ჩინეთი - ევროპის ალტერნატივა რუსული გაზისთვის?

რუსეთი გაზსადენ “ციმბირის ძალა 2”-ის მშენებლობის დაჩქარებას ცდილობს. საპროექტო გამტარუნარიანობა თითქმის Nord Stream-2-ის მსგავსი, 50 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს.

ევროპა რუსული გაზსადენის გაზზე დამოკიდებულებას ამცირებს. კრემლი ახალ ბაზრებს ეძებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩინეთია. შეძლებს კი რუსეთი ევროპის ჩინეთით ჩანაცვლებას და Nord Stream-2-ის მსგავსი პროექტის განხორციელებას?

სწრაფად ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთს აღმოსავლეთით გაზის მოცულობის გასაზრდელად შესაბამისი ინფრაქტრუქტურა ჯერ არ აქვს. თუმცა ახალი გაზსადენის მშენებლობაც რუსეთისთვის პრობლემას ვერ გადაჭრის.

“ციმბირის ძალა”

ჩინეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი 3000-კმ-იანი გაზსადენის “ციმბრის ძალის” საპროექტო გამტარუნარიანობა წლიურად 38 მილიარდი მ3-ია. არსებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ჩინეთს 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ამ მოცულობის გაზი უნდა მიაწოდის.

სი ძინპინი და პუტინი გაზსადენის მშენებლობაზე ყირიმის ანექსიიდან მალევე, 2014 წელს შეთანხმდნენ, თუმცა “ციმბირის ძალამ” ფუნქციონირება ხუთი წლის შემდეგ დაიწყო. როგორც წესი, საპროექტო სიმძლავრის სრულად ათვისებას გარკვეული დრო სჭირდება. Gazprom-ი გაზსადენის სრულად დატვირთვას და 38 მილიარდი მ3-ის გატარებას 2025 წლისთვის გეგმავს. რუსული ენერგოგიგანტის ინფორმაციით, შარშან ჩინეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობა 22.7 მილიარდ მ3-მდე გაზარდეს.

ომისა და სანქციების პირობებში რუსეთი “ციმბირის ძალა-2”-ის მშენებლობის დაჩქარებას ცდილობს. მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა თითქმის Nord Stream-2-ის მსგავსი, 50 მილიარდი მ3 უნდა იყოს. 2600-კმ-იანმა გაზსადენმა იამალის ნახევარკუნძულზე არსებული რეზერვებიდან მოპოვებული გაზი მონღოლეთის გავლით, 2030 წლისთვის ჩინეთს უნდა მიაწოდოს.

ასევე ნახეთ როგორ ეჭიდება პუტინი სი ძინპინის სარტყელს

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილიც ამბობს, რომ რუსეთი ევროპას ჩინეთის ბაზრით ასე მარტივად ვერ ჩაანაცვლებს და გატარებული გაზის მოცულობა რომც გაზარდოს, იმ შემოსავალს ვერ მიიღებს, რასაც ევროპაში გაზის გაყიდვით იღებდა.

“რუსეთი გაზს ჩინეთში ევროპასთან შედარებით ორჯერ იაფად ყიდის. თან ევროპა კარგი მოთამაშეა და მოლაპარაკებების პროცესში ნაკლებად იყენებს არაეთიკურ მეთოდებს, რასაც ჩინეთი არ ერიდება. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც რუსეთს უნდა, ჩინეთის ჯამური მოხმარების 17%-ს დააკმაყოფილებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ახალი გაზსადენი 2030 წელს მართლა ააშენეს. მაგრამ პრობლემებია მონღოლეთის შემთხვევაში, როგორც ოფიციალური წყაროებიდანაა ცნობილი, ფასზე ვერ თანხმდებიან”, - ამბობს მამათელაშვილი.

“ციმბირის ძალის” მშენებლობის დაწყების შესაძლო შეფერხებაზე ინფორმაცია Financial Times-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც მონღოლეთის პრემიერ-მინისტრმა გამოცემას უთხრა, რუსეთსა და ჩინეთს დამატებითი დრო სჭირდებათ, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის მიღების ნაწილზე შეთანხმების მისაღწევადაც. მანამდე რუსული სახელმწიფო მედია წერდა, რომ გაზსადენის მშენებლობა მონღოლეთის ნაწილზე შესაძლოა წელს დაწყებულიყო.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ ჩინეთში გაზის ვაჭრობით რუსეთი დღეს ზარალდება. ზუსტი მონაცემები საჯაროდ მიუწვდომელია, თუმცა, მელაშვილის თქმით, სხვადასხვა გათვლით ჩანს, რომ 1000 მ3-ს რუსეთი ჩინეთს 300 დოლარად აძლევს. “გამოდის, რომ რუსულ გაზს ჩინეთი იღებს ყველაზე იაფად. იმაზე იაფადაც კი, ვიდრე ცენტრალური აზიიდან იღებს. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით რუსული გაზი ჩინეთში ყველაზე იაფია. ფასი შეუდარებლად დაბალია, ევროპულთან თუ შევადარებთ. გამოდის, რომ რუსეთი გაზის გაყიდვით ზარალობს, ამიტომ ეს ["ციმბირის ძალა"] თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროექტია. რუსეთს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება უნდა”, ამბობს მელაშვილი და განმარტავს, რომ

ამ პროცესში რუსეთს სურს მხოლოდ იმის “ჩვენება, მათ შორის შიდა ამომრჩევლისთვის, რომ შეუძლიათ გაზის გაყიდვა, ჰყავთ ძლიერი მოკავშირე ჩინეთის სახით, რომელიც მათ გადაარჩენთ, მაგრამ რეალურად რუსეთს გაცლებით მეტად სჭირდება ამ გაზის ჩინეთში ექსპორტი, ვიდრე პირიქით”,

“გაზი ჩინეთში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შედის და მასაც ურჩევნია მათგან იყიდოს, რადგან ჩინეთს სრული კონტროლი აქვს ამ მილსადენებზე. შესაბამისად, არაფერში სჭირდება "ციმბრის ძალა-2". მით უფრო, მესამე ქვეყნის, მონღოლეთის ჩართვით. ამასთან, ჩინეთს საკუთარი წარმოებაც აქვს, გარდა იმისა, რომ ცენტრალური აზიიდან იღებს გაზს. ანუ საჭიროება და დამოკიდებულება, როგორიც ევროპაში რუსულ გაზზე იყო, ჩინეთში ასე არ არის”, - ამბობს მელაშვილი.

ასევე ნახეთ სის გეგმები და პუტინის იმედები

მაინც რამდენი გაზი სჭირდება ჩინეთს?

ჩინეთი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს [IEA] მონაცემებით, ქვეყანამ შარშან 391 მილიარდ მ3 გაზი მოიხმარა, აქედან დაახლოებით 40% იმპორტირებული იყო. IEA ჩინეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას წელსაც ელის. წლიური ზრდის მიუხედავად, რუსეთის წილი ჩინეთის გაზის იმპორტში სხვა მიმწოდებლებთან შედარებით, მაინც მცირეა. ჩინეთი ბუნებრივ აირს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის თურქმენეთიდან, ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენით იღებს, ხოლო LNG-ის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტები აქვს კატართან, აშშ-სა და ავსტრალიასთან.

ასევე ნახეთ ენერგეტიკის ექსპერტის თქმით, ევროკავშირი წერტილს უსვამს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას

გაძვირებული გაზი და Gazprom-ის შემცირებული წარმოება

ომისა და ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის პირობებში თხევად გაზზე მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა, რადგან LNG-ის მსხვილი მომხმარებელი ევროპაც გახდა. ევროკავშირი იძულებული იყო, გაზის მიღების ახალი წყაროები მოეძია, რადგან პოლიტიკური ზეწოლის მიზნით კრემლმა გაზის მიწოდება შეამცირა, გაჩერდა Nord Stream-2-ის გაზსადენი, რითაც გერმანიაში რუსული გაზის იმპორტი უნდა გაორმაგებულიყო. 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის ექსპლუატაციით რუსეთი დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღებას ვარაუდობდა, მინიმუმ უახლოეს წლებში ცარიელი იქნება. მიწოდების შემცირებას ბაზარზე შოკი მოჰყვა, რამაც 2022 წლის ზაფხულში ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივ აირზე ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია. ევროპაში გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 300 ევროსაც გადააჭარბა. ამის საპასუხოდ, ევროპამ ახალი ბაზრების ძიება, თხევადი გაზის იმპორტი და გაზსაცავების შევსება დაიწყო. შარშან გაზი გაიაფდა და დღეს ევროპაში ბუნებრივი აირი 29 ევრო ღირს, თუმცა, როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო წერს, ევროპაშიც და აზიაშიც გაზის ფასი მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ომის პირობებში ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა. თუ 2021 წელს რუსეთიდან 137 მილიარდამდე მ3 ბუნებრივ აირს ყიდულობდა, რაც ევროკავშირის ჯამური მოხმარების დაახლოებით 40% იყო, 2023 წელს რუსული გაზის იმპორტი 25 მილიარდ მ3-მდე შემცირდა. რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი წყარო LNG აღმოჩნდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, შარშან ევროკავშირის გაზის მიწოდებაში LNG-ის წილი 37%-მდე გაიზარდა.

რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე ტანკერებით შეტანილი რუსული ნავთობი აკრძალა და ურალსზე საფასო ჭერი დააწესა. სანამ რუსეთი ახალ ბაზრებს აითვისებს, მანამდე, როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო წერს, გაზის წარმოებას ამცირებს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორისთვის შემცირებულ შემოსავალს ნიშნავს.
ასევე ნახეთ ნავთობდამოკიდებულება: რუსეთის ავადმყოფობის ისტორია