ჩინეთის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი - შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა

საქართველომ, - აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელსაც კონსტიტუციით აქვს ნაკარნახევი ნატოსკენ სწრაფვა, - სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ავტორიტარულ ჩინეთთან, რომლის ამბიციები და პოლიტიკაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო და უფრო აშფოთებს.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ეტაპია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელიც ბოლო წლებში, „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკასა და „შუა დერეფნის“ ფარგლებში, სწრაფად ვითარდებოდა, - განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ ნაბიჯს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.

„ისტორიული ვიზიტი“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო საზეიმო დახვედრით. მთავრობა მხოლოდ იმას აანონსებდა, რომ ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას.

ვიზიტის დაწყებიდან მეორე დღეს, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

მთავრობის პრესცენტრის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღეს „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება“.

„ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“, - განაცხადა სი ძინპინმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.

პრეზიდენტ ძინპინის აქცენტები ასეთი იყო:

  • „მაღალ დონეზე ვაფასებ“, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს;
  • „ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია“;
  • „არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება“.
  • მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს,
  • დააბანდონ ფული საქართველოში.

სი ძინპინი და ირაკლი ღარიბაშვილი

მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ეს დღე ათვლის წერტილად უნდა მიიჩნიონ და „ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან უნდა დაგეგმონ“.

„ერთი ჩინეთი“, „სარტყელი“ და „გლობალური ინიციატივები“

ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“ და, პასუხად, თავადაც განაცხადა:

„საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“.

„ერთი ჩინეთის პრინციპი“ ჩინეთის პოლიტიკისა და დიპლომატიის ქვაკუთხედია და გულისხმობს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთი ერთ დღესაც გაერთიანდება. „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ აღიარებს შეერთებული შტატებიც, რომელსაც „მტკიცე არაფორმალური“ ურთიერთობა აქვს ტაივანთან, რომელიც საკუთარ თავს „ჩინეთის რესპუბლიკას“ უწოდებს. საქართველო წლებია, ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს. ტაივანელი მოქალაქეები საქართველოში ვერ შემოვლენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ და „საერთო ბედის საზოგადოების“ კონცეფციის შემადგენელ სამ ინიციატივას. ესენია:

  • „გლობალური განვითარების ინიციატივა“
  • „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“
  • „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა“

ეს ინიციატივები, - რომლებიც სინამდვილეში საკმაოდ ამორფულია, - კრიტიკოსების ხედვით, არის ჩინეთის გლობალური გავლენის გაზრდის მცდელობა და ერთგვარი ალტერნატივა დასავლური „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა“.

„შეზღუდული პარტნიორობა“

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ოფიციალურად 1992 წელს იწყება და, ძირითადად, ეკონომიკურ პარტნიორობას მოიცავს, რაც თანდათან ძლიერდება. 2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია, ხოლო იმპორტში - რიგით მესამე.

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ჩინეთი არის რიგით მე-6 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით შემოდის ინვესტიციები. 2022 წელს ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 108 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე მეგაპროექტებში, მათ შორის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობაში.

საქართველო ასევე არის მნიშვნელოვანი რგოლი ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში „შუა დერეფანში“. ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს აკავშირებს და გვერდს უვლის რუსეთის „ჩრდილოეთის დერეფანს“. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთის დერეფნიდან ტვირთების ნაკადის ნაწილი შუა დერეფანზე გადმოვიდა.

ასევე ნახეთ საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორის

წინააღმდეგობრივი ნაბიჯი?

ანალიტიკოსები, ვისაც „რადიო თავისუფლება“ ესაუბრა, დადებითად აფასებენ საქართველოს ზოგად მიდგომას, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებთან, თუმცა კითხვის ნიშნები უჩნდებათ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„როდესაც საუბარია სტრატეგიულ ურთიერთობებზე, აქ უკვე პოლიტიკური კომპონენტი შემოდის, რაც პრობლემებს ქმნის, რადგან შესაბამისობაში არ არის საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკურ კურსთან“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის სიტყვებით, „სტრატეგიული პარტნიორობა პრინციპულად სხვა მასშტაბის, სხვა დონის ურთიერთობაა“ და „გაუგებარია ასეთი ურთიერთობის დამყარება ქვეყანასთან, რომელიც ნატოს არაერთ დოკუმენტში რუსეთთან ერთად გამოცხადებული ჰყავს, როგორც უდიდესი გამოწვევა და პრობლემა“.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ნატო 2023 წლის ივლისის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში წერს, რომ:

  • „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და პოლიტიკა ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებასა და ღირებულებებს“;
  • „გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და რუსეთს შორის და მათი მუდმივი მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“.

„ჩინეთი უარს ამბობს, დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეხმიანება რუსეთის პროპაგანდას და აძლიერებს რუსეთის ეკონომიკას“, - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ამ დროს პრემიერი ღარიბაშვილი კატარის ფორუმზე ჩინეთის მიდგომას „ძალიან ჭკვიანურს“ უწოდებს, რახან იგი „მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის“.

