"შფოთვები, შიშები, გაღიზიანებადობა" - ლოკდაუნი ბავშვების ქცევას ცვლის

სპეციალისტები მოგვიწოდებენ, პრიორიტეტებს გადავხედოთ. პანდემიის პირობებში ჩვენს შვილებს ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ.

“ლაპარაკს გადავეჩვიე. საკუთარ აზრს აღარ გამოვხატავ, მასწავლებელმა კითხვა თუ არ დამისვა.” - მეუბნება 15 წლის იაკო. მარტყოფის საჯარო სკოლაში სწავლა 1 თებერვალს განახლდა და იაკოც საკლასო ოთახს ბევრ სხვა თანატოლზე ადრე დაუბრუნდა.

ძველ-ახალ რეჟიმზე მორგება ჯერ-ჯერობით უჭირს. იაკო საკუთარ მდგომარეობას სახელს ვერ არქმევს, მაგრამ ატყობს, რომ იზოლაციაში ყოფნამ შეცვალა. მიყვება, რომ ონლაინ-კომუნიკაციამ შებოჭა და ემოციებს ძველებურად ვეღარ გამოხატავს.

“ონლაინ როცა ვლაპარაკობდით, გაცინება ბევრად უფრო რთული იყო”, - მიხსნის იაკო - “ახლა ჩემი კლასელებიც სხვანაირად იქცევიან. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, გაკვეთილზე ესე ჩუმად თუ ისხდებოდნენ”.

ლოკდაუნში უინტერნეტოდ

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კომუნიკაციის პრობლემა ბევრ მოზარდს გაუჩნდა. კლინიკური ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი რუსო სტურუა განმარტავს, რომ იზოლაციამ, გაურკვევლობის განცდამ და დღის განრიგის დარღვევამ სოციალიზაცია ყველასთვის გაართულა. განსაკუთრებით მოზარდებს უჭირთ: მათი ფსიქიკა ზრდასრულებთან შედარებით, უფრო მყიფეა.

განათლების ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი საქველმოქმედო ფონდ “კარიტასში” მუშაობს და ასევე სკოლების კონსულტანტია ინკლუზიური განათლების მიმართულებით. იგი რისკების შესახებ მიყვება - სოციალიზაციის უნარების დაქვეითებასთან ერთად, შესაძლოა სახლში გამოკეტილი ბავშვები უფრო დამოკიდებულები გახდნენ გაჯეტებზე.

ეს ყველას არ ეხება, რადგან საქართველოში, სადაც ციფრული უთანასწორობა ღრმაა, ახალი ტექნოლოგიები და ინტერნეტთან წვდომა დღემდე პრივილეგიაა. საქველმოქმედო კამპანია “ჩართე”-ს ინფორმაციით, სახლში ინტერნეტი არ აქვს დაახლოებით 78 ათას სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეს. ერთ-ერთი მათგანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მცხოვრები 17 წლის ეკატერინეა.

სანამ სკოლები დაკეტილი იყო, ონლაინ-გაკვეთილებზე მობილურით ერთვებოდა, მაგრამ მოძველებული ტელეფონი ხშირად “ჭედავდა”. ვიდეო-ზარს ხანდახან არც მობილური ინტერნეტის სიჩქარე ყოფნიდა.

“ამ მობილურს მე და ჩემი და ვიყოფდით. ხშირად გაკვეთილები გვემთხვეოდა და ხან მე მიწევდა გაკვეთილის გაცდენა, ხან იზოს”, - ამბობს ეკატერინე.

შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდა, ეკატერინეს კორონავირუსი დაემართა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დას ტელეფონს ვეღარ ათხოვებდა.

რამდენიმე დღის წინ, “ჩართემ” ეკატერინეს ლეპტოპი აჩუქა. მისი დედა ინგა ქვარცხავა იმედოვნებს, რომ ცოტა ხანში სახლის ინტერნეტის გაყვანასაც შეძლებენ.

ეკატერინეს უკვე ლეპტოპი აქვს

1 თებერვალს ეკატერინე სკოლაში დაბრუნდა. გახარებულია, თუმცა ამჩნევს, რომ მისი თანატოლების ქცევა შეიცვალა - “რასაც ვუყურებ, ყველანი ცოტა არ იყოს, ცივად ვხვდებით ერთმანეთს”.

გვერდითი მოვლენები

მოზარდების ქცევაში ცვლებებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიაქციეს ყურადღება.

შარშან გაზაფხულზე ესპანეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების უმეტესობა (86%) ხედავს ცვლილებებს მათი შვილების ქცევაში.

იგივეზე მიუთითებს შარშან ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში ლოკდაუნის დროს ჩატარებული კვლევაც. დიდ ბრიტანეთში, კი ვარაუდობენ, რომ ახლა ფსიქიკური აშლილობა 6-დან 1 მოზარდს შეიძლება ჰქონდეს.

რუსო აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობებისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა (გაღიზიანებადობა, შფოთვები, შიშები) იმატა მის პაციენტ მოზარდებშიც.

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშობელი დააკვირდეს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს, ისაუბროს საკუთარ განცდებზე და დაარქვას მათ შესაბამისი სახელები.

