ჩინეთის ხაფანგში? - როგორ იცვლის საქართველო მეგობრებს 

ჩინეთი უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსთვის. გახდება იგი საგარეო პოლიტიკის ახალი ვექტორი?

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებული პოზიციების გამო, პოლიტიკის ანალიტიკოსები სულ უფრო და უფრო თავდაჯერებით მიუთითებენ მის ანტიდასავლურ შემობრუნებაზე.

პარალელურად, პროსახელისუფლებო წრეებში საუბრობენ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებაზე, შეერთებული შტატების როლის შესუსტებასა და ჩინეთის გაძლიერებაზე, ხოლო დასავლეთის ალტერნატივად სახავენ სწორედ ჩინეთს, რომელიც „სხვა ერებს ლიბერალიზმს არ ახვევს თავს“.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სინამდვილეში, საქართველოსთვის, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არ არსებობს პროდასავლური კურსის ალტერნატივა, რომელიც პრორუსული არ არის…

„სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება“

ორიოდე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ, - განსხვავებით სხვა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისაგან, - დუმილი არჩია საფრანგეთში ჩინეთის ელჩის სკანდალურ კომენტარზე.

21 აპრილს საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაემ საფრანგეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში, უკრაინაზე საუბრის დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჯერ უკრაინის მიერ ყირიმის ფლობა, შემდეგ კი, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი.

„საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით, ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი, მათ არ აქვთ სტატუსი… როგორ ვთქვა… ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რაც დაადასტურებდა მათს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს“, - თქვა მან.

ჩინეთის ელჩი საფრანგეთში, ლუ შაე

ელჩის ამ რემარკამ ვნებათაღელვა გამოიწვია ევროპულ დედაქალაქებში, - განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილ სუბიექტებში.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „მიუღებელი“ უწოდა ლუს რემარკას და თქვა, რომ „დიპლომატს არ შეეფერება ასე საუბარი“;
  • „მიუღებელი“ უწოდა ელჩის ნათქვამს ჟოზეპ ბორელმაც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში;
  • ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო უწყებებმა ჩინეთის ელჩები განმარტებებისთვის დაიბარეს;
  • პარიზში ელჩის საკითხი დააყენეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე ლუქსემბურგში 24 აპრილს;

საბოლოოდ, 24 აპრილს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის პოზიცია უკრაინისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ არ შეცვლილა: ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებსო.

საქართველოს დუმილი - „უხერხემლო პოლიტიკა“?

საქართველოს მთავრობას, მის საგარეო უწყებას, ამ საკითხზე საჯარო რეაგირება არ ჰქონია.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ფიქრობს, რომ ჩინეთის ელჩის ეს განცხადება, - რომელიც, მისი ვარაუდით, მხოლოდ ელჩის ინიციატივით ვერ გაკეთდებოდა, - სხვადასხვა სახელმწიფოს რეაქციების მოსინჯვას ისახავდა მიზნად, ხოლო საქართველომ თავისი დუმილით ეს ტესტი ვერ ჩააბარა:

„ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, რასაც პოლიტიკური პასუხი სჭირდებოდა, - და ვიხილეთ კიდეც ევროკავშირისგან და სხვა ქვეყნებისგან“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წლებში

თინა ხიდაშელი ამჟამად ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“, რომელიც ჩინეთის ინტერესებს იკვლევს საქართველოში. ყოფილი მინისტრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს „სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ და გვეუბნება:

„აქ იმაზე საუბარი ხომ არ არის, რომ „ვაჭრობა ავკრძალოთ ჩინეთთან“… ჩინეთის წარმომადგენლისგან კეთდება ასეთი განცხადება, რომელსაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნებისგან, რომელთაც ეს ეხებოდა, ჩვენ კი ავირჩიეთ დუმილი. ავირჩიეთ დუმილი სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის დაყენებაზე მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლებას სრულიად უტვინოდ აქვს აჩემებული სიტყვა სუვერენიტეტი და, სადაც არ არის საჭირო, იქ გვესაუბრება მისი სახელით, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობაში. ეს არ არის სიფრთხილე. ეს არის გაგრძელება იმ შიშის და უხერხემლობის პოლიტიკისა, რომლითაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოირჩევა ამ ბოლო წლების განმავლობაში“.

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე მიიჩნევს, რომ ჩინეთის განმარტების შემდეგ, შესაძლებელია, საქართველოს სიფრთხილე პრაგმატულად მივიჩნიოთ, თუმცა „როდესაც საქმე შეეხება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, და მის სუვერენიტეტს, პრინციპული პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და ეს ავტომატურად არ გულისხმობს ჩინეთთან კონფრონტაციას, რადგან, ფორმალური თვალსაზრისით, ჩინეთი აღიარებს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, მიუხედავად იმისა, ისინი არიან „დიდი თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი, მდიდარი თუ ღარიბი“.

საქართველოს მთავრობის დუმილი არ გაჰკვირვებია პროფესორ კორნელი კაკაჩიას, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს: „ეს ხელისუფლება არ არის ისეთი, რომ ეროვნულ სუვერენიტეტზე [თავდასხმის] გამო განცხადება გააკეთოს. მით უმეტეს, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ ხელისუფლებისათვის, რომლისთვისაც ქვაკუთხედს წარმოადგენს ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბოლო პერიოდში“, - ამბობს იგი.

„შეზღუდული პარტნიორობა“

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ოფიციალურად 1992 წელს იწყება და, ძირითადად, ეკონომიკურ პარტნიორობას მოიცავს, რაც თანდათან, განსაკუთრებით კი 2010 წლიდან, - როდესაც წლიური 6 მლნ აშშ დოლარიდან ჩინეთში ექსპორტი 170 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, - ძლიერდება.

2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია 736.8 მლნ აშშ დოლარით (მეორე-მესამე ადგილზე აზერბაიჯანი და რუსეთი არიან), ხოლო იმპორტში - რიგით მესამე ყველაზე მსხვილი პარტნიორი 2.37 მლრდ აშშ დოლარით (თურქეთის და რუსეთის შემდეგ).

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმება 2018 წლიდან ამოქმედდა, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.

ჩინეთი საქართველოში ასევე არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, - რიგით მე-6 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიციები შემოდის. 2022 წელს 108 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე მეგაპროექტებში, მათ შორის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობაში. საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის თქმით, საქართველოში, მეტწილად ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში, ჩინური კაპიტალით დაარსებული 20-მდე კომპანია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

ერთ-ერთი ჩინური სამშენებლო კომპანიის დასაქმებულები ხარაგაულში, 2019 წლის ივნისის ფოტო.

ჩინური კომპანიების პოპულარობას ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შეშფოთებით ადევნებენ თვალს. მაგალითად, 2020 წელს პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაინტერესდა, თუ „რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის“, როდესაც „თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან“.

პასუხად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციისა და ფასის ნაწილში“.

საქართველო, ამავე დროს, არის ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების წევრი, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს, მაგალითად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).

საქართველო არის მნიშვნელოვანი რგოლი ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში „შუა დერეფანში“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზაში“. ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს აკავშირებს და გვერდს უვლის რუსეთის „ჩრდილოეთის დერეფანს“. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთის დერეფნიდან ტვირთების ნაკადის მცირე ნაწილი შუა დერეფანზე გადმოვიდა.

ასევე ნახეთ საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორის

ინტერესის საგანი იყო ანაკლიის პორტის აშენებაც - გასულ წლებში პორტზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ, 2 პრეტენდენტს მიეცა საბოლოო წინადადების წარდგენის უფლება, რომელთა შორის ერთი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იყო, მეორე კონსორციუმში კი ჩინური HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING მონაწილეობდა. შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს აფრთხილებდა პორტთან დაკავშირებით „საქართველოს ვითომ-მეგობრების“, რუსეთისა და ჩინეთის, „მტაცებლური“ ინტერესების შესახებ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს მიმართ ჩინეთი „უმნიშვნელო დიპლომატიურ და სტრატეგიულ ინტერესს გამოხატავს“ და ამის ნაცვლად ყურადღებას ამახვილებს „ნაკლებად პოლიტიზებულ საკითხებზე, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები და ინფრასტრუქტურული ინვესტიციები“

„პარტნიორობის ლიმიტები“

ორივე ქვეყანა ფორმალურად აღიარებს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, „თუმცა, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩინეთი საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ირაკლი სირბილაძე.

მისი თქმით, ეს ხედვა ხშირად ემთხვევა რუსეთის პრიზმას, რაც გამოიხატება იმაში, რომ:

  • „ჩინეთს ღიად არ დაუგმია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია 2008 წელს, მხარს არ უჭერს კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს რეზოლუციებს გაეროში;
  • არ აკრიტიკებს რუსეთის ბორდერიზაციის პოლიტიკას [საქართველოში];
  • ჩინეთის პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით - კერძოდ, ნატო, როგორც „ცივი ომის მენტალიტეტის“ გამოხატულება - ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, გახდეს ნატოს წევრი“.

ირაკლი სირბილაძე ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, 2023 წლის 26 აპრილს ჩინეთმა ტექნიკურად მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების რეზოლუციის პარაგრაფს, რომელშიც აღიარებულია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია, თუმცა, მისი თქმით, ეს მაინც არ შეიძლება მივიჩნიოთ ღია პოლიტიკურ მხარდაჭერად.

