ჩინური ცენზურის ექსპორტი რუსეთში - როგორ აკონტროლებენ ინტერნეტს მოსკოვი და პეკინი

რუსულმა ინტერნეტმარეგულირებელმა ორგანომ როსკომნადზორმა (РКН) ჩინეთის კიბერადმინისტრაციასთან გამოცდილების გაზიარება იმაზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე 2022 წელს მოსკოვი და პეკინი „უსაზღვრო“ პარტნიორობის შესახებ განცხადებას გააკეთებდნენ. წყარომ, რომელიც იცნობს ამ მოლაპარაკებების შინაარსს, დახურული შეხვედრების ოქმები და აუდიოჩანაწერები გადასცა „სისტემას“ - „Current Time“-ისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტს.

მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის ივლისში როსკომნადზორი და ჩინეთის კიბერადმინისტრაცია განიხილავდნენ მედიის გავლენის საკითხს ალექსეი ნავალნის მიერ იმავე წლის გაზაფხულში გამართულ აქციებზე. 2019 წელს, მარეგულირებლებმა ისაუბრეს „აკრძალული შინაარსის“ გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ როსკომნადზორმა მართლაც დაიწყო ამ ტექნოლოგიის გამოყენება. როსკომნადზორმა და კიბერადმინისტრაციამ ასევე მოაწერეს ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჩინურმა მხარემ სთხოვა რუსეთის უწყებას დაბლოკოს მისთვის მიუღებელი ინფორმაცია, კერძოდ, სოციალურ ქსელ VKontakte-ში გვერდი უიღურული ცეკვების შესახებ.

დახურულ კარს მიღმა

2017 წლის ივნისში, როსკომნადზორის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა მიიღო წერილი, რომელსაც ხელს აწერდა რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ სმირნოვი. წერილის მიხედვით, სმირნოვმა ჟაროვი მიიწვია მესამე რუსულ-ჩინურ მედიაფორუმზე, რომელიც 4 ივლისს სასტუმრო „პრეზიდენტში“ გაიმართა ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფონზე. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე დასწრების გარდა, ჟაროვს შესთავაზეს იმავე დღეს დახურული შეხვედრის ორგანიზება როსკომნადზორისა და ჩინეთის კიბერადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა მომხდარიყო „ინტერნეტსფეროს რეგულირებაში გამოცდილების გაცვლა“. არასაჯარო მოლაპარაკებების ინიციატორი, წერილის მიხედვით, ჩინური მხარე იყო.

როსკომნადზორის ვებსაიტზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ჟაროვმა მიიღო მონაწილეობა ფორუმში, ასევე ატვირთულია ფოტო დახურული შეხვედრიდან, მაგრამ მონაწილეთა შემადგენლობა და მასზე განხილული საკითხები მითითებული არ არის. დოკუმენტებისა და აუდიოჩანაწერების მიხედვით, მოლაპარაკებები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ჩატარდა 4X4-ზე ფორმატში, თუ არ ჩავთვლით თარჯიმნებს: ალექსანდრ ჟაროვის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ მისი ორი მოადგილე და ერთი თანაშემწე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოდგენილი იყო კიბერსივრცის ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილით (რენ სიანლინი) და კიბერადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურის სამი მაღალი რანგის თანამშრომლით.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რუსეთ-ჩინეთის მედიაფორუმზე 2017 წელს

ორივე მხარემ წინასწარ მოამზადა კითხვების სია ერთმანეთისთვის, თუმცა მხოლოდ როსკომნადზორის წარმომადგენლებმა მოასწრეს მათზე პასუხის გაცემა, რენ სიანლინი შემოიფარგლა შესავალი სიტყვით.

როსკომნადზორის ხელმძღვანელობა დაინტერესდა როგორც „ნებართვის, კონტროლისა და საზედამხედველო საქმიანობის ჩინური მექანიზმებით“ მასმედიის, ინტერნეტმედიისა და „ცალკეული ბლოგერების“ სფეროში, ასევე მესინჯერების სახელმწიფო რეგულირების პრაქტიკით, ბლოკირების გვერდის ავლასთან გამკლავების მეთოდებით, დაშიფრული ტრაფიკითა და VPN-ით.

ჟაროვმა შესთავაზა ჩინეთის კიბერადმინისტრაციას, მიავლინოს ჩინელი სპეციალისტები რუსეთში, რათა შეისწავლონ ბლოკირების რუსული სისტემის ტექნიკური ასპექტები, რომელსაც როსკომნადზორის ხელმძღვანელმა არამოკრძალებულად უწოდა „მაღალეფექტიანი“. ჟაროვი ასევე დაინტერესდა იმით, თუ როგორ არის მოწყობილი „ოქროს ფარი“, რომლის დახმარებითაც ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს და „აცენზურებს“ ინტერნეტტრაფიკს: ჟაროვმა ითხოვა რუსი სპეციალისტების გაგზავნა ჩინეთში სისტემის შესასწავლად, რომელსაც ასევე უწოდებენ „დიდ ჩინურ ფარს“ (Great Firewall of China). „რუსეთში აკრძალული ინფორმაციის 95% უცხოური წარმოებისააო“, - დააზუსტა ჟაროვმა.

ჩინურ მხარეს აინტერესებდა, როგორ ახდენს აკრძალული ინფორმაციის კლასიფიცირებას როსკომნადზორი, რა მეთოდებს იყენებს პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად და ინტერნეტის მონიტორინგისთვის, ასევე როგორ იყენებს სახელმწიფო ინტერნეტს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ რუსეთის „დადებითი იმიჯის“ შესაქმნელად. ჟაროვმა განმარტა, რომ ეს უკანასკნელი საკითხი შედიოდა არა როსკომნადზორის, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაში.

პოლიცია აკავებს ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული მიტინგის დროს. მოსკოვი, 2017 წლის 26 მარტი.

გარდა ამისა, ჩინეთის დელეგაციამ ჟაროვს ჰკითხა 2017 წლის 26 მარტს მთელი რუსეთის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების შესახებ. ამ დღეს კორუფციის წინააღმდეგ აქციები მოაწყო ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გამოუშვა ფილმი „ის თქვენი დიმონი არ არის“ - ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ელიტარული უძრავი ქონების შესახებ.

ჩინეთის კიბერადმინისტრაცია დაინტერესდა, თუ როგორ ახდენს გავლენას მედია „ამ პროცესზე“ და როგორ აკონტროლებს როსკომნადზორი მედიაში საპროტესტო აქციების გაშუქებას. ჟაროვმა ამ კითხვას დეტალურად უპასუხა. მისივე თქმით, აქციები ზოგიერთ ქალაქში შეთანხმებული იყო, ამიტომ მისმა უწყებამ არ დაბლოკა ინფორმაცია, რომლითაც ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე იწვევდნენ, არასანქცირებულ მიტინგებზე „მიწვევები“ კი არ დაიბლოკა მოსახლეობაში რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის „ძალიან მაღალი დონის“ გამო - „დაახლოებით 89%-ზეა საუბარიო“, - შენიშნა ჟაროვმა.

ალექსანდრ ჟაროვი

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიხედვით, 2017 წლის მაისისთვის პუტინის ნდობის რეიტინგი 50%-ზე დაბლა დაეცა, ხოლო მისი პოლიტიკის მოწონების რეიტინგი, „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, 81%-ს შეადგენდა.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა ენახა, რამდენი ადამიანი მივიდოდა ამ აქციებზე ამგვარი მხარდაჭერის ფონზე, - თქვა ჟაროვმა, - აქციები არ იყო მრავალრიცხოვანი, მათში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა და მათი მსვლელობისას არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. მხოლოდ იქ, სადაც აქციები არასანქცირებული იყო, რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, სულ ეს იყო, თუმცა დაკავებულებიც საკმაოდ სწრაფად გაათავისუფლეს“.

