„მე ვისჯები სიმართლისთვის და კონკრეტულად იმისთვის, რომ აღვიმაღლე ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, ცრუ ქრისტიანობის წინააღმდეგ, საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ და პატრიარქის - როგორც საბჭოთა სისტემის შემადგენელი ნაწილის წინააღმდეგ. სწორედ ის არის დღეს ყველაზე დიდი დასაყრდენი საბჭოთა მემკვიდრეობისათვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).
ასე ის ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის მუქარას ეხმაურება. „მაგასაც მივხედავთ“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ მეუფე პეტრეზე მეუფე იაკობმა და შემდეგ დააზუსტა, რომ - კონკრეტული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის მომდევნო სხდომაზე იქნება მიღებული:
„შემდეგ სინოდზე, როცა იქნება, კარგად მოემზადოს და ჩამოვართმევთ (მღვდელმთავრობას), რა“.
მეუფე პეტრეს ისედაც ბევრი რამ აქვს უკვე ჩამორთმეული და ახლა უკვე მეუფე იაკობი მისთვის სასულიერო პირის ხარისხის - მღვდელმთავრობის ჩამორთმევაზე ლაპარაკობს.
ასევე ნახეთ წმინდა სინოდის განჩინება სრულად„მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, - ეს არის სასჯელი, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბრის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაეკისრა ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილ მიტროპოლიტს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი აღარ იძებნება წმინდა სინოდის წევრთა სიაში, მეუფე პეტრე გვეუბნება, რომ - სინოდის წევრობის ჩამორთმევა სადავო საკითხია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ განხილულა უშუალოდ სინოდის სხდომაზე და განჩინების ტექსტში ეს ჩანაწერი შემდეგ იქნა ჩამატებული.
მეუფე პეტრემ გვითხრა, რომ მღვდელმთავრობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არავის არაფერი შეუტყობინებია და 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ პრაქტიკულად არანაირი კავშირი არ ჰქონია საპატრიარქოსთან.
ასევე ნახეთ ეკლესია-ხელისუფლება: დიდი ვაჭრობა არჩევნებისთვის?ხვდება, რომ მეუფე იაკობის ეს მუქარა შემთხვევით წამოცდენილი არ არის, მაგრამ რა და როგორ მოხდება, მეუფე პეტრეს დიდად არც აინტერესებს - შურისმაძიებლები თავადაც ორმოში ჩაცვივდებიანო. ამ სიბრძნეს ის საქართველოს პატრიარქსაც შეახსენებს.
„მე გამომიტანეს უსამართლოდ განაჩენი, ანუ პატრიარქმა ფაქტობრივად ბრძანება გამოაცხადა - შურისმაძიებლობით მრავალგზის სასჯელი დამადო... ეს არის უკვე უსამართლობა და არის შურისმაძიებლობა ... შევახსენებ პატრიარქს სიტყვებს, რომლებსაც ის დიპლომატიურად ხმარობდა ხოლმე ხშირად ოპონენტების წინააღმდეგ - შურისმაძიებელმა ორი ორმო უნდა გათხაროს, ერთი თავისთვის, მეორე - სხვისთვის. მაგათმა მე კი გამითხარეს ორმო, მაგრამ თავიანთ თავსაც გაუთხარეს და კი ვხედავთ ამის შედეგებს“.
ასევე ნახეთ მიდის პეტრეს გზა მონასტრისკენ?2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომას მეუფე იაკობის დასჯის მოლოდინი უფრო უკავშირდებოდა, თუმცა ბოლოს - დასჯილი მეუფე პეტრე გამოვიდა. მეუფე იაკობის დასჯას მის მიერ მანამდე გაკეთებული ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების გამო მოელოდნენ. კერძოდ, ის ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს პატრიარქის გადაყენების გეგმა ამოძრავებდათ და მითითება ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.
სკანდალური, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა წმინდა სინოდისგან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, რადგან „გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო“. საპატრიარქო აცხადებს, რომ დანარჩენი (მათ შორის - ქორეპისკოპოსობა) თავად დათმო. თუმცა მეუფე იაკობი ამბობდა, რომ სინანული მხოლოდ განცხადებების ფორმას შეეხებოდა და არა შინაარსს.
31 მაისსაც, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველთან“, ისევ გამოხატვის ფორმაზე გააკეთა აქცენტი - „გამოხატვის ფორმა იყო ძალიან ცუდი“. თქვა ასევე, რომ სამართლიანად დაისაჯა და მეტის დათმობაზეც იყო თანახმა, მაგრამ, მეუფე პეტრეს გარდა, სინოდზე ყველას მხარდაჭერა მიიღო.
„ეპისკოპოსობის დატოვებაც რომ ყოფილიყო, მზად ვიყავი - გაოგნებულები დარჩნენ - რა ყველაფერს ტოვებს ესო და პირიქით, ჩემი მხარე დაიჭირეს. ერთი პეტრე იყო... და ის საერთოდ ქრისტეს მოწინააღმდეგეც არის... მაგასაც მივხედავთ“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
ასევე ნახეთ ვის აინტერესებს და არ აინტერესებს სიმართლე?31 ოქტომბრის სინოდის განჩინების თანახმად - მეუფე პეტრე დაისაჯა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო. თავად მეუფე ამას დღემდე მხოლოდ მხილებას უწოდებს.
ყველაზე ხმამაღალი და სკანდალური განცხადებები კი - სწორედ წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გაკეთდა - „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. ასევე სკანდალური იყო მას შემდეგ გაკეთებული არაერთი სხვა განცხადებაც - ამავე თუ სხვა თემებზე.
სად არის ახლა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი? ის შიომღვიმის მონასტერშია - „რადგან არ მაქვს ღვთისმსახურების უფლება, მხოლოდ ვესწრები ღვთისმსახურებას შიომღვიმის მონასტერში და ვეზიარები“.