ჩრდილოეთ კავკასიის მთიელი ებრაელები - უფრო მთიელები თუ უფრო ებრაელები?

მთიელი ებრაელები ლოცულობენ დერბენტის სინაგოგაში. 2023 წლის აპრილი.

ანტისემიტურმა პოგრომმა მაჰაჩყალის აეროპორტში, სადაც გავეშებული ბრბო დაეძებდა ისრაელის მოქალაქეებს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ებრაელებს კავკასიაში არასოდეს დაედგომებოდათ.

არადა, დაღესტანსა და ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკებში საუკუნეებია ცხოვრობენ ებრაელთა ჯგუფები - ე.წ. მთიელი ებრაელები - რომლებიც სრულად არიან ინტეგრირებულნი კავკასიის რთული ტომთაშორისი ურთიერთობების ქსოვილში. როგორც ეთნოგრაფები შენიშნავენ, თავიანთი ცხოვრების წესითაც ისინი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებს ჩამოჰგვანან და რეგიონის - კავკასიის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ოქტომბრის მიწურულს ებრაელებზე გამოცხადებული ნადირობა მაჰაჩყალასა და სხვა ქალაქებში ხალხის სპონტანურ გამოსვლაზე მეტად, ხელოვნურად შექმნილი და მართული პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს.

28-29 ოქტომბერს ანტისემიტური გამოსვლები გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ქალაქში - მაჰაჩყალაში, დერბენტში, ნალჩიკსა და ჩერკესკში. ყველაზე მეტი ხალხი მაჰაჩყალაში შეიკრიბა - იქ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 29 ოქტომბერს ხელში ჩაიგდო აეროპორტი, რათა გასწორებოდნენ ისრაელიდან ჩამოფრენილ მგზავრებს.

სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაადგინეს არეულობის 150-ზე მეტი მონაწილის ვინაობა და დააკავეს 60 ადამიანი. სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით:

  • რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მასობრივი არეულობის მოწყობა) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე, ამ მუხლის მე-2 ნაწილი (მასობრივ არეულობაში მონაწილეობა) – 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ასევე ნახეთ ებრაელების დაღესტნური „პოგრომი“ - რუსეთის „რელიგიური ჰარმონიიდან“ „სისტემურ ანტისემიტიზმამდე“

ყურადსაღები რამ განაცხადა დაღესტნის რესპუბლიკის თავკაცმა სერგეი მელიკოვმა: დაკავებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გაგრძელდება, თუკი ისინი დათანხმდებიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობასო.

„თუ რომელიმე დაკავებული გამოთქვამს სურვილს, როგორც იტყვიან, სირცხვილი ჩამოიბანოს, და მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მოხალისედ, ან კონტრაქტს გააფორმებს შეიარაღებულ ძალებთან, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - თქვა მელიკოვმა.

სერგეი მელიკოვი

28 ოქტომბერს ანტისემიტური აქცია გაიმართა ყარაჩაი-ჩერქეზეთშიც. ჩერკესკში, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ადამიანები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ არ შეეშვათ რესპუბლიკაში ისრაელელი ლტოლვილები.

„ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხის სახელით მოვითხოვთ, შეზღუდოთ ისრაელიდან ლტოლვილების შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ვითხოვთ, არ ააშენოთ თავშესაფარი ებრაელი ლტოლვილების მისაღებად“, - ითქვა აქციის მსვლელობისას.

მაჰაჩყალის აეროპორტი, 2023 წ. 29 ოქტომბერი

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი ამბობს, გაუგებარია, საიდან მოიტანეს აქციის ორგანიზატორებმა, რომ ისრაელში ლტოლვილები გაჩნდებოდნენ ან რატომ გაიქცეოდნენ ისინი მაინცდამაინც ყარაჩაი-ჩერქეზეთში და რატომ ააშენებდა რესპუბლიკის ხელისუფლება მათთვის თავშესაფრებს.

გუკემუხოვის თქმით, სწორედ ამ მოთხოვნებში ჩანს კავშირი მაჰაჩყალის აეროპორტში მოწყობილ განუკითხაობასთან: „უბრალოდ, მაჰაჩყალისგან განსხვავებით, ჩერკესკში არ არის საერთაშორისო აეროპორტი და, შესაბამისად, თელ-ავივის რეისებიც. ამიტომ, როგორც ჩანს, უბრალოდ გადაწყვიტეს „გაესახლებინათ ყველა ებრაელი და უკან აღარ შეეშვათ“.