როსკომნადზორის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ყველა მედია, რომელსაც აქვს „სოციალურ-პოლიტიკური“ დღის წესრიგი, უწყების „მუდმივი მონიტორინგის“ ქვეშ იმყოფება. პროტესტისადმი ინტერესი კი, ჟაროვის თქმით, თითქოსდა „რამდენიმე დღეში“ ჩაცხრა პრეზიდენტის „დიდი მხარდაჭერის“ გამო.

შეხვედრის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, როსკომნადზორის ხელმძღვანელობამ შეადგინა ანგარიში - მოლაპარაკების მოკლე შინაარსი - უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის (ФСБ). დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალექსანდრ ჟაროვმა მიზანშეწონილად მიიჩნია „ინფორმაციის დაბლოკვის დახვეწის მიზნით ძალისხმევის გაერთიანება“ და აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთსა და ჩინეთს შორის „გამოცდილების გაცვლა ტექნიკური სპეციალისტების დონეზე“.

„2017 წელს მოხდა გარდატეხა, რამაც განსაზღვრა რუსული ინტერნეტის განვითარების მიმართულება, - ამბობს ანდრეი სოლდატოვი, ჟურნალისტი და თანაავტორი წიგნისა „წითელი ქსელი. რუსი ციფრული დიქტატორები ქსელური რევოლუციონერების წინააღმდეგ“, - მაშინ რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა კონტროლის უფრო რთული სისტემის შექმნაზე, - იმაზე, რაც ახლა გვაქვს. და როგორც ჩანს, მათ გარკვეული გადაწყვეტილებები ჩინეთიდან გადაიღეს“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 18 ივლისს, შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, როსკომნადზორის „შვილობილმა“ უწყებამ „მთავარმა რადიოსიხშირულმა ცენტრმა“ მოამზადა შიდამოხმარებისთვის 500-გვერდიანი დოკუმენტი სახელწოდებით „ექსპერიმენტი „ის თქვენი დიმონი არ არის“, რომელიც ასევე ჩაუვარდა ხელში „სისტემას“. ანგარიშში გაანალიზებულია ამავე სახელწოდების ფილმსა და მასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე მომზადებული მასალების მედიაში გაშუქების განაწილება თვეებისა და კვირების მიხედვით. ანგარიშიდან ჩანს, რომ ჟაროვმა ჩინელებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საპროტესტო აქციებისადმი ინტერესის „ორიოდ დღეში“ კლებასთან დაკავშირებით: სინამდვილეში ინტერესი მხოლოდ ივლისისთვის შესუსტდა.

ხელოვნური ინტელექტი და უიღურთა ცეკვები

„ასეთი მაღალი დონის მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. ისინი ყოველთვის მიზნად ისახავენ იმის გაგებას, თუ რას აკეთებს მეორე მხარე ამა თუ იმ სფეროში, სად აქვთ პრობლემები და, პირიქით, რა შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთისგან“, - ამბობს ენდრიუ სმოლი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი თანამშრომელი და ავტორი წიგნისა „No Limits: The Inside Story of China's War with the West“.

სმოლის სიტყვებით, ინტერნეტცენზურას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ დისკუსიებში, რადგან ის დაკავშირებულია შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და „გარე ძალების მუდმივი ჩარევის შესახებ“ რუსეთისა და ჩინეთის საერთო აღქმასთან.

ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი იყო 2016 წლის აპრილი, როდესაც რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა კომპანიამ, „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგამ“ (ფინანსდება რუსი კონსერვატორი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ), მოსკოვში მოაწყო კონფერენცია ჩინეთის დიდი დელეგაციის მონაწილეობით. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლუ ვეი, მაშინდელი კიბერადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დელეგატებს შორის იყო „ჩინეთის დიდი ფარის“ არქიტექტორი ფან ბინსინი.

