„ო, როგორ მიყვარს მუხლადი, ბედაური, მაძღარი სიტყვა!.. რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში! ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები... ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას... ივრის თვალსამოთხე ნაპირები... როგორ მიყვარდა ივრის ბროლნამსხვრევი, დაიისფერებული ზვირთები... ახლაც ისე ვერ შევხედავ იორს, რომ გული არ ამიჩქროლდეს! ისევ ჩემი სამწყურვალოა იორი!“, - ეს ფრაზები გიორგი ლეონიძისაა, ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ძარღვიანი ქართულით წერა უყვარდა. ბევრ სიტყვას იგონებდა, უფრო მეტი ხალხიდან შეჰქონდა ლიტერატურაში.
„ენა მწერლებისაა, ენასთან მწერლის მიმართება ისეთივეა, როგორიც ბურთთან ფეხბურთელის. როგორც ფეხბურთელი იგონებს ათასნაირ მოძრაობას, ისე მწერალიც. ენამ ბევრი რამ უნდა გამოთქვას. არის ხატოვანი შტამპები, იდიომები, მაგრამ ეს ყოველთვის არ კმარა. ამიტომაც ახალ სიტყვებს იგონებენ“, - ამბობს ლიტერატორი ლევან ბრეგაძე. ის განასხვავებს ნეოლოგიზმებს და ოკაზიონიზმებს.
- ნეოლოგიზმი ახალი სიტყვაა, რომელიც ენაში შემოდის და მკვიდრდება, მაგალითად, „ჟურნალი“.
- ოკაზიონიზმებს კი მხოლოდ ერთჯერადად იყენებენ.
„მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის „ჩამომალაბორანტეს“ [ოკაზიონიზმია]. თუმცა, ესეც გავრცელდა და ირონიით ხმარობენ. დოჩანაშვილს ასეთი ბევრი სიტყვა აქვს. აკრიტიკებდნენ კიდეც ამის გამო, მაგალითად, „მტკივიხარ“, ანალოგიით სიტყვისა „მიყვარხარ“. ხშირად ახალი სიტყვა სწორედ სხვა სიტყვის ანალოგიით იქმნება.
ზვიად რატიანს აქვს ასევე „შრომაღამე“, შრომადღის ანალოგიით. „შრომაღამე“ შრომაში, ლექსის წერაში გატარებულ ღამეს ნიშნავს“, - მოჰყავს მაგალითები ლიტერატორს.
სიტყვების გამოგონება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველი მწერლების თავისებურება არ არის. ასე გამოიგონა სიტყვა „ლილიპუტი“ ჯონათან სვიფტმა, „რობოტი“ - იაროსლავ ჰაშეკმა.
„ამბობენ, რომ სიტყვა „შინაარსი“ ილია ჭავჭავაძის შემოღებულია. გრიგოლ რობაქიძემ მოიგონა სიტყვა „თაურფენომენი“. არ დამკვიდრდა, მაგრამ არსს კარგად გამოსახავს. ეს არის გერმანული „ურფენომენის“ შესატყვისი, რაც გულისხმობს, რომ რეალობა არის რაღაც იდეის განსახიერება. „ფენომენი“ ნიშნავს მოვლენას, „ურ“ - წინას, პირველს. რობაქიძემ ამის შესატყვისად „თაურფენომენი“ მოიფიქრა“, - ამბობს ლევან ბრეგაძე.
მე-19 საუკუნე. ქალი საბანს კერავს, ნემსით ალიანდაგებს. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში რკინიგზას გაიყვანენ და შეაბამისაი ქართული სიტყვები დასჭირდებათ, ნიკო ნიკოლაძეს სწორედ ეს სურათი დაუდგება თვალწინ - საბნის მკერავი დედა. აქედან წამოვა ლიანდაგის სახელწოდებაც.
სიტყვები „წრეწირი“, „მართკუთხედი“, „ოთხკუთხედი“... თავისით არ შექმნილა. ტექნიკური ტერმინების გაქართულებაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. მათემატიკოსებმა ანდრია რაზმაძემ და გიორგი ნიკოლაძემ ბევრი იშრომეს, რომ ახალი ქართული ტერმინები შეექმნათ და ტექნიკური სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე დაეწერათ.
ზმნად გადაქცეული არსებითი სახელი
„მოახსენა ყრმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რაამცა შევიწამე?“ - ეუბნება ავთანდილი თინათინს. სიტყვა „აწამწამე“ შექმნილია. არსებითი სახელი „წამწამი“ რუსთაველმა აქ ზმნად აქცია. ამ ხერხს ის ხშირად მიმართავდა.
„მაშინ მიწა მეაკვანოს“... - სასწაული ფორმაა, აკვნად მექცეს მიწაო. ლექსიკონში ვერ შეიტან, მაგრამ რა კარგად არის ნათქვამი. კიდევ სიტყვა „გასისხმდინარდა“. ამასაც ვერ შეიტან ლექსიკონში, მაგრამ იქ რა კარგად არის“, - ამბობს ლევან ბრეგაძე.
ახალი სიტყვების შექმნა განსაკუთრებით ლევან გოთუას უყვარდა. თამარ შაიშმელაშვილი თავის კვლევაში „ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა“ წერს, რომ ის ასეთ სიტყვებს იგონებდა: „მხარჩამოშლილი, ბადალუპოვარი, მხარჯავარი, ქვაბ-ქალაქები, ქვა-ყუთი, ქვა-კამარა, კეთილმოქალაქეობა, კეთილხმოვანი, კლდე-ჭერი, თვალკიაფა, ჯუჯაგულობა, ბრძენ-პაპა, ნადირ-კაცი...“
მოგონილი სიტყვების გარეშე არც ანა კალანდაძის შემოქმედება დარჩა:
„თუ დავიხრჩვები, ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!“
„სათი“ გიშერს ნიშნავს, სათისხალიანი იგივე გიშრისხალიანს, შავკოპლებიანს.
და, რა თქმა უნდა, გალაკტიონი:
„გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით...
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი“.
„მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი“.
„ზოგი კამათობს, რას ნიშნავს „დოვენ დოვენ დოვლიო“. მაგრამ გალაკტონმა ძალიან კარგად იცოდა ენა, სხვაზე უკეთ. ზოგჯერ იგონებდა კიდეც, მაგრამ ხანდახან, უბრალოდ ხალხურ ენაში არსებულ სიტყვებს იყენებდა, - ამბობს ლევან ბრეგაძე, - ზოგს გამოსდის ახალი სიტყვის გამოგონება, ზოგს არ გამოსდის. ძალიან უნდოდათ დაემკვიდრებინათ „ელსმენი“ ტელეფონის ნაცვლად, „რონოდა“ - ვაგონის ნაცვლად, სიტყვიდან რონინი. ძალიან ხელოვნური იყო და არ დამკვიდრდა. თუმცა, ერთი-ორგან მაინც დარჩა, მაგალითად, იოსებ გრიშაშვილის ლექსში:
„და რომ ლექსში ბევრი ოქრო მქონოდა,
ჩემთან მოსვლა ბევრჯერ იუკადრისე.
მემანქანევ, მოხსენ შენი რონოდა.
წაღვერში ვარ, აი, ჩემი ადრესი“.