მაჰაჩყალა - დაღესტნის დედაქალაქი, ქალაქის მოსახლეობა 574 ათასი
ნალჩიკი - ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქალაქის მოსახლეობა 240 ათასი
ჩერკესკი - ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს იმიერკავკასიაში, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 112 ათასს
დერბენტი - ქალაქი დაღესტანში. მნიშვნელობით მეორე ქალაქი რესპუბლიკაში, მოსახლეობა 101 ათასი

ნალჩიკელი უფლებადამცველი ვალერი ხატაჟუკოვი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში მოწყობილი ანტიებრაული აქციები დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაციის ნაწილია.

„ჩრდილოეთ კავკასიაში აბსოლუტურად არანაირი წინაპირობა არაა იმისთვის, რომ აქ რაიმე ფორმით არსებობდეს რადიკალური ანტისემიტიზმი ან რაიმე, რაც მართლა ჰგავს ანტისემიტიზმს - აქ ასეთი რამ არასდროს მომხდარა! ამიტომ მომხდარი პროვოკაციად მიმაჩნია. შესაბამისად, მას გაგრძელება არ ექნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

მაგრამ მე მინდა შევახსენო ამ ბატონებს, ამ დარბევების მონაწილეებს: როცა გვერდით ჩეჩნეთის ომი იყო, როცა ათიათასობით ჩეჩენი იღუპებოდა, სად იყო მაშინ ჩვენი ხმა? ისინიც მუსლიმები იყვნენ! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამოსვლა, მაგრამ ომი არ შეჩერებულა ზუსტად იმის გამო, რომ პროტესტი ძალიან სუსტი იყო...

რაც შეეხება თავად ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობის პრობლემას, მიმაჩნია, რომ პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას. თვითგამორკვევის უფლება ჩვენთვის წმინდაა. ისრაელის სახელმწიფოც უნდა იყოს. 7 ოქტომბერს მომხდარს ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. დაიღუპნენ ახალგაზრდები, ბავშვები... ამ თავდასხმის ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციები უნდა იყოს შერჩევითი და მიზანმიმართული. უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები - მოხუცები, ბავშვები - არ უნდა დაიღუპონ“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ვალერი ხატაჟუკოვმა, რომლის თქმითაც, სწორი იქნება, თუკი მაჰაჩყალასა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს დაერქმევა ანტიებრაული და არა ანტიისრაელური:

ვალერი ხატაჟუკოვი

„აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ არა ომის შეწყვეტას, არამედ ებრაელების გასახლებასა და კავკასიაში არშეშვებას. დამეთანხმეთ, ეს ორი სხვადასხვა რამეა... ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოებებში აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა“.

თათები თუ მთიელი ებრაელები?

ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი „პოგრომების“ კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ანტისემიტური არეულობები მაჰაჩყალაში „ძირითადად ინსპირირებული იყო უკრაინის ტერიტორიიდან დასავლეთის ქვეყნების აგენტების მეშვეობით“. ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამასთან, პუტინმა თქვა, რომ „პალესტინის დახმარება“ შეიძლება არა თათების „პოგრომების“ ორგანიზებით (მან ხაზგასმით ახსენა თათები და არა ებრაელები), არამედ უკრაინაში ბრძოლის გზითო.

თათები - ჩრდილოეთ კავკასიაში (დაღესტანში) მცხოვრები ხალხი. აგრეთვე ცხოვრობენ აზერბაიჯანსა და ირანში. თათების თავდაპირველი განსახლების არეალია ირანი. აქ თათები ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, თეირანსა და ყაზვინს შორის გაბნეულად არიან განსახლებულნი. თათების თვითსახელწოდებაა „თაგ“. თათები ლაპარაკობენ თათურ ენაზე, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფში შედის. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ თათური ენა ფარსის დიალექტია, რომელზედაც თავდაპირველად ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთ მიდიაში და ის ახლოს იყო მაზანდარანულთან, თალიშურთან, გილანურსა და დარიულთან.

მთის ებრაელები პირველად ცალკე თემად ჩათვალეს 1926 წლის საყოველთაო აღწერისას - მაშინ 25,9 ათასი ებრაელი ცხოვრობდა კავკასიის მთებში.

გასული საუკუნის ორმოციან წლებში (1948-1949 წწ.), როცა საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოხდა და დაიწყო ღია სახელმწიფო ანტისემიტიზმი, მთის ებრაელების ინტელიგენციამ მიმართა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ მათი ეთნიკური იდენტიფიკაცია მომხდარიყო არა რელიგიის, არამედ ენის მიხედვით. შესაბამისად, მოითხოვეს, პასპორტებში ეროვნების გრაფაში მათთვის ჩაეწერათ „თათები".

დერბენტის მთავარი რაბინი ოვადია ისაკოვი შვილთან ერთად. ოვადია ისაკოვის თქმით, დღეს დაღესტანში ებრაელების რაოდენობა დაახლოებით „300-400 ოჯახია“. რესპუბლიკის მოსახლეობის (3,2 მლნ) ძირითადი ნაწილი მუსლიმებია

პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის მკვლევარი და ებრაელთა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ლიტერატურის შესახებ მრავალი ნაშრომის ავტორი ვალერი დიმშიცი მთიელი ებრაელების განსახლებაზე საუბრისას რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელს მაირბეკ ვაჩაგაევს ეუბნება, რომ ირანში ლამის ბიბლიური დროიდან ცხოვრობდა ებრაული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საერთო ირანულ გავლენასთან ერთად გაიფანტა მიმდებარე რეგიონებში, მათ შორის კავკასიაშიც:

„უფრო ახლო პერიოდში, მნიშვნელოვანი იყო ებრაელთა იმიგრაცია აღმოსავლეთ კავკასიაში ირანის გილანის რეგიონიდან, ანუ კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროდან. ეს არის სადღაც XVII საუკუნის ბოლო პერიოდი. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იყო მიგრაციის ერთადერთი ტალღა. უდავოა, რომ ადრეც იყო სხვა ტალღები, მაგრამ დოკუმენტურად ამას ვერ დავადასტურებთ. თუ მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დერბენტის მახლობლად, დაახლოებით 10 კმ-ში მდებარეობს უკვე დაცარიელებული ებრაული დასახლება აბასოვო, სადაც შემორჩენილია ძველი ებრაული სასაფლაო. ამ სასაფლაოს ყველაზე ძველი საფლავის ქვა დაახლოებით მე-17 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება“.

დევიდ აბრომავიჩი, დერბენტის ებრაული სასაფლაოს მცველი

ვალერი დიმშიცის თქმით, საკუთრივ დერბენტში ებრაელები დასახლდნენ XVIII საუკუნის ბოლოს, თუმცა სამხრეთ დაღესტნის ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი XX საუკუნის შუა პერიოდამდე ცხოვრობდა დერბენტის გარშემო მიმოფანტულ აულებში.

„დაღესტნის შუა და ჩრდილოეთ რაიონებში ვითარება თვისებრივად შეიცვალა XIX საუკუნის შუა წლებში, როდესაც ომის შედეგად გაზრდილი რელიგიური შეუწყნარებლობის გამო (რაც მთლიანობაში არ იყო დამახასიათებელი კავკასიისათვის), ებრაული მოსახლეობა იძულებული გახდა თავი შეეფარებინა რუსული გარნიზონებისათვის. ასე გაჩნდა რუსულ ციხე-ქალაქებში მთიელ ებრაელთა თემები“, - ამბობს ვალერი დიმშიცი, რომლის თქმითაც, მთიელი ებრაელებიც იცავდნენ კავკასიურ ადათებს, თუმცა, ცხადია, სარწმუნოება და ენა თავისი ჰქონდათ.

მთიელი ებრაელები აღიარებენ იუდაიზმს და ეს არის ის, რაც აერთიანებთ ებრაელებს მთელ მსოფლიოში. ისინი ლაპარაკობდნენ და მრავალი თვალსაზრისით დღესაც საუბრობენ საკუთარ ენაზე - არსებობს თათის ებრაული დიალექტი, რომელიც ლიტერატურული თათური ენის საფუძველია. ისინი თავიანთ ენას უწოდებენ „ჯიურის“, რაც, ფაქტობრივად, ითარგმნება როგორც „ებრაული“. ჯიური დასავლურირანული, სპარსულის მონათესავე ენაა.

უფრო მთიელები თუ უფრო ებრაელები?

როგორც ეთნოგრაფები განმარტავენ, ტერმინ „მთიელს“ მხოლოდ პირობითი კავშირი აქვს მთებთან. ეს ეთნონიმი მეფის ხელისუფლების ბიუროკრატიული საქმიანობის შედეგია. რუსეთის რევოლუციამდელი, ცარისტული კანონმდებლობა ძალიან რთული, დამაბნეველი და დისკრიმინაციული იყო - რუსეთის იმპერიის მცხოვრებლები განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში (სტატუსში) იმყოფებოდნენ. იმ თემთა შორის, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები, იყვნენ ე.წ. მთიელი ხალხებიც. განსხვავებული, ძალიან დისკრიმინაციული კანონმდებლობა იყო ებრაელებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ სახელმწიფო სამსახურში და გამხდარიყვნენ სახელმწიფო მოხელეები. ისინი ასევე ვალდებულნი იყვნენ ეცხოვრათ განსაზღვრულ ე.წ. ბინადრობის არეალებში და არ შეეძლოთ ეცხოვრათ სოფლად, ჰქონოდათ მიწა და ა.შ. ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა ევროპელ ებრაელებზე, მაგრამ არ ვრცელდებოდა მთიელებზე, მათ შორის - მთიელ ებრაელებზე.

ვალერი დიმშიცი

კიდევ რა განსხვავება იყო მთიელ და ევროპელ ებრაელებს შორის? - ამ კითხვის პასუხად ებრაისტი ვალერი დიმშიცი ამბობს:

„კავკასიაში სოციალური პირობები, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრად განსხვავდებოდა ევროპულისგან. ე.წ. ევროპელი ებრაელები ვაჭრობითა და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი - ტიპური ქალაქური საქმიანობით. ხოლო მთის ებრაელთა აბსოლუტური უმრავლესობა 100 და მით უმეტეს 150 წლის წინ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული ანუ გლეხები იყვნენ. შესაბამისად, ევროპელი და კავკასიელი ებრაელები - ორი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არ ჰგვანან ერთმანეთს. აერთიანებთ რელიგია. სახეზეა საერთო იდენტობა, რომელიც დაკავშირებულია აღმსარებლობასთან, მაგრამ მთლიანობაში მათ შორის დიდი განსხვავებაა“.

კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კავკასიაში ებრაელების დარბევა - „პოგრომები“ თითქმის არ ყოფილა, მაშინ როცა თითქმის ყველგან, მათ შორის რუსეთის იმპერიაში, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.

მთიელი ებრაელი ქალი

„პოგრომს, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზებულ ძალადობას, მათ შორის ძალადობას ეკონომიკური მოტივით, უნდა ჰქონდეს სოციალური მიზეზები. ვიღაცის დარბევისა და გაძარცვისთვის აუცილებელია, რომ ეს ვიღაცა მკვეთრად განსხვავდებოდეს ცხოვრების წესით და გამიჯნული იყოს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სოციალური ბარიერებითაც. ამ გაგებით მთიელი ებრაელები არ იძლეოდნენ ანტაგონიზმის არანაირ წინაპირობას. ეს იყო ძირითადად სოფლის ღარიბი მოსახლეობა. ნალჩიკსა და გროზნოში ისინი ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ თავიანთი ცხოვრების წესით, ქცევის სტილით და სოციალური როლით ისინი ძალიან მცირედით განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. კავკასიაში მათი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიისა და რაიმე გამორჩეული სოციალური როლის არარსებობის გამო, მთიელი ებრაელები ძალიან ღრმად იყვნენ ინტეგრირებულნი ადგილობრივ კანონებსა და წეს-ჩვეულებებში და, შესაბამისად, ისინი თავისიანებად აღიქმებოდნენ“, - ამბობს ვალერი დიმშიცი.