შუქრუთელების პროტესტმა მერვე დღეა თბილისში გადმოინაცვლა. პროტესტის შვიდი მონაწილე პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას. ხუთ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ, რადგან კარვების დადგმის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს.
180 დღეზე მეტია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღარო სოფლის მკვიდრებს ჩახერგილი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფლის სკოლაში სასწავლო წელი ვერ განახლდა. დაზიანებულია სოფლის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე კი მიწა იშლება.
შუქრუთელები ხელისუფლების ყურადღებას, შესაბამისი კომპენსაციების გაცემასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონი ლარი დახარჯეს, დანარჩენს კი იმ შემთხვევაში გასცემენ, თუკი მაღაროში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.