საამისოდ ერთ-ერთი ხერხი არტ-თერაპიაა. უსაფრთხო სივრცე და შემოქმედებითი საქმიანობა ადამიანს ეხმარება გამოხატოს ის ემოციები, რომელთა გაჟღერებაც სიტყვით უჭირს.

ამასობაში, თერაპიული გარემო იაკომ საკუთარ თავს თავად შეუქმნა.

“ორიგამების გაკეთება დავიწყე და მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მამშვიდებს” - იაკო იმდენად გაიწაფა, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგაც არ აპირებს გაჩერებას.

იაკოს ორიგამები

უკან სკოლაში

დანარჩენი საქართველოს მსგავსად, 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში.

თბილისის ვალდორფის სკოლის მოსწავლე, 8 წლის გაბრიელი ამ სიახლეს ემოციურად შეხვდა.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩაკეტვა ბოლო იქნება” - მეუბნება მისი ძმა, 11 წლის მიშო. ბიჭების დედა, მაკუნა გოჩიაშვილი მიყვება, როგორ შეამცირა იზოლაციის ნეგატიური ზეგავლენა ბავშვებზე.

“ყველაზე რთული განთავისუფლებული დროის მართვა იყო, თუმცა მეორე ლოკდაუნს გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდი”, - ამბობს მაკუნა.

დღის განრიგი ისე გადააწყო, რომ მეტ ხანს რჩებოდა შვილებთან და მათ ემოციურ განწყობასაც უფრო ყურადღებით აკვირდებოდა.

არტ-თერაპევტი რუსო სტურუა მეუბნება, რომ ეს სწორი მიდგომაა. ამასთან, მისი აზრით, მნიშვნელოვანია, მშობლები თანმიმდევრულები იყვნენ და თავად შეასრულონ ის, რის გაკეთებასაც ბავშვებს სთხოვენ.

“კარგი იქნება, თუკი მშობლები შეძლებენ და დაინახავენ სახლში ჯდომაში ბავშვებთან მეტი დროის გატარების და დაახლოების საშუალებას, ეს მათ შვილებს აუცილებლად გააძლიერებს”.

მართალია სკოლაში დაბრუნება ბავშვების დიდ ნაწილს უხარია, თუმცა რუსო მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ თანატოლების ხილვა ბევრისთვის შეიძლება სტრესული გამოდგეს. წნეხის შესამცირებლად, მშობლებს შეუძლიათ, შეამზადონ შვილები სკოლაში დაბრუნებისკენ.

უფსკრული განათლებასა და ჯანდაცვას შორის

განათლების ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსწავლეებს სტრესთან გამკლავებაში სახელმწიფო და სკოლაც უნდა დაეხმარონ.

მისი აზრით, თუკი აქამდე განათლების სისტემის ძირითადი ამოცანა აკადემიური ცოდნის დაგროვება იყო, ახლა პრიორიტეტები შესაცვლელია. წინ მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ცოდნის მიღების უნარის შენარჩუნება-განვითარება უნდა წამოვიდეს.

წესით, ჯანდაცვამ და განათლებამ მჭიდროდ უნდა ითანაშრომლონ. მაგრამ როგორც ორივე სფეროს წარმომადგენელი, ნინო კარგად ხედავს უფსკრულს, რომელიც მათ შორის არსებობს.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 2300 სკოლაა. ნინო ამბობს, რომ აქედან ფსიქოლოგის კაბინეტი მხოლოდ 150 სკოლას აქვს.

არსებობს ალტერნატივა - მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. იქ ტიპური განვითარების ბავშვებთან მუშაობენ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სუიციდის პრევენცია, ან მაგალითად ძალადობა. ნინოს აზრით, ეს სამსახური ბოლომდე ეფექტური არ არის. იგი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ფსიქოლოგებთან კი მიდიან, მაგრამ როგორც წესი, თავად ფსიქოლოგები არც სკოლებს სტუმრობენ, და ხშირად არც უკუკავშირს იძლევიან ბავშვების მდგომარეობის შესახებ.

ნინოს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, კომპლექსური მიდგომის არარსებობა ბავშვებს სოციალურ-ემოციური მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. ეს კი აფერხებს მათ განვითარებას და ვნებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

***

ყველა სირთულის მიუხედავად იაკო დარწმუნებულია, რომ მალე ისევ “ალაპარაკდება”. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ გაურკვევლობაში აღარაა და მეგობრებთან ყოფნა შეუძლია.

იაკო

“სახლში როცა ვიჯექი, ხშირად ვფიქრობდი, სულ რომ ესე იყოს და მეგობრები რო ვეღარასდროს ვეღარ ვნახო-თქო. ამ დროს მივხვდი, რომ ბევრი რამე, რაზეც ადრე ვნერვიულობდი, სინამდვილეში უმნიშვნელო იყო” - ამბობს იაკო.

პანდემიას ჯერ დასასრული არ უჩანს და დანამდვილებით ვერავინ იტყვის, იქნება თუ არა მესამე ლოკდაუნი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ფსიქიკისთვის ერთ-ერთო ყველაზე დიდი წნეხი სწორედ გაურკვევლობაა, რადგან ის აძლიერებს შფოთვებსა და შიშებს.

ახლა ყველას გვიჭირს, ამიტომაც ფსიქოლოგები გვარწმუნებენ - საიმისოდ, რათა დავეხმაროთ შვილებს, პირველ რიგში, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ.