შშმ ქალები ორმაგი წნეხის ქვეშ

იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი აბორტი, სხვების მიერ დახარჯული პენსია - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც შშმ ქალები აწყდებიან, - კვლევის შედეგები ასოციაცია „დეამ“ წარმოადგინა.

„გაუპატიურების შემთხვევა გვქონდა. ოჯახმა მიმართა პოლიციას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე იყო გოგონა და, მიუხედავად დედის შეუპოვარი მცდელობისა დასჯილიყო მოქალაქე, პოლიციამ დაწერა, რომ ვერ დაადასტურეს მოძალადის ვინაობა, სწორედ ინტელექტუალური შეზღუდვის გამო. გინეკოლოგიური ექსპერტიზაც ორჯერ ჩაუტარეს, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ იმედგაცრუებული გოგონა ფსიქოლოგთან გადიოდა ფსიქოთერაპიულ კურსს“ (ციტატა კვლევიდან).

კვლევის პრეზენტაციაზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ინტელექტუალური შეზღუდვისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალები. მათზე ორიენტირებული პროგრამების ეფექტიანობა, ხშირ შემთხვევაში, ნულს უტოლდება.

მტერი ოჯახში

ანგარიში ცხადყოფს, რომ ქალებიც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ხშირად განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას, ხოლო თუ შშმ პირი თან ქალიცაა, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. მათზე, როგორც წესი, ისევ ოჯახის წევრები ძალადობენ. ახლობლები მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, შეურაცხყოფას აყენებენ ექიმები და მომვლელები. თავად მსხვერპლს კი, როგორც წესი, ვერც წარმოუდგენია, რომ შეუძლია საკუთარი უფლებები დაიცვას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შშმ ქალები და გოგონები არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში დაუცველი ჯგუფია. საერთაშორისო კვლევაში, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება, წერია, რომ ეს ქალები ხშირად იძულებით იკეთებენ სტერილიზაციას ან აბორტს.

„შარშან ჩავატარეთ კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში. ექიმებს ვეკითხებოდით, იმ შემთხვევაში, თუ მათ ზრდასრული შშმ პირი მიმართავდა, მოითხოვდნენ თუ არა, თანმხლებს ოთახი დაეტოვებინა. პასუხი იყო - არა, თუ თავად პაციენტმა არ მოითხოვაო. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ექიმთან არ მივა“, - ამბობს ესმა გუმბერიძე, რომელიც უსინათლოა და წარმოადგენს პლატფორმას „ახალი შესაძლებლობისთვის“.

კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობის ფაქტზე პატრული ავსებს ორდერს და არ მიუთითებს მსხვერპლის განსხვავებულ სტატუსს. შშმ გოგონები და ქალები ვერ ახერხებენ დროულად მიმართონ პოლიციას ძალადობის შემთხვევაში. მათ უჭირთ მტკიცებულებების შეგროვება. არიან დაშინებულები. ამასთან, სამართალდამცავები ყურადღებას მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე ამახვილებენ. ამ დროს მსხვერპლი მუდმივად იმყოფება ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ მის პენსიას არა თავად, არამდე ოჯახი ხარჯავს.

ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ არის კიდევ ერთი სტრუქტურული პრობლემა. როგორც წესი, მოძალადე ოჯახის წევრია. მის მიმართ შემაკავებელი ორდერი რომ ამოქმედდეს, მსხვერპლი სახლში მარტო დარჩება და მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ამიტომ დაზარალებული ისევ ჩუმად ყოფნას არჩევს.

„სახელმწიფოსთვის პანაცეაა, შენობას პანდუსი თუ მიადგა“

ცალკე საკითხია თავშესაფრების არარსებობა, რამდენიმე თავშესაფრიდან შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ ერთია. თავშესაფარი ქუთაისში მდებარეობს, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალურად არც ის არის მზად ბენეფიციარების მისაღებად.

„ხშირად ადაპტირებაში მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებას გულისხმობენ. სახელმწიფოსთვის პანაცეაა, შენობას პანდუსი თუ მიადგა“, - ამბობს ასოციაცია „დეას“ დირექტორი მადონა ხარებავა.

რუსუდან კოხოძე

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელ რუსუდან კოხოძის თქმით, 2018 წელს შშმ პირებზე ძალადობის 14 შემთხვევა ჰქონდათ და მათი 35 პროცენტი სექსუალური ძალადობა იყო.

„გამოძიება იწყება და მერე შედეგი არ არის ხოლმე. სოციალური სამსახური ცალკე პრობლემაა. ვერც განათლების სამინისტრო და სოციალური სამსახური ახერხებენ ერთმანეთთან კოორდინაციას. ვფიქრობთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შშმ პირებს“, - ამბობს რუსუდან კოხოძე.

მკვლევარი ჩარიტა ჯაშიც აცხადებს, რომ სოციალურ მუშაკს სათანადო არც ცოდნა გააჩნია, არც ხელფასი და არც მოტივაცია.

ჩარიტა ჯაში

„საზოგადოებას არა აქვს სამართლიანობის, თანადგომის განცდა ამ ადამიანების მიმართ, მხოლოდ ეცოდებათ, რაც კიდევ უარესია“, - ამბობს ჩარიტა ჯაში.

გიორგი ალავიძე კი, რომელიც წარმომადგენელია საზოგადოებისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“,ფიქრობს:

„ყველაზე დიდი ძალადობა შშმ გოგონებისთვის არის იგნორი კაცების მხრიდან. ის, რომ ისინი ვერ ხედავენ მათ, როგორც ქალს“.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბევრ სახელმწიფოში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სამინისტროს, რომელსაც ყველაზე მეტი შეხება აქვს სოციალურ სფეროსთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი ერთიანი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ამ სფეროში. ექსპერტების რეკომენდაცია სწორედ ამგვარი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა.