ავღანელი ჟურნალისტი ლიზა კარიმი Current Time-ის თხოვნით ესაუბრა ქალებს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს და როგორ ცდილობენ გაუმკლავდნენ იმას, რომ თავისუფლება საბოლოოდ წაართვეს.
ხმა მანკიერია
„ვინ ვარ მე? ვის ვეკუთვნი? უნდა ვისჯებოდე თუ არა მხოლოდ ჩემი ხმის გამო?" - ამ კითხვებს დღეს ავღანეთში ქალების უმეტესობა უსვამს საკუთარ თავს. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად მათ დაკარგეს თავისუფლება, საკუთარი სხეული და საკუთარი ხმაც კი.
აგვისტოს ბოლოს თალიბანმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც შედგება 35 მუხლისგან და სხვა საკითხებთან ერთად, უკრძალავს ქალებს საჯარო ადგილებში საუბარს და საზოგადოებაში სახის გამოჩენას. ახალი აკრძალვები, ხელისუფლების განცხადებით, წაახალისებს მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლასა და ზნეობრიობას. კანონი უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნზადამ დაამტკიცა.
ახალი კანონის მე-13 მუხლი მხოლოდ ქალებზე ვრცელდება და ქალის ხმას აიგივებს მანკიერებასთან. თალიბებმა ქალის ხმას „ინტიმური" უწოდეს და ქალებს აუკრძალეს სიმღერა, საუბარი ან ხმამაღლა კითხვა საზოგადოებრივ ადგილებში. ეს ყველაფერი ნებადართულია სახლში, მაგრამ მხოლოდ ისე, რომ ხმა გარეთ არ უნდა გადიოდეს.
ამიერიდან ქალებს ასევე ეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომლებთანაც მათ არ გააჩნიათ ან ნათესაური ან ქორწინებით კავშირი. კანონში ასევე ნათქვამია, რომ ქალი ვალდებულია ყოველთვის დამალოს სხეული საჯარო სივრცეში და, რომ სახის დაფარვა აუცილებელია, რათა ქალები არც თავად შეცდნენ და არც სხვები აცდუნონ. ტანსაცმელი, ახალი კანონის მიხედვით, არ უნდა იყოს თხელი, სხეულზე მჭიდროდ მომდგარი ან მოკლე. ქალებს ახლა მოეთხოვებათ, თავი შეიბურონ არამუსლიმი მამაკაცებისა და ქალების წინაშეც, რათა თავიდან აირიდონ გარყვნილება.
უკვე სამ წელზე მეტია, რაც თალიბანი ხელისუფლებაში იმყოფება. იმის მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მუდმივად ახლდება წესები ქალისა და მამაკაცის უფლებებთან დაკავშირებით. აკრძალვები მუდმივად მკაცრდება.
„ვიცი, რომ სამსახურის დაწყებით რისკზე წავედი"
ქალებს, რომლებიც სამსახურში დადიოდნენ ან ხანდახან ქუჩაში მაჰრამის (ახლო მამაკაცი ნათესავის) თანხლების გარეშე გადიოდნენ, ახლა ქუჩაში მარტო გასვლის ეშინიათ. ქალები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რომლებსაც ექიმთან მისვლა ან გასეირნება სჭირდებათ, ახლა საკუთარ სახლებში არიან გამოკეტილები. და ასობით ქალი, რომელთა ქმრები და ძმები თალიბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ, ახლა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ბევრი ქალი ქვეყანაში საკუთარ მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქვაც კი არ შეუძლია. ახალმა კანონებმა კი, მორიგი დარტყმა მიაყენა.
„ჯერ სკოლებსა და უნივერსიტეტში [სიარული] აგვიკრძალეს, ჰიჯაბის ტარება [გვაიძულეს], დღეს კი ჩვენი ხმები და სახეები აკრძალეს. რა უნდათ ჩვენგან?” - ამბობს 27 წლის მადინა მაზარ-ი-შარიფიდან.
ზოგიერთი გოგონა ალერგიის გამო სახეზე ნიღაბს ვერ ატარებს, მაგრამ თალიბები მათ ემუქრებიან, რომ თუ ისევ ნიღბისა და მაჰრამის გარეშე გავლენ, ეს „ცუდად დასრულდება".
„მე პატივს ვცემ ჩემს ჰიჯაბს, როგორც ისლამი მიმითითებს, თუმცა ის, რასაც ისინი ჩვენგან მოითხოვენ, ისლამში არ არის“, - ამბობს მადინა. მისი თქმით, ქალებს გარეთ გასვლის ეშინიათ და პირობებს მონობას უწოდებენ.
ასევე ნახეთ თალიბანის შემოსვლის შემდეგ ქალები ბურკის ქვეშ გაუჩინარდნენთალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალებმა ფინანსური დამოუკიდებლობაც სწრაფად დაკარგეს. ახლა მათ ეკრძალებათ მუშაობა ბევრ ინდუსტრიაში. სულ უფრო მეტი დამსაქმებელი ამბობს უარს ქალების სამსახურში აყვანაზე. კერძო სექტორშიც კი, სადაც ბოლო დრომდე მეტი შესაძლებლობა იყო, ქალებს დასაქმებაზე უარს უცხადებენ. Current Time-ის რამდენიმე თანამოსაუბრე ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა დამსაქმებლებს მიმართავენ, პასუხად ისმენენ ფრაზას: „ჩვენ ქალებს არ ვიღებთ, თქვენ არ გაქვთ მუშაობის უფლება“.
ზოგიერთმა ქალმა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო სამსახურის პოვნა კერძო სილამაზის სალონებში - ძირითადად დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. მაგრამ ახალი წესების გამოცხადების შემდეგ, ქალებმა იგრძნეს მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. ერთ-ერთი ასეთი ქალია შაისტა ჯალალი. კონტრაქტის მიხედვით, იგი კვირაში სამი დღე მუშაობს, მაგრამ ახლა ეს ბევრად გართულდა.
„ვიცი, რომ რისკზე წავედი სამსახურის დაწყებით. ეს ადრეც ვიცოდი. მაგრამ ვინ არჩენს ჩემს ოჯახს და შვილებს? არ მინდა, რომ ისინი შიმშილით დაიტანჯონ", - ამბობს შაისტა.
სირთულეებს ქალები მთელ ავღანეთში აწყდებიან. მაშინაც კი, როცა ისინი მაჰრამის თანხლებით გადიან ქუჩაში, პირველ მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მამაკაცი, ვისთან ერთადაც არიან, „ნამდვილი მაჰრამია", ანუ მამა, ძმა, ქმარი ან უფროსი შვილი. ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები ყოველთვის ხელთ უნდა ჰქონდეთ. ხოლო ერთი პროვინციიდან მეორეში მოგზაურობისას ქალებს დაკითხვას უწყობენ თალიბები, რომლებსაც დოკუმენტების წასაკითხად საკმარისი წიგნიერება არ აქვთ.
პროვინციებში ქალებს უფრო რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე დიდ ქალაქებში. მათ ხშირად არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ და ისე ზრდიან, რომ დაემორჩილონ მამაკაცებს შეწინააღმდეგების გარეშე, ამბობს შაისტა.
„ავღანეთის პატარა სოფლებში მცხოვრებ ქალებს სჯერათ, ისინი იმისთვის იბადებიან, რომ სახლის საქმე აკეთონ, გააჩინონ შვილები და მუდმივად ვიღაცას დაემორჩილონ. ისინი მომდევნო თაობებსაც ამ შეხედულებებით ზრდიან. თუ დედამ არ იცის თავისი უფლებები, როგორ შეუძლია მას საკუთარი შვილის აღზრდა?” - სვამს კითხვას შაისტა. - „თალიბანი ახლა კრძალავს ქალების ხმას, მაგრამ პროვინციებში ეს დიდი ხნის წინ აიკრძალა. მრავალწლიანმა ძალისხმევამ [წინა ხელისუფლების მიერ] შედეგი არ გამოიღო, რადგან ის არ იყო საფუძვლიანი. ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა განათლება, ქალებს კი აღარ აქვთ მასზე წვდომა”.
ასევე ნახეთ ჩაშლილი გეგმები, დამსხვრეული ოცნებები: ჟურნალისტი ქალი ქაბულში ახალი რეალობის წინაშე
ფსიქოლოგიური ზეწოლა
სულ უფრო მეტი ქალი გრძნობს თავს იზოლირებულად ქვეყანაში, სადაც ისედაც ყველგან შიშსა და ძალადობას აწყდებიან. დღევანდელმა პირობებმა მათ საბოლოოდ ჩამოართვა დამოუკიდებლობა.
ამ ვითარებაში, ბევრი ქალი იმდენად დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რომ ზოგიერთმა თვითმკვლელობა სცადა, უთხრა Current Time-ს ფსიქოლოგმა როჰა ქარიმმა.
„ამ გოგოებსა და ქალებს უვითარდებათ დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, ცუდი კომუნიკაციის უნარი, პრობლემები პირად ურთიერთობებში. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვთ თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება", - ამბობს ის.
ფსიქოლოგები დარდობენ, რომ ამჟამინდელი პირობები მხოლოდ გააუარესებს თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებს.
ასევე ნახეთ ღვთის ამარა მიტოვებულები„ჩვენ არასოდეს გავჩუმდებით"
სანამ ქვეყანაში საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ქვეყნიდან განდევნილი აქტივისტები ცდილობენ მსოფლიოს ყურადღება მიაპყრონ იმ ახალ კანონებზე, რომლებმაც გააუარესა ქალებისთვის ისედაც მძიმე მდგომარეობა. ავღანელი აქტივისტები ცდილობენ, თალიბების პოლიტიკის წინააღმდეგ თავიანთი პოზიცია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ახსნან. მათ შორის არის ჰოდა ხამოში, უფლებადამცველი და დამფუძნებელი მოძრაობისა "ავღანელი ქალები სამართლიანობისთვის".
