ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანის და წაღვლის მიმართულებით ვითარება სულ უფრო მძიმდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ამ სოფლების სიახლოვეს, ტყის მასივში ორ ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს აწყობენ. კიდევ ერთი საგუშაგო კი ოკუპირებულ სოფელ წნელისთან აქვთ განთავსებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ადგილას; ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო.
ასევე ნახეთ სუსი ადასტურებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების უკანონო სამუშაოებს„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - აცხადებენ სუსის პრესსამსახურში.
ქართული სოფლების სიახლოვეს სამი საგუშაგოს განთავსებით, ფაქტობრივად, ალყაში ექცევა ჩორჩანის ტყეში, აგვისტოს ბოლოს მოწყობილი ქართული საპოლიციო საგუშაგო. ადგილობრივი მოსახლეობა კი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ჩორჩანაში ამჟამად ოცამდე კომლია, ერთ დროს ეს სოფელი 45 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სახლების ნახევარი ცარიელია.
ასევე ნახეთ ჩორჩანის ტყის ამბებიჩორჩანის მოსახლეობა მიმდებარე ტყეს მხოლოდ შეშის მოსაპოვებლად არ იყენებდა. ჩორჩანელები გაზაფხულზე აქ ყოჩივარდებს და იებს აგროვებდნენ და მარტის დღესასწაულებზე ხაშურის ბაზარში ყიდდნენ, მოგვიანებით კი ჯონჯოლის კრეფის სეზონიც იწყებოდა. გასულ წლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ჯონჯოლის კრეფისას არაერთი ადგილობრივი დაუკავებიათ. ბოლო დროს ტყეში წასვლა მონადირეებისთვისაც საშიში გახდა. ჩორჩანელები ამბობენ, რომ ახლა საოკუპაციო ძალებმა სოფელთან იმაზე ახლოს მიიწიეს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, ამიტომ ტყეში წასვლა უფრო მეტად სახიფათო ხდება.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელს სხვა პრობლემებიც აწუხებს. დანგრეულია სოფლამდე მისასვლელი გზა. წლებია ჩორჩანელებს სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ. ზაფხულში ჭებში წყალიც შრება და მთელი სოფელი ერთ პატარა წყაროზე ხდება დამოკიდებული.
ასევე ნახეთ საგუშაგოები საგუშაგოების წინააღმდეგხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ ჩორჩანის და წაღვლის პრობლემების შესახებ მათთვის ცნობილია. მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი აცხადებს, რომ გზის და სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრა მალე დაიწყება. უსაფრთხოების საკითხებზე კი შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ.
ჩორჩანაში პოლიციას ყოველდღე ხედავენ, მაგრამ ისინი ყოველდღე სოფელთან ახლოს ოსური დროშის ფრიალს და იქვე განთავსებულ საგუშაგოებზე შეიარაღებული პირების მოძრაობასაც ამჩნევენ, ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.