წლებია, პატიმრები ციხის საკვებზე უარს ამბობენ - „ბალანდას“ მხოლოდ ისინი ჭამენ, ვისაც სხვა გზა არა აქვს და ოჯახი ვერ ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ციხის მენიუს ჩამონათვალში მიმზიდველი დასახელების კერძებია, პატიმრები მათ პირად ბარათზე ჩარიცხულ თანხის უდიდეს ნაწილს სწორედ საჭმელში, ციხისსავე მაღაზიაში ხარჯავენ.
როცა პენსიის და დევნილის დახმარების ფულის აღების დღე მოდის, ნატო ფულს ასე ანაწილებს: უმეტეს წილს შვილს ურიცხავს. თავისთვის იმდენს იტოვებს, რომ თავი გაიტანოს. ერთი პური სამი დღე უნდა ეყოს. სხვანაირად შვილი ციხის მაღაზიაში „საჭმელს, რამე ტკბილს და პაპიროზს“ ვერ იყიდის. მისი პატიმარი შვილი ციხის საჭმელს ვერ ჭამს.
„ზოგჯერ მე ვარ მშიერი, რომ მას ფული გავუგზავნო. ჩემთვის თითქმის არაფერს ვყიდულობ, თუ ვინმე რამეს მომაწვდის, ეგ არის. და საჭმლის გარდა, „სალაპარაკოც“ ხომ უნდა ჩავურიცხო, რომ დამელაპარაკოს ხოლმე“.
მის შვილს ყველაზე მეტად ის დღე უყვარს, როცა მენიუში ლობიოა.
- ლობიო რატომ?
- იციან მაინც, რა არის, რას ჭამენ. ბევრ საჭმელზე უარს ამბობენ. უთქვამს, შეუძლებელია ჭამაო... არც ხილია. არც ტკბილი. ვინ მისცემს მაგას. იმ მაღაზიაში კიდევ ყველაფერი ძვირიაო.
სამი წელია ნატოს შვილი პატიმარია. კიდევ ერთი წელი დარჩა მოსახდელი და დედაც მზადაა, თავისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი არ იყიდოს, რომ პატიმარ შვილს ბარათზე თანხა ჩაურიცხოს.
- ნეტა, სხვები როგორ უმკლავდებიან. ძალიან ძნელია ეს პატიმრის ოჯახისთვის, ძალიან. თან თუ ჩემსავით შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.
პატიმრის ბარათზე ოჯახის წევრებს თუ ახლობლებს ყოველთვიურად 700 ლარამდე თანხის დარიცხვა შეუძლიათ. როგორც ადვოკატებმა გვითხრეს, ეს არ ეხება ე.წ. პრივილეგირებულ პატიმრებს, რომლებსაც გაცილებით მეტი თანხაც ერიცხებათ.
ასევე ნახეთ პატიმართა „მმართველობა“: არსებობს თუ არა ,,კრიმინალური სუბკულტურა“ ციხეში?„ამ ლიმიტით სწორედ იმიტომ დავინტერესდი, რომ ვიღაცას 700 ლარზე მეტს ვერ ჩაურიცხავდნენ და ამ დროს, სხვას ასეთი ლიმიტი არ ჰქონდა“, - გვითხრა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
ნინაც გვიამბობს მამამისის ამბავს - ის უკვე ყოფილი პატიმარია, ციხე რამდენიმე წლის წინ დატოვა, თუმცა მისი რჩენა საპატიმროში ოჯახს თვეში 500-დან 1000 ლარამდე უჯდებოდა.
„სულ რაღაც იყო საჭირო. საჭმელი თავისთავად, მაგრამ საკანში მარტო ხომ არ იჯდა. ეგ ფული, ფაქტობრივად, სხვებზეც ნაწილდებოდა“, - იხსენებს ნინა. იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მამამისი ციხეში იჯდა, ნინას ოჯახმა საკუთარი ბენზინგასამართი სადგური გაყიდა.
სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი პატიმრების ჯანმრთელობის და მათ შორის, კვების საკითხებს სწორედ ახლა სწავლობს. საბოლოო ანგარიში, სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.
თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბევრი პატიმარი დღესაც უკმაყოფილოა კვების ხარისხით. პატიმრების დიდი ნაწილი ამბობს, რომ „მას არა აქვს საჭიროება, ციხის "ბალანდა" ჭამოს, რადგან ოჯახი უგზავნის საკვებს (რაც დაშვებულია), ან ციხის მაღაზიაში ყიდულობს“.
ნაწილი ჩივის, რომ „ციხის მაღაზიაში ფასები საგრძნობლად გაზრდილია“.
პატიმარმა ქალებმა დაიჩივლეს, რომ „კვირაში ერთ ვაშლს აძლევენ“ - ხილი ციხის მენიუში ადრეც პრობლემა იყო და მას მხოლოდ მშრალი ხილით მომზადებული კომპოტით იღებდნენ. ამაზე სახალხო დამცველიც წერდა 2018 წლის ანგარიშში.
ზოგიერთ დაწესებულებაში პატიმრები დღემდე ჩივიან, რომ „თევზი ყარს“.
„კომპოტში ბევრი შაქარია და ძალიან ცოტა ხილი“.
უჩივიან ზოგადად კვების რაციონის სიმწირეს.
ვაჭრობა „ლარიოკში“
საპატიმროს აქვს თავისი მაღაზია, პატიმრების ენაზე - „ლარიოკი“, სადაც თითქმის იგივე პროდუქტები იყიდება, რაც სტანდარტულ სუპერმარკეტში.
„ერთხანს ხშირად მიწევდა რუსთავის მე-17 დაწესებელებაში შესვლა. ციხის მაღაზია მოსაცდელი ოთახის დაბლა იყო და ვხედავდი, დიდი რაოდენობით "ჰერკულესი" მოჰქონდათ ხოლმე. ვიკითხე კიდეც, ვინ ჭამს ამდენს-მეთქი და მიპასუხეს, რამდენიმე საათში აღარ იქნებაო. ეს იყო 2019 წელი. პატიმრები მეუბნებოდნენ, რომ ციხის საჭმელს ვერ ვჭამთ და ისევ ეს გვირჩევნიაო“, - გვეუბნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, ე.წ. ზონაში, პატიმრებს თავადაც შეუძლიათ მაღაზიაში შესვლა. მკაცრი რეჟიმის ციხეებში კი, მაგალითად, გლდანში, მათი ბარათები გროვდება, სია იწერება და მათთვის სასურველი პროდუქტი თუ სიგარეტი ციხის თანამშრომლებს მიაქვთ.
„თუ ოჯახი ვერაფერს უგზავნის, და ასეთი საკმაოდ ბევრია, სოციალურად დაუცველები, მათ სხვა გზა არა აქვთ, ციხის მენიუთი უნდა დაკმაყოფილდნენ. თუმცა, პირად საუბრებში ჩვენთან ხშირად დაუჩივლიათ, რომ ან მომზადება არ მოეწონათ, ან საკვების ხარისხი. ზოგი იმასაც ამბობდა, აქაურმა საჭმელმა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გაგვიჩინაო. ბევრ პატიმარს დიეტური კვება სჭირდება“.
- ციხის მაღაზიაში რა შეუძლიათ შეიძინონ?
- სოსისი, კვერცხი. ჩაის მადუღარები აქვთ და მასში ხარშავენ. ან „საოჯახო“ ძეხვს იყიდიან და ბუტერბროდს იკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის თანხა, რის ჩარიცხვასაც ოჯახები ახერხებენ, ძალიან მალე იხარჯება... მე მგონი, მაინც ასე უნდა დაისვას კითხვა, რამდენად სწორად იხარჯება პატიმრის კვებისთვის გამოყოფილი თანხა? ფაქტია, მე ციხის მენიუთი კმაყოფილი ადამიანი არ მინახავს.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც გვეუბნება, რომ პატიმრები ყველაზე ხშირად ოჯახთან თანხის ჩარიცხის თხოვნას აბარებენ. „კვების დეტალები მეც სულ მაინტერესებს და ვეკითხები“:
„ლობიოზე ამბობენ, წყალიაო, ჩაიზე ჩხუბობენ ხოლმე, ჩაი კი არა, საშინელი მწარე რაღაც მოაქვთო, ხორცზე ამბობენ, ეგ ხორცი არ არის, რაღაცას ურევენო. მე როგორც ვიცი, თევზი უფრო უყვართ, მაგრამ ვისაც კი ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ყველა „ლარიოკში“ ყიდულობს რაც უნდა. მერე კუსტარულად ამზადებენ და ერთმანეთს უნაწილებენ. ამანათებს ძირითადად დღესასწაულებზე იღებენ“, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
„არ მსურს ამ საკვების მიღება“
სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა პატიმართა კვების საკითხი ბოლოს 2017 წელს იკვლია და შედეგები დეტალურად ასახა.
