"ჩცდ"-ს საკარანტინე სერიები - ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან

პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ 3 აპრილიდან ეკრანებზე ბრუნდება. თუმცა, ბრუნდება განსხვავებული შინაარსითა და ფორმით. უფრო ზუსტად კი ე.წ. საკარანტინე სერიებით. სერიალის ძირითადი შინაარსი, რომელსაც მაყურებელი მარტის შუა რიცხვებამდე ადევნებდა თვალს, დროებით შეჩერდა.

ქეთი დევდარიანი, სერიალის სცენარისტი, ახლა სწორედ საკარანტინე სერიების სცენარს წერს. მისი სამუშაო გრაფიკი კორონავირუსსა და თვითიზოლაციას არ შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლა სცენარისტს, უფრო რთული მისია აქვს შესასრულებელი - როგორ დააკავოს მაყურებელი ეკრანთან მაშინ, როდესაც ნახევარსაათიან სერიებში მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი მსახიობი ითამაშებს, და ისიც ერთ სივრცეში.

თუკი აქამდე სერიალის გადასაღებ მოედანზე ერთდროულად 30-40 კაცი მუშაობდა, ამჯერად, თითო სერიას მაქსიმუმ 9-კაციანი გუნდი გადაიღებს. ყოველი სერიის გადაღების წინ და შემდეგ, დეზინფექცია უტარდება როგორც აპარატურას, ისე გადასაღებ მოედანს.

ქეთი დევდარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, 9 საკარანტინე სერიის გადაღება იგეგმება, თუმცა, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამის დაზუსტებაც ჭირს:

„შეიძლება ითქვას, რომ გადავაფორმატეთ ჩვენი სამუშაო პროცესი. ჩვეულებრივი გადაღება შევცვალეთ სპეც-გადაღებით. გადასაღებ მოედანზე შეზღუდულია ადამიანების რაოდენობა. მთელი სერია არის ერთი სცენა, რომელშიც ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი თამაშობს და პლიუს სატელეფონო სცენები“.

სერიალის ძირითადი შინაარსის სერიების გადაღება მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა. ქეთი დევდარიანი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 10-12 სერია უკვე გადაღებულია, დარჩენილი იყო გარკვეული სცენები, რომლის გადაღებაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვეღარ მოხერხდებოდა:

„როგორც კი კორონავირუსი გადაივლის, ზუსტად იმ წერტილიდან გაგრძელდება სერიები, სადაც შეწყდა. თითქოს დრო გაჩერდა. როგორც ყველასთვის გაჩერდა დრო, შეწყდა მუშაობა, გადაადგილება, ისე მოხდა სერიალშიც. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ თუკი საქართველოშიც ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც სხვა ქვეყნებში, მოგვიწევდა გადაღებების გაჩერება, რადგან შეუძლებელი იქნებოდა გადასაღებ მოედანზე 30 და 40 ადამიანის ერთად ყოფნა. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვექნებოდა, მაგალითად, სცენები რესტორანში, ღამის კადრები. ვეღარ გადავიღებდით სცენებს, სადაც ხანდაზმული მსახიობები მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს იდეა, რომ გადაგვეღო ე.წ. საკარანტინე სერიები“.

3 აპრილს მაყურებელი „ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში“ პირველ სერიას ნახავს. სერიაში, რომელსაც ალბათ დამოუკიდებელი ნოველაც შეიძლება ეწოდოს, მხოლოდ ერთი მსახიობი, ილო ბეროშვილი თამაშობს. მისი პერსონაჟი, შავლეგო მადლიანი, საკარანტინე ქალაქში „გაიჭედა“:

„სცენა გადაღებულია ერთ ოთახში. იმის გამო, რომ ილია ბეროშვილის პერსონაჟი არ უყურებს ტელევიზორს და არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, ის მოხვდება საკარანტინე ქალაქში, არარსებულ ქალაქში, რომელიც ჩაკეტილია და მიუხედავად გავლენიანი კავშირებისა და მცდელობისა, ქალაქს ვერ ტოვებს“, - გვიყვება ქეთი დევდარიანი პირველი სცენარის შინაარსს.

4 აპრილს მაყურებელი ბაქარისა და მისი ცოლის სცენას იხილავს - როგორ ცდილობს სერიალის მილიონერი პერსონაჟი გადაურჩეს კორონავირუსს.

ქეთი დევდარიანის თქმით, საკარანტინე სერიებში დიდი ალბათობით, გასაგები მიზეზების გამო ვერ მოხვდება სერიალის მთავარი ოჯახი, გოცირიძეების მრავალშვილიანი ოჯახი.

„სხვა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისგან განსხვავებით, მართალია, ჩვენ სამსახური არ დაგვიკარგავს, მაგრამ მოგვიწია მოვერგოთ ამ სიტუაციას. დღეს, გადაღებებზე, იმ ხალხის ერთი მესამედიც კი არ მუშაობს, რამდენიც ჩვეულებრივ დასაქმებულია ამ სერიალის გადაღებების პროცესში. ამ სიტუაციაში, ახლა მხოლოდ ესაა გამოსავალი - თან საქმე გავაკეთოთ, თან ვირუსის აფეთქების შეჩერებას შევუწყოთ ხელი და ამით დავეხმაროთ ექიმებს“.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღებმა ჯგუფმა სამუშაო პროცესი ორი კვირის წინ შეწყვიტა. ამის შესახებ მათ განცხადება 18 მარტს გაავრცელეს: "ვიცით, ყველა მოუთმენლად ელოდებით ჩემი ცოლის დაქალების ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები. ამ დრომდე სამი გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი. დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება".

„ფორმულა კრეატივის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, „ჩემი ცოლის დაქალები“, ტელეეკრანზე 2011 წლიდან გადის. ამჟამად მაყურებელი სერიალის მეთექვსმეტე სეზონს ადევნებს თვალს.