პუტინმა და სი ძინპინმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთსა და ჩინეთს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე.

კონფერენციის ჩატარების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა 2015 წლის დეკემბერში პეკინში ფანსა და რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს ეგორ შჩეგოლევს შორის. ამის შესახებ The Guardian-ს უამბო დენის დავიდოვმა, „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. მანამდე ჟურნალი „ექსპერტი“, თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ შჩეგოლევი შესაძლოა სსრკ კგბ-დან იყო მოსული ისევე, როგორც თავად პუტინი.

ჟურნალისტ ანდრეი სოლდატოვის თქმით, შჩეგოლევი, რომელიც ახლა ცენტრალურ ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტს იკავებს, იყო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ჩინეთისკენ შებრუნებას იმ დროს, როდესაც ზოგიერთი სპეცსამსახური უნდობლად ეკიდებოდა ინფორმაციას რუსეთის საშინაო საქმეებში ჩინეთის ჩარევის გაზრდილი სურვილის თაობაზე.

2017 წელს, სასტუმრო „პრეზიდენტში“ ზემოაღნიშნული დახურული შეხვედრის გარდა, როსკომნადზორის ხელმძღვანელობამ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერადმინისტრაციასთან: ოქტომბერში, მოსკოვში გამართული კონფერენციის „პერსონალური მონაცემების დაცვის“ ფარგლებში და დეკემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჟენში გამართული „მსოფლიო ინტერნეტკონფერენციის“ ფარგლებში. „სისტემისათვის“ უცნობია ამ მოლაპარაკებების შინაარსი.

რუსეთისა და ჩინეთის უწყებების წარმომადგენლებს შორის მორიგი დახურული შეხვედრა გაიმართა 2019 წლის 17 ივლისს მოსკოვში - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ. სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს მხარეებმა „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების“ შესახებ კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტის განვითარების სფეროებში. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ალექსანდრ ჟაროვი, ჩინეთის დელეგაციას კი - კიბერადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩუნ რონგვენი. პრესრელიზში როსკომნადზორმა განაცხადა, რომ დელეგაციებმა განიხილეს „ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო რეგულირების გამოყენების შესახებ“. თუმცა, დოკუმენტებში, რომლებიც „სისტემამ“ შეისწავლა, მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხები აინტერესებდა როსკომნადზორს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ

კერძოდ, როსკომნადზორის წარმომადგენლებმა იკითხეს, თუ როგორ ეწინააღმდეგება ჩინეთი რესურსებს, რომლებიც ცდილობენ გვერდი აურონ ბლოკირებას. ნიმუშად რუსეთის წარმომადგენელმა მოიტანა Telegram-მესენჯერი, რომლის დაბლოკვაც სააგენტომ წარუმატებლად სცადა 2018 წელს. როსკომნადზორი ასევე დაინტერესდა, იყენებს თუ არა ჩინეთი ხელოვნურ ინტელექტს „აკრძალული კონტენტის“ როგორც იდენტიფიცირებისთვის, ასევე დასაბლოკად. „სისტემა“ ადრე წერდა, რომ 2023 წელს როსკომნადზორმა დაიწყო ნეიროქსელების გამოყენება რუსეთის მოქალაქეების თვალთვალის მიზნით: მაგალითად, ისეთი პოსტების გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეურაცხყოფას“ ან შეტყობინებებს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში, როსკომნადზორმა და ჩინეთის კიბერადმინისტრაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „აკრძალული ინფორმაციის“ გავრცელების ხელის შეშლის შესახებ. „სისტემისათვის“ ცნობილია სულ მცირე სამი შემთხვევა, როდესაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერადმინისტრაციამ გაგზავნა მოთხოვნა როსკომნადზორში, დაბლოკოს რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ინფორმაცია.

2017 წლის მარტში ჩატარებული ანტიკორუფციული აქციები ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: იმ დღეს 36-დან 88 ათასამდე ადამიანი გამოვიდა რუსეთის 97 ქალაქის ქუჩებში.

