Команда A.A.C - „ჩეჩნური კოლონის“ წევრები, მარშრუტი და მიზანი საქართველოში

ასლანბეკ ახმეტხანოვმა ოჯახის წევრებსა და ახლო წრესთან ერთად, სულ მცირე, 12 დღე დაჰყო საქართველოში

43 ჯარიმა სიჩქარის ლიმიტის, ბასლაინზე შესვლისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევისთვის; მოგზაურობა გუდაურში, ანანურში, თბილისში, შეკვეთილსა და ბათუმში და აღშფოთებული ქართული ინტერნეტი...

ასეთი იყო ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმატხანოვისა და მისი ამალის ორკვირიანი ვიზიტი საქართველოში.

„რადიო თავისუფლებამ“ „ახმატხანოვის კოლონის“ გადაადგილების მარშრუტი დაადგინა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ რა იყო მათი მიზანი საქართველოში.

12 დღე - ლარსიდან ბათუმამდე

„Команда A.A.C“, - როგორც თავიანთ თავს უწოდებენ ხოლმე ინსტაგრამზე, - საქართველოში, სულ მცირე, 12 დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა. 22 მაისიდან 3 ივნისამდე. შესაძლოა, უფრო მეტხანსაც კი.

ასლანბეკ ახმეტხანოვის ინიციალები (Ахметханов Асланбек Султанович) ემთხვევა საავტომობილო ნომერს - A777AC77. ამ ნომრით მოძრავი ავტომობილი ამ პერიოდში არაერთ ფოტოსა და ვიდეოში მოხვდა.

„ახმეტხანოვის გუნდის“ წევრები ერთნაირი „მერსედესის“ მარკის (G 63) ავტომობილებითა და თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზებში ასახული ჯარიმებიდან შესაძლებელია კოლონის საქართველოში მოძრაობის პერიოდის დადგენაც: A777AC77 სანომრე ნიშნის ავტომობილი პირველად 22 მაისს დააჯარიმეს. ჯარიმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, 42 ნომერთან დაფიქსირებული დარღვევის გამოა დაწერილი.

ავტომობილების კოლონის ჯარიმების ნაწილი

100-ლარიანი ჯარიმა გამოწერილია ავტომატურად, „ჭკვიანი კამერის“ საშუალებით, - სავარაუდოდ, ავტობუსის ზოლში უკანონოდ გადაადგილების გამო („ასკ მუხლი 125-0-2“).

იმავე მანქანის ბოლო ჯარიმა გამოწერილია 3 ივნისს - სოფელ შეკვეთილთან.

ორ თარიღს ერთმანეთისგან 12 დღე აშორებს.

კოლონაში შემავალ ხუთ ავტომობილს 22 მაისიდან 3 ივნისამდე ზუსტად 43 ჯარიმა აქვს ასე გამოწერილი. ჯარიმების მოცულობა 7450 ლარია.

ასევე ნახეთ სულ მცირე 43 დარღვევა და 7450 ლარის ჯარიმებია - „ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში

იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოჯარიმების სისტემა უცხოურ ნომრებთან ხარვეზებით მუშაობს, უცნობია, მოუწიათ ან მოუწევთ თუ არა მათ ამ ჯარიმების გადახდა.

რუსულ პლატფორმა „ნომეროგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ კოლონაში შემავალი ავტომობილები მხოლოდ საქართველოში არ არღვევენ მოძრაობის წესებს.

მაგალითად, C777CE77 ავტომობილი 2022 წლის 28 იანვარს და 25 თებერვალს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებულია მოსკოვში. 25 თებერვალს რუსეთის დედაქალაქში ის გადაადგილდებოდა 127 კმ/სთ სიჩქარით.

ახმეტხანოვის კოლონაში შემავალი ერთ-ერთი ავტომობილი 2022 წლის 25 თებერვალს 127 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისთვის არის დაჯარიმებული მოსკოვში.

სად დადიოდნენ?

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალის „გეოლოკაციისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარიმო ქვითრების ანალიზის შემდეგ „რადიო თავისუფლებამ“ ახმეტხანოვისა და მისი ამალის გადაადგილების მიახლოებითი მარშრუტი ააწყო.

22 მაისი: ახმეტხანოვი, თავისი ამალით, გადმოდის რუსეთ-საქართველოს (ლარსის) საზღვარს და გუდაურის გავლით მიემართება თბილისში.