„რეზოლუციაზე გაიმართა ორი კენჭისყრა: ერთი კონკრეტულად რეზოლუციის იმ პარაგრაფზე, რომელშიც რუსეთის აგრესია არის აღიარებული, და შემდეგ მთლიანად რეზოლუციაზე გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ. ცალკე პარაგრაფზე, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის აღიარებული, ჩინეთმა ხმის მიცემისას თავი შეიკავა, რაც თანხვედრაშია ჩინეთის წარსულ პოლიტიკასთან“, - ამბობს იგი.

ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი

„რადგან საქართველოს გაცხადებული საგარეო-პოლიტიკური მიზანია, გახდეს დასავლური ინსტიტუტების წევრი, ეს თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის ინტერესებთან, შეასუსტოს დასავლეთის გავლენა და ჰეგემონია. ეს მოცემულობა შეუძლებელს ხდის საქართველოსა და ჩინეთს შორის ღრმა პოლიტიკურ პარტნიორობას“, - მიიჩნევს ირაკლი სირბილაძე.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან საკითხად დარჩება არა მხოლოდ ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჩინეთის კონკრეტულ მოქმედებებთან ან განცხადებებთან დაკავშირებით, არამედ ისიც, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველო ჩინურ-დასავლურ სტრატეგიულ მეტოქეობაში და რამდენად თანხვედრაში იქნება მისი საგარეო-პოლიტიკური პოზიციები და ნაბიჯები ევროკავშირის, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებთან და ნაბიჯებთან“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ამ აზრით, რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, უფრო გამოიკვეთება გარკვეული დაძაბულობაო, მიიჩნევს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია:

„ევროკავშირის პოზიციიდან, საქართველო, როგორც კი მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნდა გახდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი. ეს კი ნიშნავს, რომ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ევროკავშირის პოლიტიკას, მათ შორის ჩინეთთან მიმართებაში, - ისევე, როგორც ნატოსთან ურთიერთობები მოითხოვს ამას. ერთი სიტყვით, საქართველოს მოუწევს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის მიყოლა, რაც ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელია“, - ამბობს პროფესორი კაკაჩია.

„ჩინეთი დასავლეთის ნაცვლად“?

პოლიტიკის ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ცალსახად ემთხვევა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და წარმოადგენს დასავლელ მოკავშირეებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, კონფრონტაციას. ამ ლოგიკის თანახმად, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი სწორედ ამ პოლიტიკის ფორმალიზების მცდელობა იყო.

ასევე ნახეთ „კომპრომისის ილუზია“ - რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი?

ბოლო პერიოდში პროსახელისუფლებო მედიასა და ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში დასავლეთის ჩანაცვლებაზე ან „მულტილატერალიზმე“ - ჩინეთზე აქცენტით.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელევიზიის, „პოსტივის“ ეთერში ბოლო სამ კვირაში სამჯერ გამოქვეყნდა ვიდეო ჩინეთის შესახებ, სადაც მსოფლიოში ჩინეთის ახალ როლზე საუბრობენ. „იწყება თუ არა ჩინური ჰეგემონია?“ - იყო სათაური ერთ-ერთი გადაცემისა, სადაც წამყვანი ამბობს:

„ის [ჩინეთი] არ მოითხოვს არავისგან იდეოლოგიის და პოლიტიკური სისტემის შეცვლას. მას მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები ადარდებს. ამიტომ, ის უფრო მოქნილია, რადგან იმ რეჟიმში არაა, როგორც დასავლეთი, რომელიც სხვადასხვა ერს თავს ახვევს სხვადასხვა ღირებულებას, იქნება ეს ლიბერალური ღირებულებები, პოლიტიკური სისტემა და ა.შ. ამიტომ, მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის ჩინეთი შეერთებულ შტატებზე უკეთესი პარტნიორი ჩანს“.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, - რომელიც ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარეა, თავის სტატიებში ხშირად განიხილავს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს.

ერთ-ერთ ბოლო სტატიაში იგი წერს, რომ „რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერთპოლუსიანი წესრიგის ჩამნაცვლებელი ორპოლუსიანობის შესაძლო ალტერნატივა მულტილატერალური ანუ მრავალპოლუსიანი მოწყობის სისტემაა“; რომ საქართველოს „საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს“...

„ოფიციალური და მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოგვისმენია, - მთლად ამ ტერმინოლოგიით არა, მაგრამ იდენტური განცხადებები, - რომ ჩინეთი არის ალტერნატივა დემოკრატიული მმართველობის, განვითარების ალტერნატიული მოდელი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და ა.შ. განცხადებები რად გვინდა, ჩვენ უკვე ერთხელ პრაქტიკულ ცხოვრებაში განხორციელებული ვნახეთ ეს პოლიტიკა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

რისკები: „სესხის ხაფანგი“

თინა ხიდაშელი გულისხმობს 2021 წელს საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის დაბალპროცენტიან სესხზე 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მისი ორგანიზაციის კვლევის თანახმად, იმავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) აიღო $115 მლნ-ის სესხი, ხოლო „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ (AIIB), რომელიც „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ქვეშ არის, საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი კრედიტორი გახდა“.

