„ჩვენ, აფხაზები, დავუბრუნდით ჩვენს მიწას“

სახალხო პარტიის თავმჯდომარემ იაკუბ ლაკობამ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა რეპატრიანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიმართ

31 ივლისს სოხუმში ჩატარდა კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. კრებაზე განიხილეს რეპატრიაციის თემა და ყაჩაღური თავდასხმა მაღაზია „ჩერეზზე,“ სადაც მუშაობენ აფხაზი რეპატრიანტები თურქეთიდან. კრებაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც განიხილავს რეპატრიანტთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, და მოითხოვეს დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

შეკრების მიზეზი გახდა რვა ივლისს, დაახლოებით დღის სამ საათზე, სოხუმის მუჰაჯირების სანაპიროსთან მდებარე N 65 მაღაზიაზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ შევიდა მაღაზიაში ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებმაც მაღაზიის მეპატრონეებთან ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბის შედეგად, მაღაზიის ორივე რეპატრიანტი მეპატრონე დაშავდა, ერთ-ერთ მათგანს ოპერაციაც კი ჩაუტარდა.

მომდევნო დღეს, ცხრა ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილია“. მანვე განაცხადა, რომ თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა დღეისათვის პატიმრობაში მხოლოდ ორი თავდამსხმელი იმყოფება. მომხდარზე კომენტარი გააკეთა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ:

ზურაბ აჩბა

„ორი მათგანი დაპატიმრებულია, ორი კი იძებნება. პროკურატურას ზედამხედველობა აქვს დაწესებული სისხლის სამართლის ამ საქმეზე, რომელიც ქალაქ სოხუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს აბარია. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 159-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ყაჩაღურ თავდასხმას გულისხმობს. ამ საქმეზე დაკავებულები არიან ალექსანდრე ვიქტორის ძე ლაგვილავა და ჟენია დიმიტრის ასული ლეონიდოვიჩი. მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე და არ აღიარებენ დანაშაულს. სხვა პირების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კუთხით, რომელმაც დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უნდა დაადგინოს“.

ელენა ზავოდსკაია: დღეს ითქვა, რომ განცხადების გარეშე შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმის სასამართლომდე მიყვანა, მართალია?

ზურაბ აჩბა: პროკურატურას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა საქმის სასამართლომდე მიყვანისა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალებულთა განცხადება საჭიროდ არ მიიჩნევა.

კრება გახსნა რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა, რომელმაც პატარა ისტორიული ექსკურსი მოაწყო: „დასავლეთის დიდმა გეოპოლიტიკურმა თამაშმა და ცარიზმის კოლონიალისტურმა პოლიტიკამ მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიისა და აფხაზეთის მიმართებით მეცხრამეტე საუკუნეში გამოიწვია აფხაზურ-ადიღური ხალხების ძირძველი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის იძულებითი გადასახლება თურქეთში. ხანმოკლე დროის განმავლობაში, 1860 წლიდან 1880 წლის ჩათვლით, მიწა, ფაქტობრივად, დაცარიელდა. მათი სამშობლო, მეფის მთავრობის აქტიური მატერიალური და მორალური მხარდაჭერის შედეგად, ე.წ.სანდო ხალხებით დასახლდა. ასე, ერთი ათეული წლის განმავლობაში, 1870-1880 წწ-ში, აფხაზეთი იქცა თავისი შემადგენლობით მონოეთნიკური ქვეყნიდან მრავალეროვნულ ქვეყნად“.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ ყველამ უნდა გამოვხატოთ ერთსულოვნება. ყველამ ერთხმად უნდა დავგმოთ მომხდარი. ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იგრძნონ საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერა...
რაულ ხაჯიმბამ

დბარმა გაიხსენა ასევე 1864 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრაგიკული ამბები, ქართველი მენშევიკების მიერ აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, აფხაზეთის შეყვანა საქართველოს სსრ-ს ფარგლებში, 1930-იანი წლების მასობრივი რეპრესიები, 1992-93 წლების სისხლისმღვრელი ომი, რომელშიც აფხაზეთმა გაიმარჯვა.

დბარის აზრით, რეპატრიანტების სამშობლოში დაბრუნება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა ასეთი ინციდენტები რეპატრიაციისთვის ზიანის მომტანია. „სამწუხაროდ, რამდენიმე ძალადობრივ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩვენი რეპატრიანტი ძმების მიმართ, საზოგადოებამ კი თითქოს წყალი ჩაიგუბა პირში: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები ხმას არ იღებენ, ზოგიერთნი კი, ე.წ. „პატრიოტები“,ცნობილი ანდაზის მიხედვით მოქმედებენ: ’სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი’.“

იგივე აღნიშნა თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ: „მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ ყველამ უნდა გამოვხატოთ ერთსულოვნება. ყველამ ერთხმად უნდა დავგმოთ მომხდარი. ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იგრძნონ საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერა. სად იყვნენ საზოგადოებრივი გაერთიანებები, პარტიები, ინტელიგენცია? ყველა დუმდა იმის იმედით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდებოდა“.

მომხდარი დანაშაულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს სახალხო პარტიის თავმჯდომარემ იაკუბ ლაკობამ, მეწარმე ფენია ავიძბამ, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ აპოლონ შინკუბამ და სხვებმა.

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე აპოლონ შინკუბა

შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნის მმართველობას მიმართეს თხოვნით, გაამყარონ ურთიერთობები უცხოეთში მყოფ დიასპორასთან და შეიარაღებული თავდასხმის ამბავი პირად კონტროლზე აიყვანონ. კრების შემდეგ კომენტარი გააკეთეს პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმირ ზანთარიამ და პრეზიდენტის რეზიდენციის ხელმძღვანელმა, დიდი სტაჟის რეპატრიანტმა იბრაგიმ ავიძბამ.

ვლადიმირ ზანთარია: „ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს დიასპორასთან, ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, მოწყვლადი ნაწილია. ვიცი, პრეზიდენტი ძალიან მკაცრია ამ ყველაფრის მიმართ. არ აპირებს შეეგუოს რეპატრიანტთა წინააღმდეგ ჩადენილ არც ერთ დანაშაულს, მაგრამ ერთ საათში არაფერი მოგვარდება, რადგანაც ამოქმედებულია ნათლიმამობის, ნათესაობის მექანიზმები, მაგრამ ის აპირებს ამ ყველაფერთან ბრძოლას. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ მაღალ მატერიებზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს დიასპორასთან კავშირი, როგორ ვზრუნავთ მასზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვებია. ამიტომაც, ხანდახან სახელმწიფოს უწევს მსგავსი კრებების ჩატარება, როცა ხალხი ვერ ხვდება, რომ ერთხმად უნდა იყვიროს და უბედურების მაუწყებელი სიგნალი გაგზავნოს. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, როგორც ხალხი, გავქრებით ჩვენი დიასპორის, ჩვენი უდიდესი ნაწილის გარეშე. გაერთიანების პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამას ხელს უშლიან როგორც ქართველები, ასევე დიდი სახელმწიფოები“.

კრების დროს გაისმა გამოსვლა აფხაზურ ენაზე, რამაც აღაშფოთა რეპატრიანტები, რომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, კრება დატოვა.

კრების დროს გაისმა გამოსვლა აფხაზურ ენაზე, რამაც აღაშფოთა რეპატრიანტები, რომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, კრება დატოვა.

იბრაგიმ ავიძბამ ამაზე რეაგირება მოახდინა და მაღაზიაზე თავდასხმის თაობაზე კომენტარი გააკეთა: „ამ დრომდე ჩვენმა ხალხმა ვერ გაიგო, რატომ დავბრუნდით სამშობლოში. ჩვენ, აფხაზები, დავუბრუნდით ჩვენს მიწას, რომლის დატოვებაც მოუწიათ ჩვენს წინაპრებს 1864 წელს. თქვენ ხედავთ, რაზე იყო საუბარი დღეს. ზოგიერთმა თქვა: „ისინი, თურქები“, „მოვიდნენ, რომ შემოიტანონ ისლამი“... მისმინეთ, აფხაზები არასოდეს ყოფილან რწმენაში რადიკალურები. უკვე 25 წელია აქ ვარ, აქ დავბერდი, აქ ვმუშაობ და თურმე ეს ყველაფერი არაფერია... მოვიდა ადამიანი თურქეთიდან, წესიერი ადამიანი, უნდა მუშაობა, ეკონომიკის განვითარება. მათ სცადეს ლამაზი მაღაზიის აშენება და გახსნა, ვაჭრობენ. ფიქრობენ, თუ როგორ გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. მიდიან მათთან აფხაზები და ეუბნებიან: „თქვენ, თურქებო, გაეთრიეთ აქედან!“შვიდი ადამიანი სცემს ორს! ეს სად გინახავთ? სად არის აფხაზური ტრადიციები, სად არის აფსუარა, რითაც ვამაყობთ? სად არის ვაჟკაცობა? ეს ხალხი დასეირნობს, სადღაც დაიმალნენ. სადაც ისინი იმალებიან, კვებავენ მათ? კვებავენ! მალავენ? მალავენ! როგორ ვერ მოძებნეს? ჩვენ რა, ნიუ-იორკში ვცხოვრობთ? აფხაზეთი პატარაა, ყველამ იცის, ვინ სად რას აკეთებს. რით ვერ მოძებნეს ეს ადამიანები? იმიტომ, რომ არ გვინდა! უკვე აღარავისი მჯერა...“

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ იძებნება თავდასხმის სამი მონაწილე: ფილია ოჩანა ვლადიმირის ძე, ზანთარია ალსუ იგორის ძე და ქეცბა ვადიმ იურის ძე. ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.