  • ინსტაგრამ-ანგარიში, სახელად „ახმეტხანოვის გუნდი“, 22 მაისს აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს მათი გადაადგილება გუდაურში - თბილისის მიმართულებით;
  • ამავე ვიდეოში ჩანს ახმეტხანოვის ვაჟი, როხიმ ახმეტხანოვი სასტუმრო „გუდაური ჰილზ რეზიდენსთან“ და „გუდაური ჰილზ აპარტ ჰოტელთან“, - ბანერთან, შესასვლელში;

როხიმ ახმეტხანოვი „გუდაურის ჰილზთან“

  • მოგვიანებით ავტომობილი, ამავე სანომრე ნიშნებით იმყოფება თბილისში, ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ავტობუსის ზოლში გადაადგილების გამო ჯარიმდება კიდეც; ამას შსს-ს ჯარიმების რეესტრი ადასტურებს.

ავტომობილის, A777AC77 ჯარიმის ქვითარი 22 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარღვევის გამო.

25 მაისი: ავტომობილები, A777AC77, C777CE77 და A777AK77 იმყოფებოდნენ თბილისში, სასტუმრო „რედისონის“ პარკინგზე.

ახმეტხანოვის ავტომობილების კოლონა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო რედისონთან/ საბა ელიზბარაშვილის ფოტო

ამას „რადიო თავისუფლებას“ უდასტურებს მოქალაქე საბა ელიზბარაშვილი, რომელმაც იქ დილის 11:07 საათზე გაიარა და ავტომობილებს ფოტო გადაუღო.

25 მაისსვე გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ ახმეტხანოვი, თავის ორ ვაჟთან, - როხიმსა და რახმანთან, - და, სავარაუდოდ, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება დუშეთში, ანანურის ციხის კომპლექსში.

ახმეტხანოვები, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად ანანურში. ფოტოზე სახეები მათივე დაბლარულია

ამ ფოტოს გადაღების თარიღი დაუზუსტებელია. შესაძლოა, 25 მაისსვე იყოს გადაღებული - რაც ნიშნავს, რომ ისინი თბილისიდან ანანურში სპეციალურად გაემგზავრნენ; ასევე, შესაძლოა, მათ გუდაურიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე 22 მაისსვე შეიარეს ანანურში ფოტოს გადასაღებად.

26 მაისი: ახმეტხანოვი, თავისი ამალის წევრებთან ერთად, ჯერ იმყოფება თბილისში, - სადაც საქართველოს მთავრობის წევრები დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ, - შემდეგ კი დასავლეთში მიემგზავრება.

  • დაახლოებით დღის პირველის ნახევრისთვის მოქალაქე ხათუნა მაღლაკელიძე აღმაშენებლის ხეივანზე, „ნიკორას“ მაღაზიასთან, „სიტროენის ცენტრის“ მოპირდაპირე მხარეს, ხედავს თეთრ ტანისამოსში გამოწყობილ ახმეტხანოვს ერთ-ერთ თანმხლებ პირთან ერთად. ამ უკანასკნელს შავი მაისური აცვია;

ახმეტხანოვი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე

  • ისინი სხდებიან შავი ფერის, მერსედესის მარკის (S560) ავტომობილში, სანომრე ნიშნებით O777OC77;
  • უკან დანარჩენი ავტომობილები არიან გაჩერებულები - ოღონდ არა საპარკინგე სივრცეში, არამედ საავტომობილო მოძრაობისთვის განკუთვნილ პირველ ზოლში.

26 მაისსვე ავტომობილების მოძრაობაზე დაკვირვება შესაძლებელია თბილისი-სენაკი-ლესელიძის სხვადასხვა მონაკვეთზე, შემდეგ კი სამტრედია-გრიგოლეთის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე - ისევ შსს-ს საჯარიმო რეესტრის მიხედვით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე კოლონის თითოეული მანქანა რამდენჯერმე არის დაჯარიმებული - მათ შორის, დასაშვებ სიჩქარეზე 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის.

3 ივნისი: ჯერ სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი მედიაში გავრცელდა ფოტოები/კადრები, სადაც ჩანს, რომ ახმეტხანოვის საავტომობილო კოლონა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „რედისონის“ პარკინგზეა გაჩერებული. გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.

კადრში იგივე ხუთი ავტომობილი ჩანს, რომლებიც 26 მაისს გადაღებულ კადრებში. მათი დაჯარიმების პერიოდი და ადგილმდებარეობა ასევე ემთხვევა ერთმანეთს.

ახმეტხანოვების ავტომობილების კოლონა ბათუმში, სასტუმრო რედისონის პარკინგზე

„რედისონს“ ახმეტხანოვები ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყანაში. 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში ზუსტად ამ ავტომობილების კოლონა ფიქსირდება ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში, სასტუმრო „რედისონთან“.

ახმეტხანოვების საავტომობილო კოლონა ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში, სასტუმრო რედისონთან, 2022 წლის სექტემბერში

ჯარიმების რეესტრში ჩანს, რომ 3 ივნისს ავტომობილები კვლავ გრძელ გზაზე გადაადგილდებოდნენ. ყველა მათგანი ამ დღესაც რამდენჯერმეა დაჯარიმებული. მაგალითად, ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77, გამოწერილი აქვს 4 ვიდეოჯარიმა:

  • ჯერ სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, მე-14 კმ-ზე, ჯაპანასთან;
  • შემდეგ ორი ჯარიმა ზედიზედ თბილისი-სენაკი-ლესელიძის 120-ე კმ-ზე, აგარასთან;
  • ბოლო ჯარიმა კი სენაკი-ფოთი-საფრის საავტომობილო გზის 63-ე მონაკვეთთან - სოფელ შეკვეთილთან…

„მთავარი არხის“ 4 ივნისს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მათ საქართველო დატოვეს - ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით.

4 ივნისსვე ადგილობრივმა გამოცემა „ბათუმელებმა“ დაწერა, რომ შუადღისთვის „რედისონის“ პარკინგზე ეს ავტომობილები აღარ იდგნენ.

ახმეტხანოვის „კამანდა“ - ვინ არიან?

გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალიდან ჩანს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ და ერთად გადაადგილდებოდნენ:

  1. ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი;
  2. მისი უფროსი ვაჟი, რახმან ახმეტხანოვი - რომელიც წერს, რომ პროფესიონალი მოკრივეა;
  3. მისი ვაჟი, როხიმ ახმეტხანოვი (ძმები მამის კომპანიაში არიან დასაქმებულები).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა - დიტო სამხარაძემ და გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოში „ჩეჩენ ბიზნესმენთან და მეგობრებთან ერთად“ იმყოფებოდა „გროზნოს გადაყენებული მერი“.

„გროზნოს ყოფილი მერის“ ვინაობა მათ არ დაუზუსტებიათ. „რადიო თავისუფლებამ“ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის დაზუსტება, შესაბამისად, ამ ფიგურის ახლანდელი ურთიერთობის დაზუსტება ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან.

სამხარაძის განცხადებით, ჩეჩენი ბიზნესმენი [ახმეტხანოვი] „კადიროვის მიერ იყო დაჭერილი“ და არცერთ მათგანს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონია.

„ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია. კადიროველი სხვა რამეა“, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

და, მაინც, ვინ არის ახმეტხანოვი?

რუსული ოპოზიციური გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ («Кавказский узел») ცნობით, ასლანბეკ ახმეტხანოვი, ზედმეტსახელად „ეშმაკი“, „ძალიან მდიდარი“ ბიზნესმენია, - კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელი და კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან.

გამოცემის ცნობით, მას ჰყავს სამი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი.

2020 წლის აპრილში მას რამზან კადიროვი პირადად, საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა - კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის მოხმარების, იარაღიდან სროლისა და, ასევე, დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვის გამო.

ახმეტხანოვმა ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ „ასეთი რამ აღარ განმეორდება“ და გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს.

რუსულ კრიტიკულ მედიაში მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კადიროვმა „ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა“ - და ეს მისი „საჯარო შერცხვენის“ პოლიტიკის ძირითადი მიზანია.

თუმცა წერდნენ იმასაც, რომ ფინანსური ინტერესების გამო, მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა.

მართლაც, ახმეტხანოვი საკუთარ სოფელში, საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, კადიროვმა ახმეტხანოვს დაბრუნების უფლება მისცა, რადგან ბიზნესმენი დაახლოებული იყო ჩეჩნეთის მმართველ წრეებთან და ხელისუფლებას გამოადგებოდა მისი ფინანსური რესურსები.

ასლანბეკ ახმეტხანოვი

ახმეტხანოვის დაბრუნების შემდეგ მიიჩნევა, რომ იგი, - მას შემდეგ, რაც შეეგუა დამცირებას. ბოდიში მოიხადა და წინააღმდეგობა აღარ გასწია, - კადიროვის ორბიტაზე დაბრუნდა და მისი მფარველობით მოქმედებს.

გამოცემის თანახმად, ახმეტხანოვის „იუგ-ნეფტს“ 2019 წელს გარკვეული სამართლებრივი პრობლემები შეექმნა; ბიზნესმენმა კომპანიის ლიკვიდაციის შემდეგ იმავე დასახელების ახალი კომპანია დაარეგისტრირა. ახლანდელ „იუგ-ნეფტში“ გენერალური დირექტორის პოსტს მისი უფროსი შვილი როხიმი იკავებს, ფინანსური დირექტორისას კი - რახმანი.

„ცოტა დავიღალეთ, მაგრამ მუშაობა საჭიროა“, - წერს როხიმ ახმეტხანოვი 13 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ის და მისი ძმა საოფისე სივრცეში სხედან.

ძმები არცთუ იშვიათად პოზირებენ ამ საავტომობილო კოლონასთან და, ზოგჯერ, შეიარაღებულ პირებთან ერთად.

ახმეტხანოვის ვაჟი, როხიმი, საავტომობილო კოლონის წინ პოზირებს შეიარაღებულ პირთან ერთად. მეორის ვინაობა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია. ფოტო საქართველოში არ არის გადაღებული

ნომრები: 777-77

ავტომობილებს, რომლებითაც ახმეტხანოვები და მათი გარემოცვა გადაადგილებოდა, მარკის გარდა, საერთო ნომრები ჰქონდა - შვიდიანები.

„ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის“ (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სერგეი სუმლენი აცხადებს, რომ „777-77“ ნომრები რუსეთში, ძირითადად, გაიცემოდა დანაშაულებრივი სამყაროს, მთავრობის ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის. და, ჟარგონზე, „ბლატნოი“ ნომრებად ითვლებაო, ამბობს იგი (საქართველოში ელიტური ნომრები უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ ან მოქმედ თანამშრომლებს, გავლენიან ბიზნესმენებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს აქვთ ხოლმე).

სუმლენიმ ტვიტერზე გააზიარა საქართველოში ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დაწერა: „საინტერესოა, რომ სერია „77“ ოფიციალურად აღარ არსებობს ახლად დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის, მაგრამ მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით“.

მის თანახმადვე, შავი G-კლასის მერსედესის მარკის ავტომობილები ყველაზე პოპულარულია ეფ-ეს-ბეს ოფიცრებს შორის.

„რადიო თავისუფლებამ“ 5 ივნისს, 22:45 საათზე შენიშნა ასევე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, GLE Coupe, სანომრე ნიშნებით H777PA77.

ავტომობილი (GLE Coupe) ახმეტხანოვის ახლო წრის მსგავსი სანომრე ნიშნებით თბილისში 5 ივნისს, 22:45 საათზე

ეს ავტომობილი, მართალია, ფოტოებსა და ვიდეოებში არ ფიგურირებს ახმეტხანოვების გარემოცვასთან, თუმცა ჩვენი რედაქციის ყურადღება მსგავსი მარკისა და ნომრების გამო მიიქცია.

ჯარიმების რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი წელს ექვსჯერაა დაჯარიმებული თბილისში: თავდაპირველად 28 იანვარს, 11 და 24 თებერვალს, შემდეგ კი 9 და 10 მაისს. ეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ ავტომობილი, სულ მცირე, 2023 წლის დასაწყისიდან იმყოფება საქართველოში.

„დაისვენეს და გავიდნენ“? - რა არ ვიცით

პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, ბექა დავითულიანმა „ფორმულას“ უთხრა, რომ არც მას უნდა, „ქვეყანა კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს“.

„ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე, ვიღაც გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც თავის ქვეყანაში - და არა საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, - იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული“, - თქვა მან.

„მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც სხვა რამ ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება... თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში... მეც მოვიკითხე. როგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ“, - განაცხადა დავითულიანმა.

სინამდვილეში, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია:

  • რას ემსახურებოდა ახმეტხანოვისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტი საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში;
  • შეხვდნენ თუ არა ისინი რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, როგორც ამას სხვადასხვა მედია იუწყება;
  • მფარველობდა თუ არა მათ რომელიმე გავლენიანი პირი;
  • გადაკვეთეს თუ არა მათ მართლაც სარფის საზღვარი და, თუ ასეა, როდესაც უკან დაბრუნებას მოინდომებენ, რა ელით საქართველოს საზღვარზე.

ახმეტხანოვებისა და მათი თანმხლები პირების 2-კვირიანმა ვოიაჟმა საქართველოში, - რომლის მრავალი დეტალი რეალურად კვლავ უცნობია, - ახალი სიცოცხლე შთაბერა დისკუსიას საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკაზე. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს საზღვარი რუსეთის ასიათასობით მოქალაქემ გადმოკვეთა და აქ ცხოვრება ათასობით მათგანმა დაიწყო.

დისკუსიას განსაკუთრებით ამწვავებს შემთხვევები, როდესაც კრემლისა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს საქართველოში არ უშვებენ.

1 ივნისს - ზუსტად მაშინ, როდესაც ახმეტხანოვი და მისი საავტომობილო კოლონა საქართველოში იყვნენ, - საქართველოში არ შემოუშვეს რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, - რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მიზეზის განუმარტავად არ შემოუშვეს ათეულობით რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი.

ასევე ნახეთ საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?