აღმოსავლეთ ევროპას ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერები მოედო, მიუხედავად მათი დაუცველობისა

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების გამოკვლევა აჩვენებს, რომ ჩინური წარმოების კამერებს სულ უფრო ხშირად იყენებენ ქვეყნებში, რომლებიც ან ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან, ან ამ გაერთიანებებში მოხვედრას ცდილობენ, და რომელთა მთავრობები, რომლებსაც სახსრების დაზოგვა უხდებათ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებზე მყოფ კომპანიებს, რომელთა პროდუქტები იაფია.

ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნია სათვალთვალო კამერების შესახებ სახელმწიფო საჯარო მონაცემთა ბაზები. მაგრამ რადიო თავისუფლების ხელთ არსებული მონაცემები და რეპორტაჟები აჩვენებს, რომ Dahua და Hikvision-ი - ორი ნაწილობრივ სახელმწიფო კომპანია, რომლებიც მსოფლიოში დახურული ტელევიზიის და სათვალთვალო სისტემების წამყვანი მწარმოებლები არიან, დომინირებენ უნგრეთის, სერბეთის, რუმინეთის, მოლდოვის, უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოსა და ბულგარეთის, ასევე, მათ შორის, საქართველოს ბაზრებზე.

მეტი აჩვენე

„უდიდესი განსხვავება ამ და სხვა ფირმებს შორის ისაა, რომ სხვა კომპანიებს არ აქვთ დაუცველობის ასეთი ფართო და გამოკვეთილი კატალოგი, რომელთა გამოყენება შეიძლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონორ ჰილიმ, სამთავრობო კვლევების ხელმძღვანელმა IPVM-ში, ფირმაში, რომელიც იკვლევს ვიდეოთვალთვალის სფეროს.

„უსაფრთხოება ეფუძნება ჰიპოთეტური საფრთხეების დაგეგმვას, და აუცილებელია, რომ მთავრობებმა და უშიშროების სამსახურებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.

რადიო თავისუფლების მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჩინური წარმოების ტექნოლოგიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში გადაჭარბებული გამოყენების შესახებ, Dahua-სა და Hikvision-ის კამერებს შეხვდებით მნიშვნელოვან ობიექტებზე - რუმინეთში სამხედრო ბაზასა და უნგრეთში საგანგებო პოლიციის შტაბბინაში.

ექსპერტების აზრით, შედეგად, ეს ორგანიზაციები უცხოელი ჰაკერებისა და მოწინააღმდეგეებისგან დაუცველი ხდებიან.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში, ასევე ავსტრალიაში, ეს ორი ფირმა შავ სიაში შეიტანეს. მაგრამ ევროპაში ასეთი აკრძალვა არ არსებობს.

ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოგზაურობის ფონზე, როცა არაერთი სკანდალი ხდება, რომლებიც უკავშირდება კონტინენტზე ჩინეთის საჯაშუშო საქმიანობას, ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის მიმართ ევროკავშირის შეზღუდვებს, ამ კომპანიების ევროპაში არსებობა დაძაბულობის კიდევ ერთი პოტენციური კერაა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც აშშ-ია, ამ თემის გარშემო კამათი გრძელდებოდა და მივედით მათ აკრძალვამდე, მაგრამ არ არის ჯერ ცხადი, რა გზას დაადგებიან ევროპის ქვეყნები“.

ქვეყნები:

ბოსნია-ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | საქართველო | უნგრეთი |
კოსოვო | მოლდოვა | რუმინეთი | სერბეთი | უკრაინა

უნგრეთი

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები უნგრეთის მიერ შეძენილი ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების რაოდენობის ან სახის ამოცნობის ჩინური ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბების შესახებ.

მაგრამ Shodan-ის, ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობების საძიებო სისტემის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედებს Dahua-ს 3567 და Hikvision-ის 18 166 მოწყობილობა.

უნგრული საინფორმაციო საიტის Atlatszo-ს თანახმად, უნგრეთის ეროვნულმა პოლიციამ Dahua-სთან პირველი ხელშეკრულებები დადო 2017 წელს. პროდუქტი განსაზღვრული იყო მესაზღვრეებისა და პოლიციის ადმინისტრაციული სისტემისთვის, კამერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოსაყენებლად.

უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების სისტემისგან შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ რამდენიმე უნივერსიტეტმა და მეცნიერებათა აკადემიამაც შეიძინეს Hikvision-ის პროდუქცია. ჩინური კომპანიის სათვალთვალო კამერებს იყენებს ასევე რამდენიმე რეგიონული ადმინისტრაცია, ისევე როგორც უნგრეთის სპეცდანიშნულების პოლიცია.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩინური პროდუქციის გამოყენება აიკრძალა. მაგალითად, 2023 წელს, გერმანულმა იარაღის მწარმოებელმა Rheinmetall-მა აკრძალა ჩინური წარმოების კამერების გამოყენება თავის ქარხანაში - დასავლეთ უნგრეთში.

ამის მიუხედავად, ამ მოწყობილობის გამოყენება, როგორც ჩანს, გაიზრდება, განსაკუთრებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ბუდაპეშტსა და პეკინს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე.

თებერვალში, უნგრეთმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებას ჩინეთთან - მათ სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩინური პოლიციის პატრული შეიძლება გამოჩნდეს ბუდაპეშტის მოძრაობით გადატვირთულ რაიონებში, სადაც ცენტრალურ ევროპაში ყველაზე დიდი ჩინური დიასპორა ცხოვრობს. უცნობია, როგორ გაუზიარებენ ერთმანეთს მონაცემებსა და კამერებთან წვდომას უნგრელი და ჩინელი ოფიციალური პირები, მაგრამ ამ ნაბიჯმა განგაში გამოიწვია ბრიუსელში და საზღვარგარეთ მყოფ ჩინელ აქტივისტებს შორის.

უკრაინა

სამრეწველო მონაცემთა ბაზის ImportGenius-ის მიერ შეგროვებული და რადიო თავისუფლებისთვის გადმოცემული მონაცემების მიხედვით, Dahua-სა და Hikvision-ის ასობით ათასი კამერა დამონტაჟდა მთელ უკრაინაში.

უკრაინულმა სამართალდამცავმა და კერძო ფირმებმა დიდი რაოდენობით ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერები შეიძინეს. ImportGenius-ის თანახმად, Dahua-ს კამერებისა და სხვა აღჭურვილობების უმსხვილესი შემსყიდველი არის უკრაინული კომპანია Trading House of Video Surveillance Systems-ი.

მონაცემებიდან ჩანს, რომ 2016-დან 2023 წლამდე უკრაინულმა კომპანიამ შეიძინა მილიონზე მეტი სათვალთვალო მოწყობილობა, მათ შორის - სათვალთვალო კამერები, თერმული გამოსახულების მოწყობილობები, ორმხრივი საკომუნიკაციო მოწყობილობები და სხვა დანადგარები, რომლებიც კამერებითაა აღჭურვილი.

Hikvision-ის კამერები კიევის ცენტრში

ImportGenius-ის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ უკრაინული კომპანიების ჯგუფმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ Hikvision-თან, იმავე პერიოდში შეიტანეს ქვეყანაში ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობების იგივე რაოდენობა.

მაგრამ უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება აღიძრა Dahua-ს და Hikvision-ის კამერებთან დაკავშირებითაც.

იანვარში, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვამ კიევში ორი სათვალთვალო კამერა გატეხა უკრაინის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის წინ, რომელმაც, სულ ცოტა, სამი ადამიანი იმსხვერპლა.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა ამ მგრძნობიარე თემაზე, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფს, Schemes-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი კამერა დამზადებული იყო Hikvision-ის მიერ და 2016 წელს იყო დამონტაჟებული.

მოლდოვა

ბოლო ხუთ წელიწადში მოლდოვამ შეისყიდა ჩინური წარმოების ათასობით კამერა პოლიციისთვის, არმიისა და დიპლომატიური სამსახურებისთვის, - რასაც შეიტყობთ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მონაცემებიდან. მაგრამ, არ არის ცხადი, სინამდვილეში რამდენი კამერა იქნა შესყიდული. ამ ქვეყანაში სათვალთვალო კამერების რაოდენობის შესახებ საჯარო მონაცემების ბაზა არ მოიპოვება.

Shodan-ის თანახმად, ქვეყანაში დამონტაჟებულია Hikvision-ის 15 133 და Dahu-ს 4177 კამერა.

