სცემეს თუ არა ბერი გაბრიელი სასულიერო პირებმა?

იმის დასტურად, რომ ბერი გაბრიელი არავის უცემია, რუსთავის ეპარქიამ ხმაურიანი კრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ ურჩ და უწესოდ წოდებულ ბერს სხვადასხვა სახით უპირისპირდებიან სასულიერო პირები.

ცემის ფაქტს ადასტურებს თავად ბერი გაბრიელი. რუსთავის ეპარქიიდან აწ უკვე გაძევებული ბერი სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურობითა და ბოლო პერიოდში კრიტიკული შეფასებებით გამოირჩეოდა.

ხმაურიანი კრება

რუსთავის ეპარქიამ ვიდეოჩანაწერი 8 აპრილს გამოაქვეყნა. ვიდეომასალა ასახავს დაძაბულ კამათს ბერ გაბრიელსა და რუსთავის ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს შორის, 26 მარტს გამართულ კრებაზე.

უფრო ზუსტად კი, შეკრებილთა უმრავლესობა სწორედ ბერ გაბრიელს უპირისპირდება და საქმე ფიზიკურ შეხებამდეც მიდის.

ისმის ხმამაღალი წამოძახილები: „ნაგვის ადგილი სანაგვეზეა“, "ნასვამია ეს", „ნასვამი კი არა, მთვრალია ეს“, „დღესვე გავუშვათ“ და ასე შემდეგ. ვიდეოჩანაწერის ბოლოს სასულიერო პირებს ბერი გაბრიელი ოთახიდან ძალდატანებით გაჰყავთ.

ვიდეომასალის გამოქვეყნების მიზეზი რუსთავის ეპარქიამ შემდეგნაირად ახსნა:

  • ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა;
  • გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება მას ფიზიკურად გაუსწორდა;
  • აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება;
  • დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი.

გამოქვეყნებული ვიდეოკადრები მართლაც არ ასახავს უშუალოდ ცემის ფაქტს, მაგრამ როგორც რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელი) განმარტა ქვემო ქართლის ტელევიზიასთან, TV4-თან ინტერვიუში, სადავო ინციდენტი კადრს მიღმა მოხვდა.

მეუფე იოანეს თქმით, ოთახიდან გაყვანის დროს ბერმა ფეხი წამოსდო ზღურბლს, ჩაიკეცა და მერე ყვიროდა - ვინ დამარტყა, ვინ დამარტყაო...

„მისი გაყვანის დროს მე ოთახში დავრჩი... და როცა მივედი, ის იჯდა იატაკზე და მამები აყენებდნენ - ადექი, ადექი, ვის სჭირდები დასარტყმელადო“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 30 მარტით დათარიღებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ბერმა გაბრიელმა ცემის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ეს პოსტი მოგვიანებით წაშალა.

როგორც სასულიერო პირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ის სამართლებრივ დავას არ აპირებს - „ჩივილს არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში“.

დაპირისპირების მიზეზი

ბერი გაბრიელი რუსთავის წმ. პეტრე-პავლის სახელობის მონასტერში რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, 27 მარტიდან ის უკვე აღარ ირიცხება რუსთავის ეპარქიაში - „გამაცილეს რუსთავის ეპარქიას“.

ღია დაპირისპირება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ბერ გაბრიელს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ლოცვის გადაცემა აუკრძალა.

„არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს“, - დაწერა 23 მარტს ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში.

იქვე ის რამდენიმე მწვავედ კრიტიკულ განცხადებასაც აკეთებს:

  • უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო ... ამდენი ემიგრანტი გვყავს... აღსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდის და არა მღვდლებთან...
  • სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა...
  • არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა, და არა მორჩილების, სჭირდებათ...
  • მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი...
  • ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარი ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს.

მიტროპოლიტ მეუფე იოანესთან შეხვედრაზე რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით უარი მიიღო. თუმცა როგორც ის აღნიშნავს TV4-თან ინტერვიუში, ბერს არ შეშვენის ისეთი ქმედებები, როგორებიც ბერ გაბრიელს ახასიათებდა.

ლოცვას არავინ უკრძალავდა... ესეც არის ცილისწამებაა... მე შევახსენე, რომ ბერი ტოვებს სოფელს, რომ განმარტოვდეს უფალთან ურთიერთობაში... და შენ გამოხვედი სოფლიდან და გინდა, რომ ისევ სოფელს ჩაეხუტო... შენ თუ ხარ დიდი მლოცველი, მაშინ ჯერ ჩვენ დაგვანახე და მერე ხალხს დაანახე.

გამოდის, რომ ეს არის პიროვნების პროპაგანდა და რეკლამაა საკუთარი თავის. ბერისთვის ეს დამღუპველია. მე მივეცი რჩევა - ეს არასწორი გზაა, დაანებე ამას თავი... მან გააფორმა ისე, რომ მე ავუკრძალე“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მისი თქმით, ბერი გაბრიელი მოიხმარდა ალკოჰოლს, აგდებულად იქცეოდა და არ ემორჩილებოდა მონასტრული ცხოვრების წესებს.

თავად ბერი გაბრიელი ამ ყველაფერს უარყოფს.

ბერი გაბრიელი ფეისბუკში "მამა გაბრიელი ბ.ფ."-ს სახელით არის დარეგისტრირებული. მას სოციალურ ქსელშიც ფართო აუდიტორია ჰყავს და მრევლს ხშირად რჩევებითაც მიმართავს.

ღვთისმსახურების ბოლო ფეისბუკლაივი 2 აპრილით არის დათარიღებული და ის მხოლოდ აუდიოვერსიის სახით არის გამოქვეყნებული.