ცემა შორტების ჩაცმის გამო და დაუსჯელი სავარაუდო მოძალადეები პანკისში

დუისის პოლიციის განყოფილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია პანკისის ხეობაში ქუჩაში შორტებით გავლის გამო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე.

ნიკო წელაური, რომელიც თბილისში ცხოვრობს და წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ სოფლის სახლში იყო ჩასული. უკან დაბრუნების დროს სოფელ ყვარელწყალში მდებარე კაფეში შეიარა, სადაც წინასწარ შეკვეთა ჰქონდა მიცემული. ნიკო იხსენებს, რომ კაფეში შესვლიდან მალევე ქუჩაში გაჩერებულ მის ავტომობილთან, სადაც არასრულწლოვანი შვილი ელოდა, ხალხმრავლობა შენიშნა, გარეთ გამოსულმა კი გაარკვია, რომ მის შვილს სამი ადგილობრივი ახალგაზრდა ედავებოდა იმაზე, თუ რატომ ეცვა მოკლე შარვალი, იგივე შორტები.

ამ დროს წელაურსაც შორტები ეცვა. როგორც თავადვე ამბობს, სწორედ ამის გამო ერთი ახალგაზრდა მას, ორი კი მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ნიკოს თქმით, ცემის გამო ადგილზე გონება დაკარგა, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მას ხელი აქვს მოტეხილი. შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო ნიკოს 16 წლის შვილმაც.

„მეც და ჩემი შვილიც შორტებით გახლდით. გვკითხეს, რატომ ხართ შორტებითო? ვუპასუხე, რომ, პირველ რიგში, ცხელოდა და, შემდეგ, სოფელში სამუშაოდ ვიყავი ჩასული... სხვანაირად როგორ უნდა ვყოფილიყავი? დაიწყო ძალადობა, წავიქეცი და წაქცეულზე მირტყამდა ერთი. ჩემს არასრულწლოვან შვილს დანარჩენი ორი ახალგაზრდა ურტყამდა. მე ისე ვიყავი დალურჯებული, სახე აღარ მიჩანდა. ახლაც ხელი მაქვს მოტეხილი, არის დაჟეჟილობები და ტკივილი“.

პანკისის ხეობა

მომხდარის გამო ჩემს შვილს ვეღარ ვუყურებ თვალებში. მინდა, რომ მოძალადეები კანონის ძალით დაისაჯონ.
ნიკო წელაური

ინციდენტი პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამბავი მხოლოდ 18 აგვისტოს გასაჯაროვდა. ნიკო წელაურმა პოლიციას რეაგირებისათვის მომხდარიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, მიმართა და პოლიციელებმა პირველად სწორედ ცხრაში გამოკითხეს. ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ წელაური 18 აგვისტოს დუისის პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. წელაურის მონათხრობით, პოლიციის განყოფილებაში ორი ადგილობრივი მიიყვანეს და ორივე ამოიცნო, რომლებიც მათზე ძალადობდნენ, თუმცა ახალგაზრდები პოლიციელებმა არ დააკავეს და გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს. წელაური ცემაში მონაწილე სამივე ადამიანის კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.

„მომხდარის გამო ჩემს შვილს ვეღარ ვუყურებ თვალებში. მინდა, რომ მოძალადეები კანონის ძალით დაისაჯონ. ადამიანები, ვინც ამოვიცანი, გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს. მე პოლიციაში ფორმა 100 მივიტანე, სადაც წერია, რომ ხელი მაქვს მოტეხილი. რაღაც საბუთებს აგროვებენ და არ ვიცი, შემდეგ რას იზამს პოლიცია“.

პანკისის ხეობაში შორტების გამო მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამა-შვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ დაიცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელი კარლო ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ

შორტს პანკისშიც ატარებენ, თუმცა მუხლს ზემოთ შორტი არ არის მიღებული,  რელიგიიდან, ადათ-წესებიდან და  ტრადიციიდან გამომდინარე.  შორტების ჩაცმის გამო ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირება ყოვლად მიუღებელია.
რამზან გორგიშვილი

გელა წელაურს და მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოთ, ხოლო სწრაფი და ეფექტური გამოძიების შედეგად მოძალადეები დროულად მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

შორტებით ქუჩაში გადაადგილების გამო მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია თავდაპირველად პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ადრეც არაერთხელ მომხდარა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში სავარაუდო მოძალადეები არ დასჯილან. სათემო რადიოს თანამშრომელი, რამზან გორგიშვილი, რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ ხეობაში უმრავლესობისთვის მსგავი შემთხვევები მიუღებელია და მხოლოდ ცალკეული ადამიანები არსებობენ, რომლებიც ძალადობენ. გორგიშვილის თქმით, მსგავს შემთხვევებში სავარაოდო მოძალადეები მომხდარს რელიგიას და ადათ-წესებს უკავშირებენ, თუმცა მისივე სიტყვებით, სავარაუდო მოძალადეების აზრს პანკისში უმრავლესობა არ იზიარებს:

„შორტს პანკისშიც ატარებენ, თუმცა მუხლს ზემოთ შორტი არ არის მიღებული, რელიგიიდან, ადათ-წესებიდან და ტრადიციიდან გამომდინარე. შორტების ჩაცმის გამო ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირება ყოვლად მიუღებელია. მედიაში გაშუქების დროს ამ ერთი ამბის განზოგადება ხდება მთლიანად პანკისზე და ეთნიკურად ქისტებზე, თუმცა თავად ადგილობრივებისთვისაც მიუღებელია ძალადობა, დაპირისპირება და ცემის ფაქტები. სამართალდამცველების მხრიდან გულგრილობის ფაქტებზე ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით და ასე ხდება ამ შემთხვევაშიც“.

პანკისში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაზე პოლიციამ გამოძიება ნიკო წელაურის მიმართვის საფუძველზე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიებას სოფელ დუისის პოლიცია აწარმოებს.