯარისკაცები გამარჯვების ერთობლივ აღლუმს გეგმავენ ოკუპირებულ ბრესტში. 1939 წლის 22 სექტემბერი.

​21 თვეში, როდესაც საბჭოელებსა და გერმანელებს უკვე ერთობლივად ჰყავდათ ოკუპირებული პოლონეთი, ნაცისტებმა და საბჭოელებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობით დახოცეს პოლონელები ერთი მიზნით - გაბატონებულიყვნენ დაპყრობილი პოლონეთის საკუთარ ნახევრაზე.​

იმ სისასტიკისა და უბედურების მასშტაბი, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა თავს დაატეხეს აღმოსავლეთ ევროპას, თვალსაჩინოდ ჩანს პოლონელი დების, დოვბორების, მაგალითზე.

პოლონელი ოფიცერი ქალი, ლეიტენანტი იანინა დოვბორი, საბჭოელებმა 1939 წლის სექტემბერში დააპატიმრეს და 1940 წლის 21 აპრილს კატინის ტყეში დახვრიტეს 4 409 სხვა პოლონელ ოფიცერთან ერთად. რამდენიმე თვის შემეგ, 1940 წლის ივნისში, გერმანელებმა პალმირის ტყეში დახვრიტეს იანინას ღვიძლი და, აგნიეშკა დოვბორი, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი.

​საბჭოთა კავშირი არ დასჯერდა პოლონეთის ნაწილის ოკუპაციას. 1939 წლის 22 ოქტომბერს,მაშინდელი საბჭოთა ტერმინოლოგიით, ე.წ. „დასავლეთ ბელარუსსა“ და „დასავლეთ უკრაინაში“ მცხოვრებ ყველა ზრდასრულს დაევალა მონაწილეობა მიეღო იმ არჩევნებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოთხოვნა, აღმოსავლეთ პოლონეთის ტერიტორია საბჭოთა კავშირში გაერთიანებულიყო. 15 ნოემბრამდე ანექსიასთან დაკავშირებული ფორმალობები უკვე დასრულებული იყო, თუმცა საბჭოთა კავშირმა მაინც განაგრძო უკვე ანექსირებული ტერიტორიის „გასუფთავება საეჭვო ელემენტებისგან“.

გაზეთ "იზვესტიას" მიერ 1939 წლის 28 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც ნაჩვენებია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად გავლებული სადემარკაციო ზოლი.

​1940 წლის თებერვალში, ორმოცგრადუსიან ყინვაში, შინსახკომმა შეკრიბა 139 794 ადამიანი, რომლებიც იარაღის მუქარით ღამით სახლებიდან გაიყვანეს, მოუწესრიგებელი სატვირთო მატარებლის ვაგონებში ჩასხეს და შორეული საბჭოთა ყაზახეთის თუ ციმბირის სპეციალური დასახლებებისკენ გაუყენეს გზას. 5 თასი ადამიანი მგზავრობის დროს გარდაიცვალა, კიდევ 15 ათასი - ერთი წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირს გადასახლებისა და დახვრეტის პრაქტიკა უკვე გამოცდილი ჰქონდა მილიონობით თავის მოქალაქეზე.

Your browser doesn’t support HTML5

სტალინიზმი - დახვრეტა, გადასახლება...

1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა კიდევ უფრო გაიფართოვა იმპერიის საზღვრები დასავლეთისკენ და ბალტიის სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის - ანექსირება მოახდინა. გიორგი კანდელაკი, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ევროპაში სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის“ საქართველოში აღნიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი, ამბობს, რომ 23 აგვისტოს აღნიშვნა იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გაქარწყლდეს ის მითები, რომლებზეც დგას რუსული სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანა და რომლებსაც იყენებენ როგორც რუსეთის შიგნით, ასევე ჰიბრიდული ომის კონტექსტში, თითქოსდა საბჭოთა კავშირისთვის ეს ომი იყო თავიდან ბოლომდე თავდაცვითი, მაშინ როცა მთელი 21 თვის განმავლობაში გერმანია და სსრკ მოკავშირეები იყვნენ.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი კანდელაკი სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის შესახებ

„რომ არა ასეთი მოკავშირეობა, ამ მასშტაბით მეორე მსოფლიო ომი არ გაჩაღდებოდა და მსოფლიო ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა. ევროპის ძალიან დიდ ნაწილზე კომუნიზმი არ გავრცელდებოდა შესაბამისი შედეგებით ამ ქვეყნებისთვის, იგივე ბალტიის ქვეყნებისთვის, სადაც სისხლის მდინარეები დააყენა საბჭოთა კავშირმა და, რაც მთავარია, საბჭოთა კავშირი ისე დიდხანს ვერ იარსებებდა, რამდენი ხანიც იარსება. შესაბამისად, გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივმა მოქმედებამ გაახანგრძლივა საქართველოს ოკუპაცია კიდევ 50 წლით, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენს ისტორიაზე.“ - უთხრა გიორგი კანდელაკმა რადიო თავისუფლებას.

იოსებ სტალინი და იოახიმ ფონ რიბენტროპი