ჩინური ტექსტილის „მოგზაური გამოფენა“ საქართველოში

„მოგზაურობა საქართველოში“, - ასე ჰქვია თანამედროვე ჩინური მხატვრული ტექსტილის გამოფენას, რომელიც 24 აპრილს თბილისში გაიხსნა.

61 ცნობილი ჩინელი მხატვრის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული 60 ნამუშევარი ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი.

გამოფენაზე ნახავთ შემდეგი ტექნიკით შესრულებულ ნამუშვრებს - მხატვრული ღებვა, ნაქარგობები, ქესი - ტრადიციული ჩინური ორმხრივი ქსოვა, აბრეშუმის წმინდა ძაფისა და ოქროს სირმის გამოყენებით.

გამოფენა ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში ოცწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად მოეწყო და ცნობილი ქართველი მხატვრისა და პედაგოგის, ქართული გობელენის ფუძემდებლის, გივი ყანდარელის დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა.

ჩინეთში, სადაც გივი ყანდარელი მრავალი წელი ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლებელში, მას „გობელენის მეფეს“ უწოდებდნენ. მის სახელს უკავშირდება მხატვრული ტექსტილის სფეროში პრესტიჟული საერთაშორისო ბიენალეს „ლოზანადაც პეკინში“ დაფუძნებაც.

გამოფენის იდეის ავტორია ლინ ლიჩენი - ჩინეთის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხატვრული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ცინხუას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის პროფესორი.

გამოფენის „მოგზაურობა საქართელოში“ ფინანსური მხარდამჭერია ჩინეთის ხელოვნების სახელმწიფო ფონდი.

ჩინური ტექსტილის ამ მოგზაურმა გამოფენამ საქართველოში ჩამოსვლამდე მოიარა აშშ. უკრაინა, კოლუმბია, ბელარუსი, ეკვადორი, პოლონეთი, ბრაზილია, მექსიკა, ტანზანია და ავსტრალია.

თბილისში „მოგზურობა საქართველოში“ 12 მაისამდე გაგრძელდება.