2019 წლის დეკემბერში ჩინეთის წარმომადგენლებმა შეადგინეს სამი წერილი იმ ინტერნეტრესურსების ბმულების მითითებით, რომლებიც, ავტორთა აზრით, „შეიცავენ ხიფათს და აყენებენ ზიანს საზოგადოებრივ ინტერესებს“. ასეთ დამაზიანებელ ინფორმაციად წერილებში მითითებულია BBC-ის მასალა ჩინეთში „ტუალეტის რევოლუციის“ შესახებ, რომელიც სი ძინპინმა გამოაცხადა 2015 წელს ქვეყანაში სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით; ასევე ბლოგპოსტი, რომელშიც საუბარია ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ზურგის შესაძლო ტრავმაზე. „ჩინურ სიაში“ ასევე მოხვდა ბმული, რომელიც აღწერს მეთოდს, თუ როგორ უნდა აუარო გვერდი „ჩინეთის დიდ ფარს“ და გაზეთის The Epoch Times-ის საიტი, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთში დევნილ რელიგიურ მოძრაობა Falun Gong-თან.

ეს წერილები ასევე შეიცავს ბმულებს, რომლებსაც მომხმარებელი გადაჰყავს სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეს“ ორ პროფილზე. პირველი გვერდი ეკუთვნის კაცს, სახელად განიბეკს, რომელმაც თავის პროფილში დაამატა მოცეკვავე წყვილის ვიდეო სახელწოდებით „რუსტამი და ზუმრადი (უიღურების ცეცხლოვანი ცეკვა)“. ცნობილია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არაერთხელ დასდეს ბრალი უიღურების ჩაგვრასა და გენოციდშიც კი. მეორე გვერდი - ჩინელი სტუდენტის პროფილი, რომელიც შეიცავს ჩინეთის ყოფილი ლიდერის ძიან ძემინის დაარქივებულ ვიდეოინტერვიუს (ტელეკომპანია CBS-ის მასალა). ინტერვიუში, წერილის ტექსტის მიხედვით, განიხილება ადამიანის უფლებების საკითხები, ერთპარტიული მმართველობა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები და რელიგიური თავისუფლება.

როსკომნადზორის საპასუხო წერილებიდან გამომდინარეობს, რომ დეპარტამენტმა ამ ბმულებში ვერ იპოვა ასაკრძალი ინფორმაციის ნიშნები. როსკომნადზორმა სთხოვა ჩინელ კოლეგებს, განემარტათ, რომელი ინფორმაციაა მიწოდებულ სიებში აკრძალული და რაში მდგომარეობს დარღვევები. ამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის „ჩინურ სიაში“ მითითებული რესურსები ჯერ ისევ არ იყო დაბლოკილი.

„მოთხოვნების მასშტაბი საკმაოდ დიდია და ის სცილდება პეკინის პრობლემური თემების კლასიკურ ჩამონათვალს, რომელშიც შედის უიღურთა ავტონომია, ტაივანი, ტიბეტი, - ამბობს ენდრიუ სმოლი, - ესაა იმიჯის მართვისადმი ფართო მიდგომა. საინტერესოა, რომ პეკინი თავს უფლებას აძლევს, მსგავსი თხოვნებით მიმართოს რუსულ მხარეს“.

ჩინეთს შეუძლია შიდა პრობლემების გადაჭრისადმი თავისი მიდგომების ექსტრაპოლაცია სხვა ქვეყნებზე, ამიტომ ასეთი მოთხოვნები რუსეთის მიმართ იმის ილუსტრაციაა, თუ საით მოძრაობს მოსკოვისა და პეკინის თანამშრომლობა, ასკვნის ექსპერტი.

როსკომნადზორმა, ჩინეთის კიბერადმინისტრაციამ და ორივე ქვეყნის საელჩოებმა არ უპასუხეს „სისტემის“ კითხვებს.