მეტი აჩვენე

მოლდოვის სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, achizitii.md აჩვენებს, რომ 2018-დან 2023 წლის ჩათვლით, Dahua-სა და Hikvision-ისგან შესყიდულ იქნა 7210 კამერა. მთავარი შემსყიდველები არიან უშიშროების სამსახურები, პოლიცია და თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საავიაციო პოლკი, „დეჩებალი“, ასევე შრომის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი.

ჩინეთში წარმოებული კამერები გამოჩნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში: დედაქალაქ კიშინიოვში ტროლეიბუსები აღჭურვილია Dahua-ს კამერებით.

2018-დან 2023 წლამდე პენიტენციარული სამსახურების ადმინისტრაციამ მიმართა ასევე ამ ორ მწარმოებელს და 800 კამერა შეისყიდა მათგან.

2300 კამერა შეიძინა და დაამონტაჟა მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ არჩევნების შემდეგ 2019 წელს. როგორც ირკვევა, ისინი შეისყიდეს კომპანია Rapid Link-ისგან, რომელიც Hikvision-ის ავტორიზებული დისტრიბუტორია.

სერბეთი

სერბეთის საბაჟოს მონაცემებით, ზუსტი სურათი, თუ რამდენი კამერა შეისყიდა ამ ქვეყანამ ჩინეთისგან, ვერ დგინდება. მაგრამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შესყიდული კამერების რაოდენობა იზრდებოდა. მხოლოდ 2023 წელს ბელგრადმა სათვალთვალო კამერებისთვის დახარჯა 5,8 მილიონი დოლარი.

მეტი აჩვენე

სერბეთში კამერების უმეტესობას შეისყიდიან კერძო ფირმები და შემდეგ ისინი აწვდიან მათ სახელმწიფო უწყებებს [...]

2023 წელს რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული გამოკვლევით, სერბეთის 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და ქალაქს, - ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მესამედს, - Dahua-სგან, ასევე Hikvision-ისა და ჩინეთის სხვა მწარმოებლებისგან ნაყიდი სათვალთვალო და საგზაო-სამეთვალყურეო სისტემები აქვთ. ეს ზრდა მოხდა ბოლო ხუთ წელიწადში და დაჯდა 32 მილიონი დოლარი.

ადგილობრივ ორგანოებს ეს მოწყობილობები მიჰყიდა კომპანია Macchina Security-მ, რომელიც ჩრდილოვანი კომპანიაა და ჩინეთიდან შემოაქვს პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეს კომპანია იგებს კონტრაქტებს.

მეტი აჩვენე

დოკუმენტების თანახმად, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მიიღო, სერბეთის მთავრობამ სხვადასხვა ტიპის კამერები შეისყიდა პოლონეთიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და ასევე, ადგილობრივი ფირმებისგან. მაგრამ, სერბეთის მუნიციპალიტეტებმა, როგორც ჩანს, უფრო მეტი კამერა Dahua-სგან შეისყიდეს, ვიდრე სხვა ფირმებისგან.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 42 მუნიციპალიტეტიდან 10-მა შეიძინა სახის ამოცნობის ტექნოლოგია. ეს მტკივნეული საკითხია სერბეთისთვის, სადაც მთავრობა არაერთხელ შეეცადა გაეტანა კანონმდებლობა, რომელიც მას ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებდა - გამოეყენებინა სათვალთვალო და სახის ამოცნობის ტექნოლოგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ბოლო წლებში სერბეთში დამონტაჟდა ათასზე მეტი, ჩინური კომპანიის, Huawei-ის მიერ წარმოებული, სათვალთვალო კამერა, რომელსაც შეუძლია სახეების ამოცნობა, ბელგრადში ამ ტიპის კამერების დამონტაჟებას მოჰყვა კამათი, რადგან სერბეთში არ არსებობს კანონმდებლობა კერძო ბიომეტრიული მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც მოიპოვება სახეების ამოცნობის გზით.

ბელგრადში ამ ტიპის კამერების დამონტაჟებას მოჰყვა კამათი, რადგან სერბეთში არ არსებობს კანონმდებლობა კერძო ბიომეტრიული მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც მოიპოვება სახეების ამოცნობის გზით.

რადიო თავისუფლების მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, სერბი მოხელეები უკვე იყენებენ ჩინურ ტექნოლოგიას აქტივისტების თვალთვალის და დევნის მიზნით, რაც ბადებს შეშფოთებას, რომ უფრო დახვეწილი ჩინური წარმოების სათვალთვალო ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულიყო არადანიშნულებით.

ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც ხელისუფლება გაყოფილია ეროვნული ნიშნით და უფრო დაბალი დონის რამდენიმე სუბიექტს შორის, მთელი ქვეყნის მონაცემთა ბაზები არ არსებობს. მაგრამ ცალკეული სამინისტროების, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მონაცემები ადასტურებს, რომ ბოლო წლებში სათვალთვალო კამერებს სულ უფრო ფართოდ იყენებენ.

ამ ქვეყანაში მოქმედი ირიბი დაბეგვრის სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა ჩინეთიდან ჩამწერი მოწყობილობის იმპორტი.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული ნაწილის, რესპუბლიკა სრპსკას შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მხოლოდ 2023 წელს, Dahua-ს მიერ წარმოებული 139 კამერა იქნა შესყიდული 47 ათას დოლარად.

ქალაქ ბანია-ლუკაში, რომელიც სერბების ადმინისტრაციული ნაწილის დედაქალაქია, უკვე ხორციელდება პროექტი „ჭკვიანი ქალაქი“, რომელიც Dahua-ს წარმოების 325 კამერის დამონტაჟებას ითვალისწინებს. მათგან 265 უკვე მოქმედებს.

მეტი აჩვენე

ბოსნიის და ჰერცეგოვინის ფედერაციაში, სადაც უპირატესად ბოსნიელები და ხორვატები ცხოვრობენ და რომელშიც 10 კანტონი შედის, მონაცემები არ გვაძლევენ გამჭვირვალე სურათს.

მე-10 კანტონმა აცნობა რადიო თავისუფლებას, რომ შარშან შეისყიდა Hikvision-ის სამი კამერა. ბოსნია-პოდრინმიეს კანტონმა კი განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია შესყიდული პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნების შესახებ.

სარაევოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იტყობინება, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ჩინელი მწარმოებლის ორი კამერა შეისყიდა, მაგრამ არ დაუსახელებია კომპანია.

ბოსნიის სასაზღვრო პოლიციის თანახმად, მას ჩინური პროდუქცია არ შეუსყიდია.

კოსოვო

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, კოსოვოშიც არ აღნუსხავენ საბაჟო კამერების სხვადასხვა მწარმოებელსა და ტიპებს. თუმცა სერბეთის ყოფილი ოლქის დედაქალაქ პრიშტინაში სათვალთვალო კამერები ფართოდ გამოიყენება.

პრიშტინაში ამასწინანდელი მოგზაურობისას, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა შენიშნა Dahua-სა და Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერები ქალაქის მოედნებზე, სამთავრობო შენობებთან - პროკურატურის ჩათვლით, ასევე ვაჭრობის და ჯანდაცვის სამინისტროებთან.

კოსოვოს სამთავრობო მოხელეებმა დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას, რომ სამთავრობო შენობებისთვის კამერები შეიძინეს 2020-2021 წლებში.

მეტი აჩვენე

კოსოვოში ჩინური წარმოების კამერების გავრცელების დადგენას ართულებს ის, რომ კოსოვოს იმ რეგიონებში, სადაც სერბები ცხოვრობენ, Dahua-სა და Hikvision-ის მოწყობილობების იმპორტის შესახებ შეთანხმება სერბეთშია გაფორმებული.

ეს შეთანხმებები პრიშტინის მიერ ვერ კონტროლდება და ამიტომ, რადიო თავისუფლების მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ Dahua-ს მიერ წარმოებული, ათიათასობით დოლარის საფასურის სამეთვალყურეო მოწყობილობები იქნა შესყიდული სკოლებისთვის უპირატესად სერბული დროებითი ადმინისტრაციის მიერ.

შეთანხმების შესახებ დოკუმენტებში მითითებულია, რომ დაფინანსება უზრუნველყო სერბეთის სამთავრობო ოფისმა, რომელიც არეგულირებს კოსოვოსთან ურთიერთობებს.

რუმინეთი

რუმინეთში მონაცემთა ცენტრალური ბაზა არ აქვთ, მაგრამ სხვადასხვა დარგში ჩატარებული გამოძიებით და სამთავრობო შესყიდვების პორტალების საშუალებით დგინდება, რომ ჩინეთში წარმოებული სათვალთვალო კამერების გამოყენება ფართოვდება და მათი ნაწილი დამონტაჟებულია უსაფრთხოების მნიშვნელოვან ობიექტებზე.

