შსს შეისწავლის აკინის ფილმში შესაძლო პორნოგრაფიის ნიშნებს

შსს შეისწავლის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვას ლევან აკინის ფილმზე, - განცხადება ამის შესახებ გააკეთა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა: „მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი განცხადებით, ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენების გადადებას მოითხოვს იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.