საქართველოს საპატრიარქოსთან 6 დღეა გრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია.
„ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“ - ეს მთავარი მოთხოვნა იყო აქციის განვლილი ხუთი დღის განმავლობაში, თუმცა 10 თებერვლიდან მას დაემატა მეორე მოთხოვნა, რაც გულისხმობს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას პატიმრობიდან.
„დღეს გავიდა 2 წელი, რაც ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ. - „ამ მოთხოვნას ვაყენებთ საქართველოს საპატრიარქოსთან, რადგანაც ჩემი ძმა არის დედაეკლესიის წევრი, ჩემი ძმა არის საპატრიარქოს წევრი, ის არის სასულიერო პირი.
სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებების მეშვეობით ზის იგი საპატიმროში. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ასეთი პროვოკაცია მოუწყვეს, რომლებიც თბილად სხედან საპატრიარქოში, კეთილი ინებონ და გაათავისუფლონ იგი უკანონო პატიმრობიდან".
არის თუ არა საპატრიარქო პატიმრის გათავისუფლების სწორი ადრესატი და იზიარებს თუ არა ამ მოთხოვნის დაყენების საჭიროებას? შეკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი რამიშვილმა გვიპასუხა, რომ როცა უდანაშაულო ადამიანი ციხეშია, იგი უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის საპატრიარქოს მეშვეობით:
„საპატრიარქოს როცა უნდა კარგად მოქმედებენ ადამიანების გასათავისუფლებლად. მე შემიძლია გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ზუსტად იმას, რაც მამა გიორგის გათავისუფლების საფუძველი იქნება.
მაგრამ დროის მხრივ, პერიოდი ძალიან დიდი დასჭირდება ამ საქმეს და აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა ამაზეც ეფიქრა საპატრიარქოს და იქ მყოფ გარკვეულ პირებს და რაღაც ადამიანური ნაბიჯი გადაედგათ იმიტომ, რომ სამართალი მაინც იზეიმებს“, - ამბობს ადვოკატი გიორგი რამიშვილი. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით კი ორი წლის განმავლობაში დეკანოზ მამალაძის მიმართ საპატრიარქოს ადმინისტრაციიდან პრაქტიკულად არანაირი მხარდაჭერა არ ყოფილა.
„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ხნის განმავლობაში ზიარებაც კი არ მოხდა, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ოჯახი გადადის შემდგომ მოთხოვნაზე. რადგანაც სრული დუმილია საპატრიარქოდან, ისინი ითხოვენ დეკანოზის თავისუფლებაზე ყოფნას“, - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია, ოჯახი კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება:
„ზიარებასთან დაკავშირებით უკვე 6 დღეა ვიცდით. როდესაც შევხვდი საპატრიარქოში მეუფე ანდრიას მას ვუთხარი,რომ დღესვე ან ხვალვე აზიარეთ და კარავს დავშლი-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ზიარება არ მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ზიარებას და პლიუს თავისუფლებას. ეს ორი მოთხოვნა თუ არ შესრულდება, აქცია გაგრძელდება“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ.
ასევე ნახეთ ახლობლები გიორგი მამალაძის ზიარებასა და გათავისუფლებას ითხოვენდეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით აქცია საქართველოს საპატრიარქოსთან 4 თებერვალს დაიწყო. მოთხოვნას 5 თებერვალს უპასუხა საპატრიარქომ, სპეციალური განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ:
“ვინაიდან დეკანოზი თვლის, რომ ის მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზის ზიარება შესაძლებელია, მას შეუძლია აზიაროს სასულიერო პირი, თუმცა, საპატრიარქოს განცხადებით, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.
კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას 6 თებერვალს გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე და გამოხატა მზადყოფნა, აზიაროს მსჯავრდებული მღვდელმსახური. მისი შეფასებით, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, „კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა“.
ასევე ნახეთ უზიარებლობა კანონიკურობის გარეშედეკანოზ გიორგი გიგატაძისგან განსხვავებით, თორნიკე მამალაძე და გიორგი მამალაძის ადვოკატები მიიჩნევენ,რომ საპატრიარქოს განცხადება კურთხევაზე ნებართვაზე მეტად მუქარას შეიცავს.
ისინი ამბობენ, რომ ზიარების პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციამ უნდა აიღოს, თუმცა ამავდროულად მიესალმებიან დეკანოზ გიორგი გიგატაძის განზრახვას და შანსს იმისას, რომ გიორგი მამალაძე საპატიმროში 2 წლის თავზე მაინც აზიარონ.
„მისი სულიერი სიმტკიცე და ზიარება ახლა მთავარია, პატრიარქმა რომ იცოდეს, სულ სხვა რეაგირება იქნებოდა“, - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი რამიშვილმა, - "ყველანაირად ცდილობენ, რომ ინფორმაცია პატრიარქამდე არ მივიდეს, რომ არ დაენახა პატრიარქს კარავი საერთოდ".
თუმცა სავარაუდოდ, პატრიარქმა კარავი და საპროტესტო აქცია 10 თებერვალს დაინახა - წირვის დასრულების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან საპატრიარქოში მიმავალი პატრიარქის საავტომობილო კოლონას აქციის მონაწილეები კორდონითა და ტნასპარანტებით დახვდნენ.
ასევე ნახეთ „ციანიდის საქმის“ განაჩენი – 9 წელი ციხეშიდეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მას პატრიარქის მდივან-რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთი წლის წინ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.