Hikvision-ის კამერა რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე, რომლის ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მოსაზრებით არ გაუმხელიათ

2021 წლის მონაცემებით, რომელიც ვიდეოთვალთვალის გლობალური მრეწველობის ანგარიშს ეკუთვნის, რუმინეთში Dahua-სა და Hikvision-ის 189 452 მოქმედი კამერაა, რაც მსოფლიოში მერვე მაჩვენებელია.

რადიო თავისუფლების ამასწინანდელი გამოკვლევიდან ირკვევა ასევე, რომ Hikvision-ისა და Dahua-ს ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობები გამოიყენება, სულ მცირე, 28 სამხედრო ობიექტზე. ეს მოწყობილობები მოქმედებს ასევე ასეულობით სხვა სახელმწიფო ობიექტში, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების საკითხებით არიან დაკავებული.

რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ Hikvision-ის კამერები დამონტაჟებულია სამხედრო ბაზაზე, სადაც ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Aegis Ashore-ია განთავსებული.

რუმინელი მოხელეების მტკიცებით, ჩინური წარმოების კამერები შეესაბამება ახალი დანადგარების სახელმწიფო შესყიდვის პარამეტრებს და ყველა კამერა ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ამ კომპანიების პროდუქტისთვის მახასიათებელი უსაფრთხოების მხრივ საშიშროება გამოირიცხოს.

თუმცა ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მოხერხებული ჰაკერები ახერხებენ იმ კამერების გატეხასაც, რომლებიც დახურული სისტემის ნაწილია.

ბულგარეთი

Dahua-ს და Hikvision-ის კამერები შეიძლება ნახოთ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ქუჩებში, სამთავრობო შენობებზე. ბულგარეთის მთავრობა არ აქვეყნებს ქვეყანაში არსებული კამერების რაოდენობას და რადიო თავისუფლების შეკითხვაზეც რეაგირება არ ჰქონია.

Hikvision-ის კამერა სოფიაში ტრამვაიში

სახელმწიფოს მიერ კამერების შეძენაზე უმსხვილესი შეთანხმება 2018 წლით თარიღდება, როცა შესყიდული იქნა Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერები და შესაბამისი მოწყობილობა. სულ ამ შეთანხმების მოცულობა 45 მილიონ დოლარს უდრიდა. სულ, ბულგარეთის დედაქალაქის საქალაქო ტრანსპორტში დამონტაჟდა 4300 კამერა.

სოფიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოსათვალთვალო სისტემა ამოქმედდა 2020 წელს. 2023 წელს საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე, რომ კამერების ჩანაწერები შეიძლება მოხვდეს ორგანიზებული დამნაშავეობრივი დაჯგუფებების და ჰაკერების ხელში.

Hikvision-ის სათვალთვალო კამერები თბილისში

საქართველო

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კვლევის თანახმად, საქართველოში მოქმედი კამერების 80 პროცენტი Hikvision-ისა და Dahua-ს წარმოებისაა. კვლევა ეფუძნება საბაჟო, ასევე შესყიდვების და ანგარიშების მონაცემებს.

მეტი აჩვენე

საქართველოში ჩინური კამერების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. საბაჟო მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში კამერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

2023 წელს შესყიდული იქნა ათი ათასზე მეტი კამერა, როცა 2020 წელს ეს რიცხვი ათასს უდრიდა.

ამ იმპორტის დიდი ნაწილი მოდის სამართალდამცავ უწყებებზე.

სახელმწიფო შესყიდვების და საბაჟო მონაცემების შედარებით დგინდება, რომ პოლიცია იყენებს სახელმწიფოში 7379 კამერას და თითქმის ყველა, Dahua-ს, Hikvision-ის ან სხვა ჩინური კომპანიის წარმოებულია.

ავტორი:
რიდ სტენდიში

კონტრიბუტორები:
მელიჰა კესმერი, დორუნტინა ბალიუ, მირიანა იევტოვიჩი და ნატალია იოვანოვიჩი რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური;
იონუტ ბენეა, რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური;
ივან ბედროვი, რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური;
ნასტასია არაბული, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური;
კირილო ოვსიანი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური;
ადამ კერტეში, რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური;
დენის დერმენჯი, რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური

გრაფიკა:
ივან გუტერმანი