ანალიტიკოსები საუბრობენ იმ რისკებზე, რაც ჩინეთთან გაღრმავებულ ურთიერთობებს შეიძლება მოჰყვეს და, ასევე, ცოდნის არარსებობაზე ამ სახელმწიფოს ინტერესების მიმართ.

„საქართველოში ჩინეთის შემოსვლის პარალელურად, ადეკვატური ცოდნა არ არსებობს მის შესახებ. ჩვენმა ხელისუფლებებმა ჩინეთი შემოიყვანეს, როგორც ბიზნესპარტნიორი, მოდერნისტული ქვეყანა, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება. ამ დროს ჩვენ არ ვიცნობთ ჩინეთის მეორე მხარეს, რომელსაც ძალიან ბევრი ყურადღებით აკვირდება. [არათუ მის შიდა ავტორიტარიზმს, არამედ] მის პოლიტიკას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, იმას, რომ ჩინეთს ადანაშაულებენ „დაკაბალების“ პოლიტიკაში, რასაც კარგად იცნობენ ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ მის მიმართ“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი

ჩინეთის ამ პოლიტიკას ახასიათებენ ხოლმე, როგორც „სესხის ხაფანგის დიპლომატიას“, - როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისადმი სხვა სახელმწიფოების ვალს, და ამ ახალ ბერკეტს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ანალიტიკური ორგანიზაციის, AidData-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის, მსოფლიოში არის 40 დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანა, რომელთა ვალიც მხოლოდ ჩინეთის მიმართ აჭარბებს თავიანთი მშპ-ის 10%-ს; ამასთან, ეს პროცესი, განსხვავებით ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისგან, გაცილებით გაუმჭვირვალეა.

„მხოლოდ კორუფციულ რისკებზე არ არის საუბარი, რაც ამ წუთის მდგომარეობით გვაქვს. [ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას] გაცილებით დიდი გეოპოლიტიკური რისკები აქვს. მსოფლიოს უამრავი ქვეყნის, მათ შორის აფრიკის, ლათინური ამერიკის, ბალკანეთის, შუა აზიის ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს ამას, - როდესაც სახელმწიფოები პირდაპირი მნიშვნელობით დეფოლტის წინაშე დადგნენ ჩინეთის წინაშე არსებული ვალების გამო. ამიტომაც, თუნდაც „შუა დერეფანზე“ როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელებაში ვიყოთ ჩართულები ევროკავშირთან ერთად. ანუ ერთი მხარე ვიყოთ ჩვენ და ევროკავშირი. და არა შუამავალი ან ჩინეთთან ერთად მოთამაშე სუბიექტი“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

„რატომ არის მომხიბლავი ღარიბაშვილისნაირი მთავრობებისთვის ჩინეთის ვალი? რადგან მას არ მოჰყვება დემოკრატიის ვალდებულებები [რაც, მაგალითად, მოჰყვება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას]. ამიტომ, ბუნებრივია, რაც უფრო დავშორდებით EU-ს, მით უფრო მოხდება აქცენტირება სხვა ტიპის ურთიერთობებზე და ჩინეთი ყოველთვის მზად არის, ყველა ჩაანაცვლოს. თუმცა ჩვენთვის ეს აბსოლუტური კატასტროფა იქნება. საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან იმიტომ არ გამოვსულვართ, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შევუერთდეთ. ამოცანა თუ არის დემოკრატიული ქვეყნის შენება, ეს აბსოლუტურად მიუღებელი მოდელია. თუმცა თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ - გასაგებია“, - გვეუბნება თინა ხიდაშელი.

კორნელი კაკაჩიას მოლოდინით, რაც უფრო ავტორიტარული გახდება „ქართული ოცნება“, მით უფრო გაუჭირდება ურთიერთობა დასავლეთსა და ევროპასთან, „ამიტომ ის ცდილობს, რაღაცნაირად „კოზირები“ დააგროვოს, რომ დაიცვას თავისი საგარეო პოლიტიკა, გაამართლოს თუნდაც ასეთი „მულტილატერალიზმი“, რასაც ჩინეთთან შეიძლება განიხილავდეს:

„[მულტილატერალიზმი] თეორიულად კარგია, მაგრამ როგორ ესმის ეს რუსეთს?.. [მულტილატერალიზმს] ის განიხილავს საკუთარი ევრაზიული კავშირის და გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად. ამიტომ, [საქართველოს] ხელისუფლებამ მარტო იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ დარჩეს ხელისუფლებაში, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებზე, რომელიც... მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას, და არა რაღაც ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც აბნევს სტრატეგიულ მოკავშირეებს და იმედებს აძლევს რუსეთს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.