ევროკავშირი და აშშ

ჩინეთს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს პარტნიორობის, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები დადებული. მათ შორის უკრაინასთან - 2011 წლიდან. თუმცა კიევი თანდათანობით, ომში პოზიციების ფონზე, ამ შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიი მელნიკმა ჩინეთის პოზიციას ივნისში „სულ უფრო და უფრო ნაკლებად მისაღები“ უწოდა.

როგორც დიპლომატი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია ამბობს, „დიპლომატიაში ყველაფრის განმსაზღვრელი არის დრო“, და მიიჩნევს, რომ „ეს [განაცხადი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ] უადგილო, უშინაარსო განაცხადია, რაც კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებს საქართველოს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებს“.

ანალიტიკოსების აზრით, ამ ნაბიჯმა უხერხულობა შეიძლება შექმნას ევროკავშირთან, - რომელიც წლის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„თუ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მოგვიწევს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სინქრონიზაცია, რაც ისედაც დაბალი გვქონდა“, - ამბობს კორნელი კაკაჩია და განმარტავს, რომ 2023 წლისთვის საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მხოლოდ 31%-ია, - როცა წლების წინ 60%-ს სცდებოდა, შარშან კი 44% იყო.

„ახლა გამოდის, რომ საერთოდ სხვა ლიგაში გადავდივართ. ვიქცევით, როგორც ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ალიანსში შესვლას ცდილობს. ეს ძალიან დამაბნეველია პარტნიორებისათვის. რეპუტაციული ზიანი ისედაც მიყენებული გვაქვს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან და ნატოსთან, - და ჩინეთთან დაახლოება ნამდვილად არ ჯდება ჩვენს კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსთან. პირიქით, ეს ხელშეკრულება გვაახლოებს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან“, - გვეუბნება პროფესორი კაკაჩია.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მწვავედ უპირისპირდებოდა პეკინს. ორპარტიული ხედვა, რომ ჩინეთი სერიოზული გამოწვევაა სტაბილური საერთაშორისო წესრიგისათვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც შენარჩუნებულია. „უნდა ვემზადოთ ჩინეთთან ხანგრძლივი სტრატეგიული შეჯიბრებისათვის“, - ამბობდა ბაიდენი 2021 წელს.

შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს, აგვისტოს ომიდან 5 თვეში, გაფორმდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. იგი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. ქარტიის ფარგლებში შეხვედრები ბოლო სამ წელზე მეტია, არ ჩატარებულა. ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას დაძაბული ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან.

ასევე ნახეთ 3 წელია არ შეკრებილან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები

დეტალები?

პრეზიდენტმა სი ძინპინმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთ-საქართველოს „ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდება“. პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ბუნდოვანების გათვალისწინებით, რამდენიმე პარლამენტარმა პრემიერ-მინისტრს უკვე გაუგზავნა სადეპუტატო კითხვები.

  • ანა ბუჩუკური, პარტია „საქართველოსთვის“: „კონკრეტულად რას ითვალისწინებს და რა სფეროებს ეხება სტრატეგიული პარტნიორობა? იგეგმება თუ არა ოფიციალური შეთანხმების გაფორმება?"
  • თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკი: „იცვლება თუ არა ამ მოცემულობით 2022 წელს ვადაგასული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მიმართულება?“

აქუბარდიას თქმით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც უკვე ვადაგასულია, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე არაფერია ნახსენები.

ჩინეთის დიქტატურა

ჩინეთი საკუთარ თავს „დემოკრატიად“ წარმოაჩენს, - „სოციალისტურ, კონსულტაციებზე დაფუძნებულ დემოკრატიად“. მაგრამ სინამდვილეში იგი ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოა, რომელსაც ერთი, კომუნისტური პარტია მართავს.

  • ბრიტანული „ეკონომისტის“ ინდექსით, იგი 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსით 156-ე ადგილზეა;
  • Freedom House-ის თანახმად, პოლიტიკური უფლებები ჩინეთში საერთოდ არ არსებობს, სამოქალაქო უფლებები კი ძალზედ დაბალია. მას შესაძლო 100-დან მხოლოდ 9 ქულა აქვს;
  • პარტია აკონტროლებს ცხოვრებისა და მმართველობის ყოველ ასპექტს, - სახელმწიფო ბიუროკრატიას, მედიას, ინტერნეტს, რელიგიას, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა თუ სამოქალაქო ასოციაციებს.

ამის მიუხედავად, საქართველოს პროსახელისუფლებო წრეებში ბოლო რამდენიმე თვეა, საუბრობენ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებაზე, შეერთებული შტატების როლის შესუსტებასა და ჩინეთის გაძლიერებაზე, ხოლო დასავლეთის ალტერნატივად სახავენ სწორედ ჩინეთს, რომელიც „სხვა ერებს ლიბერალიზმს არ ახვევს თავს“.

ასევე ნახეთ ჩინეთის ხაფანგში? - როგორ იცვლის საქართველო მეგობრებს