300-კომლიან შუქრუთში რამდენიმე ათეული სახლი ისეა დანგრეული, რომ აღარ იცხოვრება. აქაურებს ძირითადად ორი მოთხოვნა აქვთ - კომპენსაციები და მადნის მოპოვების ისეთი გეგმის შედგენა, რომ სოფელში სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
"ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს და დანარჩენს იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ საწარმოს მუშაობის აღდგენის შესაძლებლობა დაუბრუნდება. კომპანია ამტკიცებს, რომ შუქრუთი დღეს არა მათი მუშაობის შედეგად, არამედ საბჭოთა დროს წარმოქმნილი პრობლემების შედეგს იმკის.
კომპანიამ და შუქრუთელებმა დავის ერთ ეტაპზე მემორანდუმი გააფორმეს, თუმცა ახლა ორივე მხარე ამ მემორანდუმის შესრულებას სხვადასხვანაირად განმარტავს.
ამ შეთანხმების შედეგად მაყვალა და დემურ ნეფარიძეებმა 45 000 ლარი მიიღეს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერეს, რომ არ წაუკითხავთ. ზეპირი განმარტებით კი მათ ეს თანხა ანაზღაურების ნაწილი ეგონათ. დემურ ნეფარიძე, რომელიც მაღაროში 48 წლის განმავლობაში მუშაობდა, წუხს, რომ ხელმოწერის გამო იმას უნდა დასჯერდეს რაც მიიღო და ახლა თანასოფლელების პროტესტს გულშემატკივრობს.
ეს მათი სახლის პირველი სართულია, რომელიც სანახევროდ უკვე მიწაშია ჩაფლული.
შუქრუთში წყალი გრაფიკით, ოთხ დღეში ერთხელ მოდის. ისიც ისეთი ბინძურია, ვერც ვსვამთ და ერთხელ დარეცხილ ჭურჭელსაც ბოლოს წყაროს წყალში ვავლებთო, - ამბობს მაყვალა ნეფარიძე.
ერთი წლის წინ, წყარო, რომელიც მთელ სოფელს სასმელი წყლით ამარაგებდა, თითქმის დაშრა. აქაურებს სუფთა წყალი სვერიდან მოაქვთ. სოფლებს 14 კილომეტრი აშორებს.
წყაროსკენ მიმავალ გზაზე, კიდევ ერთი წაქცეული სახლი ჩანს. სამი დღის წინ ეს სახლი ავარიულ მდგომარეობაში კი იყო, თუმცა ჯერ კიდევ იდგაო, - გვითხრეს აქაურებმა.
ეს სახლი, სადაც რამდენიმე თაობა გაიზარდა და რამდენიმე ათწლეული მყარად იდგა, ოთხ წელიწადში ნანგრევებად იქცა.
კაკლის ეს ხე ორად რამდენიმე წლის წინ ნაპრალმა გააპო. მიწამ ადგილი იცვალა და ერთი ნერგი მეორეს რამდენიმე მეტრით დააშორა.
იგივე დაემართა დაგებულ გზას.
მიწა სასაფლაოზეც ჩავარდა, შუქრუთელებს რამდენიმე საფლავის გადატანა დასჭირდათ.
მოსახლეობის უკმაყოფილება, შეშფოთება და მოგვიანებით პროტესტი წლების წინ დაიწყო, როდესაც კომპანია "ჯორგიან მანგანეზმა" გვირაბების თხრა და მანგანუმის მოპოვება დაიწყო. 2021 წელს შუქრუთელების პროტესტმა თბილისშიც გადმოინაცვლა, მაშინ ისინი კომპანიასთან მოლაპარაკებაში სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვდნენ.
რამდენიმე შუქრუთელმა შიმშილობა - პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოაცხადა და 12 დღეა ასე ცხოვრობს.
გაფიცულების თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მთავრობიდან მათ არავინ შეხმიანებია. 3 წლის შემდეგ, 11 სექტემბერს, მორიგი ექვსთვიანი გაფიცვისა და 10-დღიანი შიმშილობის შემდეგ, შუქრუთელების პროტესტმა კვლავ თბილისში გადმოინაცვლა.
13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის მოშიმშილეებს, უპასუხა: "ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება".
აქციის მონაწილეები პროტესტს არ წყვეტენ და პარლამენტის შენობასთან რჩებიან.