მეხუთე დღეა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინის ზონადაა გამოცხადებული. მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესვლა და გამოსვლა, დახურულია ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების მაღაზიების, აფთიაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ქუჩებს უტარდებათ დეზინფექცია, ადგილობრივი აქტივისტები საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ და მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდებენ, არიგებენ ხელნაკეთ პირბადეებს.
ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარბაზის ერთ-ერთი თავშეყრის ადგილია. ჩვეულებრივ დღეებში, ამ ფარდულში კაცები ნარდს და დომინოს თამაშობენ. მეხუთე დღეა, ფარდული ცარიელია. ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ყველა სხვა სოფელში, აქაც კარანტინია. მეზობელი უბნიდან მოსული სოფლის მკვიდრი ნაშირს ეკითხება, ბიძაშენი არ გამოვა ნარდის სათამაშოდ? ნაშირი პასუხობს, არა, არ გამოვა, შენც სახლში წადიო.
ნაშირ ორდუხანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტია. მეხუთე დღეა, ისიც და მისი ოჯახის წევრებიც, ცდილობენ სახლიდან არ გავიდნენ. ასეა მთელი სოფელიც. ნაშირი ამბობს, რომ როდესაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა, სოფლის მკვიდრნი ნაკლები სერიოზულობით შეხვდნენ ამ საკითხს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გუშინ სოფელში ექიმები და სამართალდამცავები გამოჩნდნენ, მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა:
„ჩემი სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ხალხი მიხვდა, რომ ეს ვირუსი მართლაც სერიოზული პრობლემაა და ახლა უკვე უმრავლესობა სახლშია. ჯერჯერობით, ჩვენს ოჯახში ექიმები შემოწმებაზე არ მოსულან, თუმცა, გუშინ შეამოწმეს მოსახლეობის ნაწილი. ახალგაზრდები ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა სოფლის ყველა მკვიდრს, ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს“.
ნაშირის თქმით, მაღაზიებში საჭირო პროდუქტი არის, თუმცა, ფქვილი გაძვირდა. თუკი კარანტინის დაწყებამდე სოფელში ერთი ტომარა ფქვილი 55-60 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 70 ლარს აღწევს.
Your browser doesn’t support HTML5
მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი, გიორგი ჭაუჭიძე ცოტა ხნის წინ მორჩა ონლაინ გაკვეთილს მეთერთმეტე კლასელებთან. მოსწავლეებთან დღევანდელი განსახილველი თემა იყო სოციალიზაცია: „ბავშვებმა პარალელი გაავლეს ჩვენი დღევანდელ ცხოვრების რეჟიმთან. მითხრეს, სწორედ ახლა გავდივართ სოციალიზაციის პროცესს და საკარანტინო წესებით ცხოვრებას ვეჩვევითო“.
გიორგი ჭაუჭიძე მარნეულის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ცხოვრობს, სადაც, როგორც წესი, ყოველდღიურად ხალხმრავლობა და ხმაურია. კარანტინის მეხუთე დღეს, რუსთაველის ქუჩაზე ხალხიცა და მანქანებიც კანტიკუნტად დადიან:
„მეც და ჩემი მეუღლეც ძირითადად სახლში ვართ. დღეს ჩემი ცოლი იყო ცოტა ხნით გასული საყიდლებზე. ზეგ ალბათ მე გავალ. ვცდილობთ, წინასწარ მოვიმარაგოთ პროდუქტი, რომ არ მოგვიწიოს მაღაზიაში ხშირად სიარული. გარშემო მეზობლებიც ასე არიან. ახლა იმაზე ვღელავ, რომ მე კი მაქვს ჩემი საქმე, სახლიდან ვმუშაობ, თუმცა, გარშემო, ძალიან ბევრი ნაცნობისა თუ უცნობის სამუშაო, სწორედ გარეთ გასვლას უკავშირდება. ჯერ არ გვაქვს ზუსტი პასუხი, მათ ვინ და როგორ დაეხმარება, თუკი დიდხანს გასტანს ეს პროცესი და თუკი ისინი სამუშაოდ გასვლას ვერ მოახერხებენ. გვეუბნებიან, სახლში ისხედითო, კი ბატონო, ვსხედვართ. გვეუბნებიან, ხელები ხშირად დაიბანეთო, კი ბატონო, ვიბანთ, მაგრამ რა იქნება სამომავლოდ, ამის შესახებ, სამწუხაროდ, ყველას ძალიან მწირი და ბუნდოვანი ინფორმაცია გვაქვს“.
საკარანტინე ზონაშია მოქცეული უფლებადამცველის, სამირა ბაირამოვას სოფელიც. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოფელში, ალგეთში ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 16 ათასს შეადგენს. სამირა ამბობს, რომ ამ დღეების განმავლობაში, მის სოფელში არც ექიმები გამოჩენილან და არც სამართალდამცავები. მისივე თქმით, ადგილობრივი აქტივისტები ცდილობენ საკუთარი ძალებით აწარმოონ საინფორმაციო კამპანიები და სოფლი მოსახლეობას კორონავირუსის საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ:
"გუშინ წინ იყვნენ ექიმები მისულები ორ ოჯახში. უბრალოდ ჰკითხეს, სოფელში ვინმეს სიცხე ხომ არ აქვს ან ხომ არ გახველებთო. ფოტოები გადაიღეს. ეს იყო და ეს. ჩვენ, ადგილობრივი აქტივისტები სხვადასხვა სოფლიდან, ვაკეთებთ ლაივებს, მეზობლებს ვუზიარებთ ინფორმაციას, სოციალური ქსელებით და ტელეფონით ვავრცელებთ შეტყობინებებს“.
სამირას სიტყვებით, იმის გამო, რომ სოფელი ამ დრომდე უყურადღებოდაა მიტოვებული, სოფლის მკვიდრნი სკეპტიკურად უყურებენ შექმნილ სიტუაციას: „ჩემს ოჯახშიც კი, ჩემი მშობლები ამბობენ, რომ თუკი ეს ვირუსი მართლაც ასეთი სერიოზული პრობლემაა, მაშ რატომ არავინ მოდის და არ გვამოწმებენო. თითქოს ეჭვი გაჩნდა ხალხში, რომ კარანტინი არა ვირუსის გამო, არამედ სხვა მიზნითაა შემოღებული“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის მეხუთე დღეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სურსათი დაურიგდათ.
ბოლნისი და მარნეული საკარანტინე ზონად 23 მარტს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში მცხოვრებ 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი ინფიცირების წყარო კი იმ მომენტისათვის ვერ იქნა დადგენილი.
26 მარტს, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე კარანტინის ზონაში, ბოლნისში მცხოვრებ ორსულ ქალს.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 53,590 ადამიანი.