მაშინ პატიმრები ამბობდნენ, რომ მენიუში შემავალ პროდუქტებს კი იღებდნენ, მაგრამ უხარისხოს და ცოტას - ნორმის შეუსაბამოს.
ჯამში პატიმრების 71%-მდე ციხის საკვებზე უარის თქმის მიზეზად ამბობდა: „არ მსურს ამ საკვების მიღება“.
გამოკითხულ პატიმართა 23% კი აცხადებდა, რომ ხორცისა და თევზის პროდუქტი უხარისხო იყო.
ყველაზე ხშირად იმაზე ჩიოდნენ, ვერც ხილს და ვერც თაფლს რომ ვერ შეჭამდა პატიმარი.
2017 წელსაც ციხის მაღაზიაში პროდუქტები 10-20%-ით უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე გარეთ.
პატიმართა 29% ამბობდა, რომ ციხის ცხიმიან საკვებს იმიტომ ერიდებოდნენ, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო დიეტური კვება სჭირდებოდათ.
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ციხის საკვების ხარისხს, საბოლოო ჯამში, მაინც პროდუქტების შესყიდვის სისტემა განაპირობებს - როცა ტენდერით ყიდულობ, იმარჯვებს ის, ვინც პროდუქტს და მომსახურებას დაბალ ფასად გთავაზობს. დაბალი ფასი დაბალ ხარისხს ნიშნავს.
„ზოგადად, როდესაც მასობრივად მზადდება საკვები, ის ვერ იქნება ისეთი ხარისხისა, როგორც შინ ან კარგ რესტორანში მომზადებული, ამიტომ ციხის შემთხვევაში, მთავარი დათქმაა, რომ ეს საკვები იყოს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით მომზადებული. 2017 წელს, მაგალითად, დავაკვირდით, რომ მოწამვლის და ნაწლავური ინფექციების მაჩვენებლები ციხეში იყო დაახლოებით იგივე, რაც სამოქალაქო ჰოსპიტლებში, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ციხეში კვების გამო უფრო ხშირად იწამლება ვინმე. თუმცა ისიც ფაქტი იყო, რომ ყველა, ვისაც შეეძლო ციხის მაღაზიაში საჭმლის ყიდვა, ის ციხის საკვებს არ ჭამდა“.
2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოაცხადა, რომ ციხეში პატიმრების კვება გაუმჯობესდა და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, 2019 წელს, „აიკრძალა გაყინული ხორცი“ და პროცესში ნუტრიციონისტი ჩაერთო.
„გაიწერა სრულიად ახალი სეზონური მენიუები, რის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და კვების ხარისხი გაუმჯობესდა. გაიზარდა თანხა კვებისათვის, რაც იხარჯება ყოველდღიურად თითო პატიმარზე“, - აცხადებდა მაშინ თეა წულუკიანი.
რას იწუნებენ? ანტრეკოტი ჩაშუშული ხახვით, თევზი გამომცხვარი არაჟნის სოუსში…
პატიმრების დღეს მოქმედი მენიუს შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ ცალკეც გამოვითხოვეთ, გვაინტერესებდა, ამ ჩამონათვალიდან დღეს რა კერძებით დგება ყოველკვირეული მენიუ, მაგალითად, თუ არის ამ კვირის მენიუში ჩათუშული ხორცი შავი ქლიავით, თუმცა ოფიციალურ წერილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
რადიო თავისუფლებას პატიმრის მენიუს გარდა, ასევე აინტერესებდა
- რა თანხა იხარჯება კვებაზე თვეში/დღეში ერთ პატიმარზე;
- რამდენად ხშირად ამბობს პატიმარი უარს ციხის საკვებზე;
- რა საკვების ყიდვა შეუძლია პატიმარს ციხის მაღაზიაში;
- რამდენია მათ ბარათზე თანხის ლიმიტი და ა.შ.
ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ჯერჯერობით ისევ ველოდებით.
თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე (ტენდერის # - NAT190019366) პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრების კვებითი მომსახურების ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადავხედავთ, იქ კვების მენიუ-განრიგში გამოყენებულ კერძების მომზადების (სარეკომენდაციო) წესებსაც შევხვდებით.
მომზადების წესების გარდა, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კერძები, რომელიც სეზონურად შედის პატიმრის მენიუში.
მაგალითად, პირველ თავ კერძებში, წვნიანებში შედის:
- ვეგეტარიანული ბორში;
- წვნიანი ხორცის გუფთებით;
- მწვანე წვნიანი „შჩი“;
- წვნიანი ვერმიშელით და ბროკოლით;
- ჭარხლის წვნიანი;
- წვნიანი „ხარჩო“;
- მაწვნის შეჭამანდი;
- ბარდის წვნიანი;
- ყვავილოვანი კომბოსტოს ბორში არაჟნით;
- ბორში ბროკოლითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი;
- ჩიხირთმა ქათმის;
- კარტოფილის გახეხილი წვნიანი (სუპ-პიურე);
- სტაფილოს წვნიანი (სუპ-პიურე);
- მაკარონის წვნიანი ბოსტნეულით.
მეორე თავი კერძების ჩამონათვალი ასეთია:
- შემწვარი თევზის ფილე;
- თევზის კატლეტი;
- ქათმის ხორცის კატლეტი;
- ქათმის ხორცის კატლეტი ბოსტნეულით „ნაგეტსები“;
- მოხარშული ქათმის ხორცი;
- საქონლის ხორცის კატლეტი;
- გულიაში;
- საქონლის ხორცის ტეფტელები;
- მაკარონი მოხარშული ხორცით;
- ხორცის ზრაზები;
- მაკარონი ყველით;
- საქონლის ხორცის რაგუ „ოჯახური“;
- ბოსტნეულის რაგუ „აჯაფსანდალი“;
- საქონლის ხორცის რულეტი;
- ჩათუშული ხორცი შავი ქლიავით;
- ანტრეკოტი ჩაშუშული ხახვით;
- თევზი გამომცხვარი არაჟნის სოუსში;
- ბეფსტროგანოვი;
- შილაფლავი;
- ქათმის ჩახოხბილი;
- ბრინჯის ტკბილი ფლავი;
- მოხარშული ხორცის სუფლე გამომცხვარი;
- გოგრის სუფლე.
სალათების მენიუ:
- სალათი ბოსტნეულის არაჟნით;
- უმი კომბოსტოს სალათი;
- ბოსტნეულის სალათი;
- კიტრის და პომიდორის სალათი;
- ვინეგრეტი „ხაბახუბა“;
- ჭარხლის სალათი;
- სალათი „ვიტამინი“;
- სალათი „ზაფხული“.
ცალკეა ხაჭოს კერძები:
- ზარმაცა;
- ხაჭოს პუდინგი;
- ზარმაცა (მე-2 ვარიანტი);
- ხაჭოს მობრაწულა;
- ოლადები ხაჭოთი;
- ოლადები.
ფაფები:
- წიწიბურას ბლანტი ფაფა;
- შვრიის ფანტელის „ჰერკულესის“ ფაფა;
- მანანის ბურღულის ფაფა (თხიერი ფაფა);
- ბრინჯის ფაფა;
- ვერმიშელის ან მაკარონის ფაფა.
და ბოლოს, გარნირები:
- კარტოფილის პიურე;
- სტაფილოსა და ვაშლის პიურე;
- ჩათუშული კომბოსტო;
- წიწიბურას ფანტია ფაფა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ილი ჯგუფის“ ფასების ცხრილში ვკითხულობთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამჯერადი კვება (სულ 10 000 პატიმარზე) ჯდება დღეში ერთ პატიმარზე 6 ლარი, ხოლო ყველაზე ერთად დღიური დანახარჯი 60 000 ლარია.