ცვლილებები დეკრეტული შვებულების კუთხით

Your browser doesn’t support HTML5

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ცვლილებები ეხება კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა დეკრეტულ შვებულებებს. ნაცვლად ერთჯერადი დახმარებისა, რაც მთელი დეკრეტული პერიოდის განმავლობაში ათას ლარამდე თანხას ითვალისწინებდა, მოქალაქეები ყოველთვიურად ხელფასის 80 %-ს მიიღებენ.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ცვლილებების შედეგად ანაზღაურებად შვებულებას კიდევ 3 დღე დაემატება.

ასევე მამებს შესაძლებლობა მიეცემათ ბაშვის გაჩენიდან პირველი ორი კვირა თავადაც აიღონ ანაზღაურებადი შვებულება.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შემოდის მამების 30-დღიანი, ანაზღაურებადი შვებულებაც, რომელიც შეუძლია გამოიყენონ ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს.