„ჩაკალით!“, „გაატყავეთ!“ - რატომ არის საზოგადოება აგრესიული

„ჩაკალით!“ „გაატყავეთ!“ „ძუკნა!“ - საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებული აგრესიით წერს ქალზე, რომელმაც 27 აგვისტოს 3 წლის ბავშვი დაჭრა. მსგავს ფაქტებზე საზოგადოების ამგვარი რეაქცია უკვე თითქმის ტრადიციად დამკვიდრდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის აგრესიულობა ხშირად დაბალი თვითშეფასებისა და არარეალიზებულობის მაჩვენებელია.

მაია ცირამუა

„ჩვენ ნელ-ნელა ვყალიბდებით ფსევდომორალისტურ საზოგადოებად, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს: ადამიანს შეუძლია ერთი ხელით სანთელს ანთებდეს და მეორეთი სასტიკად უსწორდებოდეს ვინმეს. როცა რამე საშინელება ხდება, ხშირად საზოგადოება დამნაშავის ან პოტენციური დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ეს შედეგია იმისა, რომ ვერ გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირის ფსევდომორალური კლიშეებისგან. დამნაშავე რეაგირებას სახელმწიფოსგან საჭიროებს და არა საზოგადოებისგან ჩაქოლვას“, - ამბობს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, მოძალადე ხშირად არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს და როგორც კი ეძლევა საშუალება თავისი უპირატესობა დაამტკიცოს, ის ამას აკეთებს. ამ შემთხვევაში საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც ამა თუ იმ დამნაშავის განსაკუთრებული სისასტიკით დასჯას ითხოვენ.

„გაბრაზება ნორმალური რეაქციაა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ამ ბრაზის მართვას ვერ ვახერხებთ და იწყება ერთმანეთის „დაჩმორება“, შეურაცხყოფა. ამის მიზეზი ისევ ის არის, რომ შენ თავად არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული“.

პირდაპირი შეკვეთაა, რომ მეინსტრიმში უნდა ჩაეწერო.
მაია ცირამუა

მისივე თქმით, ადამიანს დაბადებიდან უწევს ბრძოლა საკუთარ ბუნებასთან, ინსტინქტებთან, თუმცა ყოველთვის ვერ იმარჯვებს. შესაბამისად, ვიღაც ხდება ფსევდომორალისტი, ვიღაც - ჰუმანური და ვიღაც - მოძალადე.

„ჩვენ წარმოვადგენთ კოლექტიურ კულტურას და არა ინდივინდუალისტურს, სადაც მთავარი ადამიანია. კოლექტიურ კულტურაში წამყვანი არის „ჩვენ“ და თუ ამ „ჩვენს“ ვინმე ოდნავ მაინც გადაუხვევს, სერიოზული იზოლაციის მსხვერპლი ხდება. პირდაპირი შეკვეთაა, რომ მეინსტრიმში უნდა ჩაეწერო. ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი ავტორიტეტი, რომელიც რამე ტრენდულს შემოაგდებს და სხვები უაპელაციოდ იღებენ. ზოგი ჯგუფისთვიეს ეს შეიძლება იყოს „ქართველობა გადაგვარჩენს“, ზოგისთვის - სხვა რამ. თვითრეფლექსია და საკუთარ თავში ჩახედვა, რაც მართლა რთულია, იშვიათად ხდება“.

ფსიქოლოგის თქმით, ადამიანის თავის ტვინი სამი შრისგან შედგება: რეპტილიური ტვინი, რომელიც ადამიანებს საერთო გვაქვს რეპტილიებთან, იმპულსებს, რეფლექსებს, ინსტინქტებს განაგებს; შუა ტვინი, ისევე როგორც ძუძუმწოვრებთან, ემოციებს აკონტროლებს, და ქერქი, რაც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.

„თუ ადამიანი ხშირად ვარდება სტრესულ, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, ტვინის ქერქი ბუნებრივად ითიშება. სხვანაირად ვერ გადარჩები. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მუდმივად ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში, გადარჩენის ფუნქცია კი მხოლოდ რეპტილიურ ტვინს გააჩნია. შესაბამისად, მუდმივად ის არის აქტიური“, - ამბობს მაია ცირამუა.

მედიამკვლევარი თიკო ცომაია განმარტავს, რომ არ არსებობს მექანიზმი, გარდა განათლებისა, რომელიც ადამიანს ხელს შეუშლის სიძულვილის ენა გამოიყენოს.

თიკო ცომაია

„ეს შემთხვევაც ამის მიმანიშნებელია. თუ გაუნათლებელია ადამიანი, არაფერი ხელს არ უშლის და ყველანაირი ფობიები გადმოიფრქვევა ხოლმე სოციალურ ქსელებში“, - ამბობს თიკო ცომაია.

მისივე თქმით, კვლევებით დადგენილია, რომ სოციალურ ქსელებში უფრო მეტად ლანძღვის ობიექტები ქალები და სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ხდებიან.