ცერცვაძე: „სოლიდარობის“ კვლევის დაწყების ზუსტ თარიღს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ველით

საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ გლობალურ გამოკვლევაში, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩაერთვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ „სოლიდარობის“ გამოკვლევებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველომ ორი დღის წინ გაგზავნა საბოლოო დოკუმენტები. ახლა ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან კვლევის დაწყების საბოლოო თარიღს ელის.

„სოლიდარობის“ კვლევის მიზანია კორონავირუსის მკურნალობისათვის ყველაზე ეფექტური მედიკამენტის მოძიება. როგორ ჩაერთვება საქართველო „სოლიდარობის“ კვლევაში? რომელი კლინიკები მიიღებენ მონაწილეობას კვლევაში? და ვინ იქნებიან პაციენტები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობისათვის შეირჩევიან? - რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და, ამავე დროს, საქართველოში „სოლიდარობის“ კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე.

რადიო თავისუფლება: როდის ელოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან გამოკვლევის დაწყების ზუსტ თარიღს?

თენგიზ ცერცვაძე: ორი დღის წინ გაიგზავნა საქართველოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ის ბოლო დოკუმენტები, რომლითაც საქართველომ საბოლოოდ განაცხადა თანხმობა „სოლიდარობის“ კვლევებში მონაწილეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, საჭირო იყო საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოსა და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანხმობა „სოლიდარობის“ კვლევებში მონაწილეობაზე. საბჭომ და სააგენტომ თანხმობები გასცა და ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ველოდებით კვლევის დაწყების ზუსტ თარიღს. ჩემი ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს უკვე ამ თვის ბოლოს. მოგეხსენებათ, გამოკვლევაში ქვეყნები ეტაპობრივად ერთვებიან. ამ ეტაპზე გამოკვლევაში ჩართულნი არიან ისეთი წამყვანი ევროპული ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ბელგია, ნორვეგია, პორტუგალია, კანადა. ასევე, ქვეყნები აზიიდან. ერთ-ერთ პოტენციურ მონაწილედ განიხილება ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის, გამოკვლევაში უკვე ჩართულია 20-მდე ქვეყანა. თუმცა, მონაწილეობის სურვილი 100-მდე ქვეყანამ გამოთქვა. ჩვენ უკვე მოვიაზრებით ამ კვლევაში მონაწილე ქვეყნად, თუ რაიმე არაორდინალური არ მოხდა. ან თუკი ახალი პაციენტები აღარ გვეყოლება. ეს ნამდვილად საუკეთესო მიზეზი იქნება იმისათვის, რომ კვლევას გამოვაკლდეთ.

რადიო თავისუფლება: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პაციენტები, რომ ისინი გამოკვლევაში ჩაერთონ?

თენგიზ ცერცვაძე: მიუხედავად იმისა, რომ ზუსტ პროტოკოლს გამოკვლევის თარიღთან ერთად გამოგზავნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ცხადია, ჩვენ უკვე ვიცით ზოგადი საკითხები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ გამოკვლევაში პაციენტების მონაწილეობის თაობაზე. პირველ რიგში, ისევე, როგორც ყველა სხვა გამოკვლევაში, აქაც ჩაერთვებიან პაციენტები 18 წელს ზევით. ცხადია, აუცილებელია მათი ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე. ჩვენ ორი ტელეხიდი გავმართეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და იქ ითქვა, რომ გამოკვლევაში უნდა ჩაერთონ საშუალო და მძიმე პაციენტები. ანუ, ლაპარაკია იმ პაციენტზე, ვისაც მკურნალობა სჭირდება. თუკი პაციენტი იმდენად მსუბუქია, რომ მას მკურნალობა არ ესაჭიროება, ცხადია, ისინი არ ჩაერთვებიან კვლევაში.

რადიო თავისუფლება: ბატონო თენგიზ, როგორ უნდა წარიმართოს გამოკვლევა? რა მეთოდით, რომელი მედიკამენტები ჩაერთვება გამოკვლევაში?

თენგიზ ცერცვაძე: უნდა ჩატარდეს კონტროლირებადი კვლევა. ანუ, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობას. ამ კვლევის მთავარი მიზანი არის, რომ იმ მედიკამენტებიდან, რომლებიც, დღესდღეობით, მეტი პოპულარობით სარგებლობს, შეირჩეს უფრო ეფექტური მედიკამენტი. შეიქმნება ოთხი საკვლევი ჯგუფი მედიკამენტებისა და მეთოდების გამოსაკვლევად. პირველი, ეს არის მედიკამენტი „რემდესივირი“, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტ მედიკამენტად მოიაზრება, მაგრამ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შესაძლოა, მან ეს სტატუსი ვერ გაამართლოს. მეორე პრეპარატია „პლაქვენილი“, რომელიც საკმაო ხანს ფავორიტ პრეპარატად მოიაზრებოდა, თუმცა, მასთან დაკავშირებითაც გამოჩნდა გარკვეული ნეგატიური ეფექტები და შეიძლება ვერც ამ პრეპარატმა გაამართლოს. მესამე ჯგუფი, ეს არის ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც ჯერჯერობით პირველ ორს ჩამორჩება თავისი რეიტინგით და ბოლო, მეოთხე ჯგუფი, ეს გახლავთ, ლოპინავირ/რიტონავირი ინტერფერონ ბეტა 1ა-სთან ერთად. აი, ეს მეოთხე ვარიანტი და ასეთი კომბინაცია, ჯერჯერობით არავის გამოუყენებია და ამიტომ, არ ვიცით, რამდენად ეფექტური იქნება მეოთხე ჯგუფი. პირველი სამის შედეგი დაახლოებით ვიცით.

რადიო თავისუფლება: რამდენი პაციენტი უნდა ჩაერთოს საქართველოდან „სოლიდარობის“გამოკვლევაში, რომ ის ეფექტურად ჩაითვალოს?

თენგიზ ცერცვაძე: პაციენტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. რაოდენობაზე არც მინიმუმია დაწესებული და არც მაქსიმუმი. ძალიან დემოკრატიული კვლევაა. რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ჩაერთვება, რაც მეტი, მით უკეთესი. თუმცა, მოგეხსენებათ, საბედნიეროდ, საქართველოში უკვე შემცირებულია პაციენტების რაოდენობა. გამოკვლევაში, ცხადია, მხოლოდ ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომლებიც გამოკვლევის დაწყების თარიღის განსაზღვრის შემდეგ დაინფიცირდებიან, ანუ ახალი პაციენტები. ამასთანავე, პროტოკოლის თანახმად, გარდა იმისა, რომ მათ უნდა განაცხადონ ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, მათ არ უნდა ჰქონდეთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომლებიც გამოკვლევაში ჩართული მედიკამენტების უკუჩვენებებია.

რადიო თავისუფლება: როგორი იქნება გამოკვლევის ჩატარების ვადები და რა პერიოდულობით უნდა წარადგინოთ გამოკვლევის შედეგები?

თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპზე, გამოკვლევის ჩატარების ვადები არ არის შეზღუდული. როგორი იქნება ანგარიშგება, კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ, ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, როდესაც უკვე გვეცოდინება, როდის ვიწყებთ კვლევას.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი მედიკამენტი, რომლითაც გამოკვლევაში ჩართულ პაციენტებს უნდა უმკურნალოთ, „რემდესივირია“. ეს პრეპარატი, ჯერჯერობით, საქართველოს არ აქვს.

თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გამოკვლევაში ჩართული ქვეყნები და, მათ შორის, საქართველოც ამ პრეპარატს მიიღებს. რაც შეეხება რაოდენობას, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გვითხრეს, ისინი არ ზღუდავენ პაციენტების რაოდენობას. შესაბამისად, რამდენ პაციენტსაც ჩავრთავთ, შესაბამისი რაოდენობის მედიკამენტს მოგვაწვდიან.

რადიო თავისუფლება: საქართველოდან რამდენი კლინიკა იქნება ჩართული „სოლიდარობის“ გამოკვლევაში?

თენგიზ ცერცვაძე: ჯამში ექვსი კლინიკა ჩაერთვება, ესენია: თბილისის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის „მედალფა“ და საჩხერის სამედიცინო ცენტრი.