შუალედური არჩევნების შედეგები - ბრალდებები და პასუხები

შუალედური არჩევნები აფენის თემში

ლაგოდეხში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. ოპოზიცია ამომრჩევლის დაშინებაზე,ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ლაპარაკობს. ბრალდებებს უარყოფენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში” კი აქცენტს ძირითადად აკეთებენ საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ პარტიულ კოორდინატორებზე, რაც, იურისტ ნინო რიჟამაძის შესაფებით, „არის ამომრჩევლის ნების კონტროლი და, შესაძლოა, ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნეს, როგორც ირიბი ზეწოლა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქის აფენის თემში ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარებულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების 84,4 %-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ომარ შველიძემ. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატს, მალხაზ მელაშვილს, ხმა მისცა 14,71 %-მა და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატს, დავით ბეგლარაშვილს, 1 პროცენტზე ნაკლები აქვს. საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ამბობს, რომ არ დაწერილა საჩივრები და ამიტომ, დიდი ალბათობით, ახლანდელი მონაცემები აღარ შეიცვლება.

გიორგი ენუქიძე, ევროპული საქართველო

ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნები მოიგო ზეწოლით, ამომრჩევლის დაშინებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. „ევროპული საქართველოს“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ენუქიძის, თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სულ სხვა შედეგი დადგება და „ოცნება“ არჩევნებს წააგებს:

მთელი პარლამენტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კახეთის სუსი და პოლიცია იყო ჩართული ამ არჩევნების მოგებაში. ასევე უპრეცედენტო რაოდენობით იყვნენ მობილიზებული კოორდინატორები და ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიც აქტიურად კომუნიკაციაში იყო მათთან. ერთად არჩევდნენ სიებს, ვინ მივიდა და ვინ არ მოვიდა არჩევნებზე. ფაქტიურად, ეს იყო სერიოზული სპეცოპერაცია არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გასამარჯვებლად. ველოდებით იმას, რომ 2020 წელს სულ სხვა შედეგი დადგება და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ წააგებს საპარლამენტო არჩევნებს“.

ამომრჩეველზე ზეწოლას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიორგი ღამბაშიძე. მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები წააგო იმიტომ, რომ მათდამი ნდობა არ არსებობს, ხოლო „ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება განაპირობა სწორად დაგეგმილმა საარჩევნო კამპანიამ:

გიორგი ღამბაშიძე, ქართული ოცნება

„ყველა პოლიტიკურ ძალას და მონაწილეს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობები წარემართა წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად გამოეყენებინა ყველა ადამიანური თუ სხვა რესურსი იმისათვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა. ჩვენ ეს მიზანი გვქონდა და მივაღწიეთ - დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. არჩევნები რა არის? მხარდამჭერების მობილიზება და შეჯიბრი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ მობილიზება და ასევე ყველამ მიიღო აქტიური მონაწილეობა. ამას ვადასტურებ და ხმამაღლა ვიტყვი. გაეკეთებინათ ანალოგიური თვითონ, მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ“.

ქართული ოცნების კოორდინატორები უბანთან

შუალედური არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. ორგანიზაცია ძირითადად აქცენტს აკეთებს საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ პარტიულ კოორდინატორებზე, რაც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის, ნინო რიჟამაძის, შეფასებით, არის ამომრჩევლის ნების კონტროლი და, შესაძლოა, ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნეს, როგორც ირიბი ზეწოლა. რიჟამაძე თითქმის ამასვე ამბობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ მაღალი თანამდებობის პირებზე. ამ ვითარების შესაცვლელად „სამართლიან არჩევნებს“ მომზადებული აქვს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებასაც ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობაში:

„საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა სიებით მობილიზებული კოორდინატორები აღიქმებიან, როგორც ამომრჩეველთა ნების მაკონტროლებლები და ერთგვარად ეს პროცესი ითვლება როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი. მე როგორც მაქვს ბოლო ინფორმაცია, ამის რეგულირებას აპირებს პარლამენტი იმგვარად, რომ საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე აგიტაცია ან კოორდინატორთა მობილიზება ამ ფორმით არ არსებობდეს, როგორც დღეს არის. ამ პრაქტიკის გამოყენებაზე უარის თქმა არის მთავარი გამოსავალი. ის მომენტი, რომ როდესაც კონკრეტული პარტიის მაღალი თანამდებობის პირები თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი საარჩევნო უბანთან იმყოფებიან, ისინი ხვდებიან ამომრჩეველს და მათთან გარკვეული ინტერაქცია აქვთ, ესეც შეიძლება აღქმული იქნეს როგორც ზეწოლა“.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხის გარდა ჩატარდა ადიგენისა და მარტვილის თითო-თითო თემში. ლაგოდეხისგან განსხვავებით, ამ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს წარდგენილი კანდიდატები. შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მათ 100-პროცენტიანი მაჩვენებლით გაიმარჯვეს.