ჩხუბი და კამათი რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებში - მგზავრობა გაძვირდა

19 აგვისტოს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრებს დახვდათ ქაღალდზე ამობეჭდილი განცხადება, რომ მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი და 80 თეთრი გახდა. ფასი 30 თეთრით გაიზარდა.

სოციალურ ქსელში მაშინვე გაჩნდა უკმაყოფილო მგზავრების კომენტარები. რადიო თავისუფლება შეესწრო მძღოლისა და მგზავრის დაპირისპირებას. კამათი გამოიწვია მგზავრის მიერ ძველი ტარიფით თანხის გადახდამ, რასაც მძღოლის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მერიიდან მიღებული პროექტის საფუძველზე თბილისის მიმართულებით ექვს მარშრუტზე მგზავრობის 30 თეთრით გაძვირებას რუსთავის საკრებულო საბოლოოდ 9 აგვისტოს დაეთანხმა. კომპანია „ინტერტრანსი“ ტარიფის გაზრდას 8 თვის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა რუსთავის თვითმმართველობა თავს იკავებდა, სანამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა არ მიიღეს.

საკრებულო ფასის გაზრდას ისე დასთანხმდა, რომ რუსთაველმა აქტივისტებმა, რომლებიც მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებდნენ და ჩართული იყვნენ მიკროავტობუსების მუშაობის მონიტორინგში, საკრებულოს დღის წესრიგის შესახებ არაფერი იცოდნენ:

„ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია... საკრებულოს წევრები კი ამბობენ, რომ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, მაგრამ [საკრებულოს] შესაბამისი კომისიის სხდომა რომ ჩატარდა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დრო იხელთეს, აგვისტოს განმავლობაში მოსახლეობა გასულია ქალაქებიდან და იცოდნენ, რომ ნაკლები პროტესტი მოჰყვებოდა ამ ამბავს“.

17 აგვისტოს გივი შანიძემ თანამოაზრეებთან ერთად, კიდევ ერთი აქცია გამართა ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ. წინასწარ გამოცხადებული საპროტესტო აქცია იმდენად მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩა. ჟიული შარტავას ძეგლთან გაშლილ პლაკატს გამვლელები გვერდს გულგრილად უვლიდნენ. ზოგიერთმა ტარიფის გაძვირების შესახებ რადიო თავისუფლებისგან შეიტყო. 17 აგვისტოს აქციის მონაწილე ნიკა კურტანიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობისგან გულგრილ რეაქციას ელოდა, მაგრამ ასეთს არა:

„როგორც კი ადამიანებს მოუწევთ [მგზავრობის] გაზრდილი ფასის გადახდა, გამწვავდება [მოსახლეობის] რეაქცია, შედეგი იქნება ისეთივე, როგორიც იყო ზამთარში, როცა მოეწყო მსვლელობები და საპროტესტო გამოსვლები“.

აქციის მონაწილეები

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გიორგი ტყემალაძემ, გვითხრა, რომ პროტესტი გაგრძელდება და პრეტენზიები, პირველ რიგში, „ინტერტრანსის“ წინააღმდეგ იქნება, რომელიც მერიასთან დადებული ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტს არღვევს:

„ჩვენ მძღოლებთან პრეტენზიები არ გვაქვს, პრეტენზია გვაქვს მონოპოლისტ კომპანიასთან. რუსთავში არ არის სხვა კომპანია, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ინტერტრანსს“. თავად მძღოლების უფლებებიც ირღვევა. იმ ადგილებზე, სადაც მიკროავტობუსები საბოლოოდ ჩერდებიან, არ არის სველი წერტილები, კვების ობიექტები“.

როგორც გიორგი ტყემალაძე ამბობს, „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსებს დადგენილ ტევადობაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ და კომპანია არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს. მაგალითად, მიკროავტობუსებში არა აქვთ სამგზავრო აფთიაქი და ცეცხლმაქრები, ზოგიერთ მათგანზე კი გაზის ბალონია დამონტაჟებული. „ინტერტრანსში“ კი აცხადებენ, რომ კომპანიამ თვითმმართველობის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა და ხარვეზების გამოსწორებაც მიმდინარეობს.