შტაინმაიერის თუ ლავროვის „ფორმულა“?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინული მხარე დაადანაშაულა დონბასის „განსაკუთრებული სტატუსის“ შესახებ „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ დოკუმენტზე დაგეგმილი ხელმოწერის ჩაშლაში, რაც, მოსკოვის თანახმად, ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ნორმანდიული ოთხეულის“ უმაღლესი დონის შეხვედრას, რასაც ძალიან ესწრაფოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ჩვენ ძალიან განაწყენებული და შეშფოთებული ვართ იმით, რაც „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე მოხდა. 11 სექტემბერს პარიზში საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლების შეხვედრაზე საკმაოდ საგნობრივი დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ კერძოდ როგორ უნდა დაეჭირა მხარი „საკონტაქტო ჯგუფს“ (კიევი, დონეცკი, ლუგანსკი, ეუთო და რუსეთი) ამ ფორმულისათვის. საბოლოო ჯამში, უკლებლივ ყველა მრჩეველი დათანხმდა, დოკუმენტზე ხელმოწერაზე. რუსეთი მიიჩნევდა, რომ („შტაინმაიერის ფორმულაზე“) ხელმომწერებიდან რომელიმეს გამორიცხვა არ გამოვიდოდა... მაგრამ ლეონიდ კუჩმამ (უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და „საკონტაქტო ჯგუფში“ კიევის წარმომადგენელმა) განაცხადა, რომ საერთოდ არ უნდა მასზე ხელის მოწერა, თორემ კიევში ახალი მაიდანი (ასე მოიხსენიებენ ანტისამათავრობო საპროტესტო აქციებს კიევში 2013-2104 წლების ნოემბერ-თებრვალში. რედ.) მოხდებაო“, - აცხადებს გაზეთ „კომერსანტთან“ ვრცელ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგი ლავროვი, რომელმაც უკრაინის ამჟამინდელი ლიდერების გასაგონად დასძინა, „თუ გამუდმებით მაიდნისკენ ვიყურეთ, ეს ნიშნავს, საკუთარი ქვეყანა ხელში ჩავუგდოთ რადიკალებს, ნეონაცისტებს და სხვა ჯურის ექსტრემისტებსო“.

რას წარმოადგენს „შტაინმაიერის ფორმულა“

არჩევნების ჩატარებას, „მინსკის შეთანხმების“ თანახმად, წინ უნდა უძღოდეს მოკონფლიქტე მხარეების მიერ მთელი რიგი უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.


გერმანელი მინისტრის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული კომპრომისული ფორმულის თანახმად, „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.

ამ ფორმულაში, რომელიც ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებობს, აღნიშნულია, რომ კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) არ გამოაქვეყნებს არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას. ანუ განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა სტანდარტის შესაბამისად.

მაგრამ არჩევნების ჩატარებას, „მინსკის შეთანხმების“ თანახმად, წინ უნდა უძღოდეს მოკონფლიქტე მხარეების მიერ მთელი რიგი უსაფრთხოების ამოცანების შესრულება, რაც „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ხელმოწერამდე კიდევ ერთხელ მოითხოვა „საკონტაქტო ჯგუფში“ კიევის წარმომადგენელმა, ლეონიდ კუჩმამ, რომლის უარყოფითი პოზიცია ზემოხსენებულ ინტერვიუში სერგეი ლავროვმა „მაიდნის“ განმეორების შიშით ახსნა.

კერძოდ, საქმე ეხება ძალთა დაშორიშორებას ზოლოტოესა და პეტროვსკის რაიონებში, რასაც, უკრანული მედიის თანახმად, სწორედ რუსული მხარე ბლოკავს.

„’შტაინმაიერის ფორმულის’ რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პუნქტების შესრულების შემთხვევაში: ცეცხლის სრული შეწყვეტა; უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ეფექტური მონიტორინგი; უკრაინის ტერიტორიიდან უცხოეთის სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის გაყვანა; ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ; უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის, უკრაინული პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობის უზრუნველყოფა და კონტროლის დაწესება რუსეთ-უკრაინის უკონტროლო საზღვრის მონაკვეთზე, რასაც მინსკის შეთანხმება და ასევე უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა დარია ოლიფერმა, „საკონტაქტო ჯგუფში“ უკრაინის წარმომადგენლის, ლეონიდ კუჩმას, პრესმდივანმა.

მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში, მართლაც, გარკვეული წინააღმდეგობაა. როგორც უკრაინის მედია იუწყებოდა ჯერ კიდევ 2 სექტემბერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ თანხმობა მისცა კიევის წარმომადგენლებს „საკონტაქტო ჯგუფში“, რომ 19 სექტემბრის შეხვედრაზე მინსკში ხელი მოეწერა „შტაინმაიერის ფორმულაზე“.

"შევთანხმდით „შტაინმაიერის ფორმულაზე“ მრჩევლების 2 სექტემბრის შეხვედრაზე და შემიძლია გითხრათ, რაზე მივეცი თანხმობა: საგანგებო სტატუსის შესახებ შეთანხმება დროებით შევიდეს ძალაში არჩევნების მომენტისთვის, საბოლოოდ კი - ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა პრისტაიკომ.

მაგრამ კიევის მზადყოფნას ხელი მოეწერა „შტაინმაიერის ფორმულისათვის“, ცხარე და უკრაინის ხელისუფლებისათვის არახელსაყრელი დისკუსიები მოჰყვა უკრაინის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში.

პეტრო პოროშენკოს მოულოდნელი განცხადება

ის, პუტინი, იღებს ფორმას, კითხულობს და მეუბნება: „არა, ეს სრულიადაც არ არის ასე. „შტაინმაიერის ფორმულა“ ჩვენთან ლავროვმა დაწერაო.
პეტრო პოროშენკო


ამ დისკუსიაში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხისათვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ინტერვიუ, რომელშიც უკრაინის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ არსებობს შეთანხმებული „შტაინმაიერის ფორმულა“ და დოკუმენტი, რომელიც ამ სახელწოდებით არის ცნობილი, პოროშენკოს მტკიცებით, სინამდვილეში არის სერგეი ლავროვის მიერ შედგენილი.

„მე ახლა პირველად მოვყვები ბერლინში პუტინს, მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და თქვენს მონა-მორჩილს შორის გამართული ბოლო შეხვედრის შესახებ. მაშინ პუტინმა მითხრა, „ჩვენ გვაქვს „შტაინმაიერის ფორმულა“, დაწერილი ლავროვის მიერო“.

მე ვეუბნები: „მაპატიეთ, მაგრამ აგერაა ორი - საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების - წერილი, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ ეს არის „შტაინმაიერის ფორმულა“. გთხოვთ, იხილოთ“.

ის, პუტინი, იღებს ფორმას, კითხულობს და მეუბნება: „არა, ეს სრულიადაც არ არის ასე. „შტაინმაიერის ფორმულა“ ჩვენთან ლავროვმა დაწერაო“, - განაცხადა ჟურნალისტთან საუბარში პეტრო პოროშენკომ, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებას ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკისათვის „განსაკუთრებული სტატუსის“ პირობების შესახებ მოლაპარაკებებში მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენით, მაგრამ არა პირიქით - ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ ეს (დონეცკი და ლუგანსკი) გადაიქცეს რუსეთის ანკლავად, ხოლო მოსკოვი თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა იარაღის ქვეშ განსაზღვრავდეს, თუ ვინ უნდა აირჩიონ ამ არჩევნებში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ყოფილი ლიდერის ამ მოულოდნელმა განცხადებამ და „შტაინმაიერის ფორმულის“ ავტორად მისმა გამოცხადებამ ძალიან გააღიზიანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც „კომერსანტთან“ ინტერვიუში პოროშენკოს სიტყვებს „პირდაპირი ტყუილი“ უწოდა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი „სისულელეების ლაპარაკში“ დაადანაშაულა.

  • 2 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ განიხილება „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერთა მომავალ შეხვედრაზე.
  • 13 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ უკრაინა ვარაუდობს ერთიანი მუნიციპალური არჩევნების გამართვას მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებულ, ტერიტორიაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინვე დაამატა, რომ ადგილობრივი არჩევნები დონბასში შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ უკრაინული კანონმდებლობით და მას შემდეგ, რაც ტერიტორიას დატოვებენ რუსეთის ჯარები.
  • 19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან გაიმართა მიტინგი, მოწოდებით, რომ ხელისუფლება არ დაეთანხმოს მინსკის შეთანხმების იმპლიმენტაციას „შტაინმაიერის ფორმულით“.
  • 21 სექტემბერს ზელენსკის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა, განაცხადა, რომ დონბასში ვითარების დარეგულირების შესახებ ‘შტაინმაიერის ფორმულა“ საფუძვლად დაედება იმ კანონპროექტს, რომელსაც საჯარო განხილვაზე გამოიტანენ.