ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გულისხმობს საგარეო კურსის ცვლილებას - დარჩიაშვილი

პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას“.

დარჩიაშვილის განცხადებით, ეს მიზნები „სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან“ და „არანაირად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს“.

იგი განმარტავს, რომ 2023 წლის ივლისში ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის „დეკლარაციული ხასიათის“.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვაზე, რატომ არ შეუთანხმა მთავრობამ პარლამენტს ჩინეთთან შეთანხმება, მინისტრმა თქვა, რომ:

  • „მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“;
  • „ერთობლივი განცხადება მიღებულია ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მისი წინასწარ პარლამენტთან შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან“.

კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა ამ შეთანხმების პარლამენტის მიერ რატიფიცირება, დარჩიაშვილი ამბობს, რომ „ის დოკუმენტები, რაც საჭიროებს პარლამენტის რატიფიცირებას, შემოდის პარლამენტში“, რითაც მიანიშნებს, რომ ეს საჭიროება არ დგას.

დარჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (14+1 ფორმატში) საქართველოს დამკვირვებელ წევრად ჩართვა „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ“.

„ფორმატში [დამკვირვებელ წევრად] ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველო მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან, დაადასტურებს რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

პარლამენტი, დეპუტატ თეონა აქუბარდიასა და 8 პარლამენტარის მოწვევით, 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე.

ასევე ნახეთ ჩინეთის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი - შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას?

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა ნახსენები „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:

  • საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად;
  • „ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.

პლატფორმას, რომელიც თავდაპირველად 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმა დატოვეს.

ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში