„ჩვენ არ გვაქვს საკუთარი პოლიტიკა - ველოდებით, რას გვეტყვიან კურატორები“

საოკუპაციო გამყოფი ხაზი

„ჩვენთვის არსებითად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში. გვესმის, რომ ეს არ აისახება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობებზე. არ მგონია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბიშვილი ან ვაშაძე დაეთანხმონ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ანდა ხელი მოაწერონ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილი მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ“, - უთხრა სააგენტო „ტასს“ (ТАСС) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მისი თქმით, სამხრეთი ოსეთი ახალს არაფერს ელოდება და იმედს მხოლოდ „საკუთარ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერაზე ამყარებს“.

რუსი პოლიტოლოგის, ალექსეი მალაშენკოს, აზრით, ბიბილოვის მსგავსი განცხადებები საკუთარი ინიციატივების უქონლობის აღიარებაა. „ვიღაც ამბობს, რომ სამხრეთი ოსეთი საქართველოს ნაწილია, სხვები მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევენ... მასზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვას? სულ ეს არის. ასეთ განცხადებებზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება“.

საზოგადოებრივი აქტივისტი სამხრეთ ოსეთიდან, თემურ ცხურბათი, არ ეთანხმება მიდგომას, რომ საქართველოსთან არაფერია სალაპარაკო მანამდე, ვიდრე ის არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას ანდა ხელს არ მოაწერს შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. მისი აზრით, ასეთი პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს. ცხურბათი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსმა უნდა იმუშაოს იმასთან, რაც იმწუთას არის მოცემულობა, ნებისმიერი სასტარტო პოზიციიდან.

„მსგავსი მიდგომა ჩემში გაოცებას იწვევს. მაქვს შეკითხვა: და თუკი საქართველო მოაწერს ხელს დოკუმენტს ძალის არგამოყენების შესახებ, ამ შემთხვევაში თქვენ მას ენდობით? საქართველო ნდობას არც ჩემში იწვევს და თუკი შეთანხმებას მოაწერს ხელს, ეს კიდევ უფრო დიდ უნდობლობას გამოიწვევს. ვფიქრობ, უბრალოდ, საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატარო, გააკეთო ის, რაც სამხრეთ ოსეთისთვისაა ხელსაყრელი, მაგალითად, ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მომენტისთვის მე ვიცი, რომ საქართველოში შესაძლებელია საქონლის შეტანა სამხრეთ ოსეთიდან... და რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ? თითქოს არც ისინი არიან წინააღმდეგი“.

ცხურბათის აზრით, საქართველოში რაც ხდება, ეს სამხრეთ ოსეთსაც ეხება - იქ ცხოვრობს ოსი ხალხის ნაწილი, სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან აკავშირებს საზღვრის ოთხი მეხუთედი და ეს სამხრეთი მეზობელი არსად წავა არც ათი წლის მერე და არც 100 წლის მერე. ამ გაგებით, ოსი აქტივისტის აზრით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკის ამოცანაა, ეს კონფლიქტი მემკვიდრეობით არ გადაეცეს მომავალ თაობებს. გასაგებია, ამბობს ცხურბათი, რომ სიტუაციაზე ზეგავლენის მოსახდენად სამხრეთ ოსეთს მცირე შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მას შეუძლია გაატაროს ე.წ. შეგუების პოლიტიკა.

„საქართველო თანდათან ეჩვევა აზრს, რომ სამხრეთი ოსეთი ცალკეა. საჭიროა მათთან უფრო მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, რათა იქ ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ მათი მტრები არა ვართ, რომ ჩვენთან უკეთესია თანამშრომლობა, ვიდრე ჩვენს მიმართ კონფრონტაციის პოლიტიკის წარმოება. ამით ისინი მაგალითი იქნებიან მთელი კავკასიისთვის, ლიდერები გახდებიან მთელ კავკასიაში. და რაც უფრო ჩქარა შეეჩვევა საქართველო ამას, მით უკეთესი... და, სხვათა შორის, ეს ნელ-ნელა უკვე ხდება. ამის ნაცვლად ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის პოლიტიკას ვირჩევთ? და რა დრომდე უნდა იყოს ასე ? ადრე თუ გვიან ეს დასრულდება და რაც ადრე მოხდება, მით უკეთესი. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, მაგრამ არა გვაქვს - ჩვენ მხოლოდ ველოდებით, რას გვეტყვიან კურატორები“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.