„თალიბანი უკვე სამი წელია ცდილობს ავღანელი ქალების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის ხმას წართმევას, მაგრამ ჩვენ არასდროს გავჩუმდებით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, რომ დაგვაძალონ [გაჩუმება] და საზოგადოებაში ჩვენი ხმების ჩახშობა, ჩვენ კვლავ და კვლავ ავიმაღლებთ ხმას და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის“, - უთხრა მან Current Time-ს.
მისი აზრით, ავღანელმა ქალებმა არასოდეს უნდა დათმონ თავიანთი უფლებები, არამედ პირიქით, უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რომ მათთვის იბრძოლონ.
შუქრია ბარაქზაიმ, ავღანეთის ყოფილმა ელჩმა ნორვეგიაში და ქალთა განათლების აქტივისტმა, იგივე უთხრა Current Time-ს.
„ვფიქრობ, თალიბანი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ცდილობს ქალების ჩამოშორებას საზოგადოებიდან. ფაქტობრივად, ახალი კანონებით ისინი აჩვენებენ, რომ ავღანეთში არ არსებობს ადამიანის უფლებები", - თქვა მან.
ავღანეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა უარესდება, ბევრი ქალი აქტივისტი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი ადანაშაულებენ თალიბანს იმაში, რომ მათი ქმედებები ისლამურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
დოქტორ ამანს, ექიმ ქალთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელს, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა მათი უფლებებისთვის, სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო. ის ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. იგი თვლის, რომ ისლამი არასოდეს მოითხოვდა ქალების საზოგადოებიდან გარიყვას:
„ალაჰმა შექმნა ქალები და კაცები და მიანიჭა მათ როგორც უფლებები, ისევე მოვალეობები. ქალებს აქვთ ხმის იგივე უფლება, რაც კაცებს. არავინ არ უნდა აღიქვას ქალის ყოველი ქმედება, როგორც სექსუალური მანიპულირება", - ამბობს ის.
ავღანეთში ასევე რჩებიან კაცი აქტივისტები, რომლებიც იბრძვიან ქალთა უფლებებისთვის და წინააღმდეგობას უწევენ თალიბანის კანონებს: „კაცები არ ვართ ისეთი სუსტები, როგორც თქვენ, ეგრეთ წოდებული მოჯაჰედები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და აღიქვამენ ქალებს, როგორც მხოლოდ სექსუალურ მანიპულატორებს. ქალები არ არიან სუსტები და ქალები არ არიან მარტო [ამ ბრძოლაში]“, - ამბობს აქტივისტი ჰასან მუსტაფა ამანი.
ასევე ნახეთ თალიბანი ქალების მიმართ შეზღუდვებს აღადგენს ავღანეთის რეგიონებში, რომლებიც დაიკავა
„მსოფლიოში ქალთა უფლებების ყველაზე სერიოზული კრიზისი"
იუნესკოს მონაცემებით, ავღანეთში 1,4 მილიონზე მეტი გოგოა მოკლებული განათლებას, რაც საფრთხეს უქმნის მთელი თაობის მომავალს.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Human Rights Watch-ის თანახმად, თალიბანმა შექმნა ქალთა უფლებების მსოფლიოში ყველაზე სერიოზული კრიზისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. თალიბანის სასტიკი მმართველობის პირობებში, ავღანელი ქალები და გოგონები თავიანთ ყველაზე უარეს კოშმარში ცხოვრობენ.
თალიბანის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, განცხადებაში მათ, ვინც შესაძლოა არ იცნობდეს შარიათის კანონებს, განსაკუთრებით არამუსლიმებს, მოუწოდა, ნუ იქნებიან „ამპარტავნები“, ეს გაფრთხილება პირველ რიგში ეხებოდათ მათ, ვინც ეჭვებს გამოთქვამს ან წინააღმდეგობას წევს.
„ჩვენ მოვუწოდებთ, ეს კანონები საფუძვლიანად იქნეს გაგებული, ისლამური ღირებულებები კი პატივისცემით მიღებული. ამ კანონების უარყოფა ასეთი გაგების გარეშე, ჩვენი აზრით, ამპარტავნობის აქტია", - თქვა მან.
დღევანდელი ავღანეთი არის ბნელი ფურცელი ადამიანის უფლებების ისტორიაში. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არ აქვს ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა წვდომა განათლებაზე და არჩევანის თავისუფლება. ქალები თითქმის მთლიანად ექვემდებარებიან კაცების კონტროლს და უნდა გააკეთონ ის, რასაც მათ სთხოვენ და არა ის, რაც თავად სურთ.
თარგმანი: ელენე კობახიძე